დედა, დაგეძებ! - კვირის პალიტრა

დედა, დაგეძებ!

ძალიან ცოტაა ამქვეყნად სიტყვები, რომელიც ადამიანს ისე შეუძრავს გულს, როგორც ეს - "მას დედა არ ჰყავს". ვინ იცის, ახალგაზრდა ქალის ამ ბარათმა შეძლოს მისი ტკივილის დაამება.

თუ ამ წერილს დამიბეჭდავთ, სამუდამოდ თქვენზე მლოცველი დავრჩები. მე თამარ თუთბერიძე ვარ, 1980 წლის 20 თებერვალს დაბადებული. მხოლოდ ეს ვიცი ჩემი წარსულის შესახებ და კიდევ ის, რომ დედას გულო ჰქვია, მამას - გიორგი. დანარჩენი ყველაფერი იმ ბავშვთა სახლთან არის დაკავშირებული, რომელმაც გამზარდა.

სამტრედიის ბავშვთა სახლში სამი თვისა ჩავუბარებივარ ვიღაცას. აღმზრდელები ჩემთვის ყველაფერი იყვნენ და არიან, თუმცაღა, მაინც არ ყოფილა დღე, რომ დედაზე არ მეფიქროს. იქნებ სადმე დადის ქალი, რომელიც თავის შვილს დაეძებს და ეს მე ვარ-მეთქი.

ვნატრობ, - ღმერთო, შემახვედრე ამ ქალს და თუ გინდა, მერე მომკალი, გული არაფერზე დამწყდება. მაგრამ ეს ოცნება არ ამიხდა. ახლა გიგზავნით ჩემს ფოტოს და გევედრებით, დაბეჭდოთ, - იქნებ ვინმემ დაინახოს მსგავსება ჩემს და ჩემს დედ-მამას შორის და ჩემი ამბავი შემატყობინოს. გემუდარებით, უარი არ მითხრათ.

თამარ თუთბერიძე

ასეთ თხოვნაზე უარის თქმა როგორ შეიძლება. სასწაულები მართლაც ხდება და იქნებ თამარს დედა ამ წერილმა აპოვნინოს. გულმა არ მოგვითმინა და თამარს დავურეკეთ:

- თამარ, ძალიან გაგიჭირდა, ალბათ როცა საბავშვო სახლის წლები დამთავრდა...

- ძალიან. არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. არაფერი მქონდა. მაგრამ რაც უნდა ძნელი იყოს ცხოვრება, კეთილი ადამიანი მაინც შეგხვდება. მეც შემხვდა. სამტრედიის გამგეობაში ავთანდილ სტურუა, კობა კანდელაკი და ნათია კორძაძე დამეხმარნენ, ბინა რომ მიმეღო. დაწერთ ამ გვარებს?

- აუცილებლად. არც ის იცი, საბავშვო სახლში ვინ ჩაგაბარა?

- არ ვიცი. საბავშვო სახლში ამის შესახებ არაფერი მითხრეს. ვინ იცის, იქნებ მან, ვინც ჩამაბარა, თავის შესახებ არც არაფერი თქვა. საბავშვო სახლში მხოლოდ ეს მითხრეს, - დედაშენი ავად იყო და აქ იმიტომ მოგიყვანესო. მას შემდეგ, სადაც შემეძლო, ვეძებდი ჩემს ოჯახს, მაგრამ ამაოდ. არქივშიც ვიყავი, რომ ის სამშობიარო სახლი მაინც გამეგო, სადაც დავიბადე. მითხრეს, - მონაცემების მოცემის უფლება არ გვაქვსო.

- ახლა როგორ ცხოვრობ?

- უბრალოდ. ფულისთვის ხელს არავის ვუწვდი, ვშრომობ, სამტრედიის ბაზარში გამყიდველი ვარ.

- ჰოდა, შენც გაგიღიმებს ბედი, შენც გახდები დედა და იქნებ სჯობს მოიშორო ის ტვირთი, რომ ვიღაცამ მიგატოვა, ამაზე აღარ იფიქრო.

- აუცილებლად უნდა გავარკვიო, რატომ მიმატოვეს. იქნებ ძალით დაათმობინეს დედაჩემს ჩემი თავი. ვინ იცის, ახლა ძალიან ვჭირდები, რომ იცოდეს, როგორ ველოდები, აუცილებლად მომძებნიდა, მაგრამ თუ ამ სურათით ამომიცნო და არ მომაკითხა ე.ი. არ ვაინტერესებ. ჰოდა, მეც გავაგრძელებ ცხოვრებას. აქამდეც ხომ მარტო მიცხოვრია.

P.S. გულწრფელად გვინდა თამარმა თავის ოჯახს მიაგნოს. ასე რომ, თუკი ვინმე ამ ფოტოსა და ამბავთან რაიმე მსგავსებას იპოვის, ვთხოვთ, აუცილებლად დაგვიკავშირდეს.