გროშებშიც წილში გვიდგებით?! - კვირის პალიტრა

გროშებშიც წილში გვიდგებით?!

ეს ჩვენი მეგობრების წერილია. აი, როგორ წაუვიდა საქმე იმ ხალხს, რომლებიც თავისი მონური შრომით მილიონებს მატებდა საქართველოს ბიუჯეტს, ყველაზე მძიმე წლებში კი  "კვირის პალიტრის" სახელზეც ათეულობით კილოგრამ ტვირთს გზავნიდნენ დევნილი და ობოლი ბავშვებისთვის.

ძვირფასო "კვირის პალიტრავ", გთხოვთ, გაგვირკვიოთ, რატომ დააწესა საქართველოს ხელისუფლებამ უსაშველო გადასახადები ჩვენ მიერ წლების განმავლობაში ნაგროვებ თუ ნაჩუქარ ძველ ტანსაცმელსა და ოჯახისთვის აუცილებელი ნივთების გამოგზავნაზე?

რა ვქნათ, ყველაფერი გადავყაროთ, რასაც უცხოეთში წვალებით ვშოულობთ? იმის მაგივრად, რომ გაეთვალისწინებინათ ჩვენი მდგომარეობა, ხელს რატომ გვიშლიან? ემიგრანტობა და სხვის მიწაზე მოახლედ ყოფნა არ გვეყოფა, რომ გასამრჯელოდ აღებულ გროშებშიც "წილში გვიდგებიან"?! ჩვენ ხომ ჩვენი ოჯახების გარდა, სხვებსაც ვუწვდით ხელს! საბერძნეთიდან მომავალ ავტობუსებს ვატანდით ბარგს. მათ ჩვენი გზავნილები დაუბრკოლებლად და უდანაკარგოდ მიჰქონდათ ადრესატამდე, ახლა კი საქართველოს საბაჟომ ჩვენს გამოგზავნილ, მეორადი მოხმარების ტვირთზე იმდენი ბაჟი დააწესა, რომ გამოგზავნას აზრი აღარ აქვს.

ძვირფასო "კვირის პალიტრავ", ჩვენო ერთადერთო ნუგეშო, ეგებ მიმართოთ ჩვენს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჩვენი ტანჯვა და გააუქმოს ის უზარმაზარი გადასახადები, რომელიც ხელ-ფეხს გვიბორკავს და გზას გვიკეტავს ჩვენი ოჯახებისაკენ.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

წერილის წაკითხვის შემდეგ საბერძნეთში ერთ ემიგრანტს დავუკავშირდით.

ქეთევან უთმელიძე: - უცხოეთში გადახვეწილებს ისღა გვგვრიდა შვებას, რომ ჩვენიანებს (ღმერთმა იცის, რამდენი გაჭირვებული ქართველისთვისაც გაგვიწვდია ხელი)  რაიმეს გავუგზავნიდით. მოგეხსენებათ, საბერძნეთში საქართველოდან ასი ათასი კაცი მაინც არის ჩამოსული და ბევრის ახლობელს საქართველოში ჩასაცმელ-დასახურის ყიდვა უჭირს. სწორედ ამ ხალხისთვის ვაგროვებდით მეორადი იქნებოდა, თუ გაიაფებული საქონელი და ავტობუსებით ვგზავნიდით საქართველოში.

მათ, მგზავრების გადაყვანასთან ერთად ჩვენი ტვირთიც მოჰქონდათ. ერთ კილოგრამში ერთ ევროს ვუხდიდით. ახლა კი ტვირთის წამოღებაზე უარი გვითხრეს, ან რა ექნათ, - საქართველოს საბაჟოზე ამ ტვირთს  ჩვენი მებაჟეები გადმოალაგებინებენ და კილოს 6 ევროდ ანბაჟებენ.

- თუ მაინც წვალობთ, არ სჯობია სამშობლოში დაბრუნდეთ?

-  თუ ვინმეს ჰგონია, აქ სიამოვნებით ვჩერდებით, ძალიან ცდება. ემიგრანტთა უმეტესობა უკვე სამოც წელსაა გადაცილებული და სხვა თუ არაფერი, უცხო მიწაზე სიკვდილისა ეშინია, მაგრამ შვილებს რა ვუყოთ. ჩემი ქალიშვილი აქამდე მეხვეწებოდა, - ჩამოდი, დედა, ბავშვებს დაავიწყდიო, ახლა მემუდარება, - თუ გიყვარვარ, ცოტა ხანს მოითმინეო. აბა, უჩემოდ რას იზამს, სამი სტუდენტი შვილი ჰყავს, ქმარი, - ომის ინვალიდი,  უხელო.

თვითონ დილას რომ დაიწყებს, ღამე ამთავრებს მუშაობას და დღეში მხოლოდ ხუთ ლარს იღებს... და წარმოიდგინეთ, მაინც ბევრი დგას გზაზე, ბევრს უნდა  შინ დაბრუნდეს.

ჩემი ვაჟიც  მათ რიცხვშია, ის აქ ოჯახით ცხოვრობს, მაგრამ რომ იფიქრებს, ყველაფერში, რაც აქ შეიძინა, საქართველოს საზღვარზე სისხლის ფასს დაატოვებინებენ, გიჟდება. ამას წინათ რუსთავში დაბრუნდა ცოლ-ქმარი მცირეწლოვანი ბავშვით და ჩვენს საბაჟოზე ბავშვის ნახმარი საცვლებიანად ყველაფერი განუბაჟეს.

ვერ გადაიხადა და ყველაფერი ფოთში დატოვა. სამშობლოზე გაბუტვა არ შეიძლება, მაგრამ მეეჭვება, რომ ჩემი სამშობლო თავის ხელისუფლებას ამგვარ ქმედებებში მხარს უჭერდეს. რატომ არ ფიქრობენ, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი შეიძლება უკან მიუბრუნდეთ?!