მიშა, შვილო, სამეგრელო რატომ დაივიწყე! - კვირის პალიტრა

მიშა, შვილო, სამეგრელო რატომ დაივიწყე!

"ამდენი ხანია, პრეზიდენტი ხარ, მაგრამ სიკეთე რომ არ დაგვეტყო?!"

"თუ ორმოცი წლის კაცი ბებერია, მაშინ პენსია ხომ უნდა ჰქონდეს?"

ძნელია სულ გაჭირვებაზე საუბარი, მაგრამ რომ არ გავიხსენოთ, არც ის გამოდის, - მოსვენებას ვერ მივცემთ მათ, ვისაც გაჭირვების აღმოფხვრა ევალება და ყურს უყრუებს.

მიშა, შვილო, სამეგრელოდან გწერ ამ წერილს. რატომ დაგვივიწყე. არ გახსოვს, რა სიხარულით შევხვდით შენს გაპრეზიდენტებას და აქეთ ჩამობრძანებას? ჩხოროწყუში რომ გნახეთ, ვთქვით: - გავკეთდით, აწი რაღა გვიჭირს, რა საყვარელი ბიჭი მოდის პრეზიდენტადო. მანქანით რომ შემოგრიალდი, ყველანი ქუჩაში შეგეგებეთ, გლოცავდით, შორიდან გეფერებოდით.

ახლა კი, ამდენი ხანია, პრეზიდენტი ბრძანდები, მაგრამ სიკეთე არაფერი დაგვეტყო, სენაკიდან ჩხოროწყუმდე გზა ხომ გავაკეთეო, - ტელევიზორით შემოგვითვალე. თუ გააკეთეთ, ბილეთი 70 თეთრი რომ ღირდა, ახლა 3 ლარია. სენაკელი ვარ და ჩხოროწყუდან მამისეულ სახლში ვერ წავსულვარ უფულობის გამო.

ყველაფერი კარგია - შადრევნები, მინის ხიდები, სასტუმროები, მაგრამ შენ რა იცი, შვილო, მშიერი ხალხისთვის რა სანერვიულოა მათი ყურება! ახლა აიჩემე, შავი ზღვის მარგალიტს - ანაკლიას ვაშენებო. ღმერთმა აგაშენებინოს და დაგამშვენებინოს, შვილო, მაგრამ მე რა მინდა იმ მარგალიტში, მზეზე წამოვწვები, თუ ჩემი ბებერი სახსრებით ზღვაში ყვინთვას დავიწყებ?! წამალი მჭირდება და ვერ ვყიდულობ, პური მჭირდება, შვილო, მიშა და ჩემი პენსია არ მყოფნის პურის საყიდლად.

მთელ სამეგრელოს იმ ანაკლიის სასტუმროებში ხომ არ უპირებ დასაქმებას "პოვრებად" და ოფიციანტებად? თუ არადა, რას უშვრები ამდენ უმუშევარ ხალხს? რა იქნებოდა, მთავრობას გადასახადებით არ გაეტყავებინა ხალხი და ვინმეს მაინც გაებედა ჩხოროწყუში კალოშების ან ცელოფანების ჭიჭე (პაწია) ფაბრიკა მაინც ან სხვა რამე გაეხსნა, მშიერი ხალხი რომ დასაქმებულიყო. არ გვყოფნის 90 ლარი პენსია, 40 წლის ზევით სამუშაოზე არ იღებენ ხალხს, თუ სადმე გამოჩნდა სამუშაო. მაშინ 40 წლისას დაუნიშნე პენსია. გეკითხები, თუ ორმოცი წლის კაცი ბებერია, მაშინ პენსია ხომ უნდა ჰქონდეს?

შენც ხომ გახდი ორმოცი წლის, შვილო, მიშა, მაშინ შენ რატომ არ ანებებ თავს სამუშაოს? თუ არადა, გვირჩიე მაინც, რა ვქნათ. ამ რამდენიმე ხნის წინ შვილს ვურჩიე, სენაკში წადი, ხალიჩების კომბინატში 2000 კაცი მუშაობს და იქნებ გვეშველოს-მეთქი, მაგრამ თურმე, საქმეში ხარ? ის ქარხანაც დაუნგრევიათ! ამას რავა ვიფიქრებდი, საქართველოს ერთადერთი სიამაყე, ქართული ხალიჩა რომ მოისპობოდა, თურმე ეროვნულ ხალიჩას აწი ვერ ნახავს მომავალი თაობა.

შვილო, მიშა, მოუცლელი ხარ და ბევრი რამის შეხსენება გჭირდება, ახლა ხომ გითხარი და გაგახსენე ჩვენი ამბავი და იქნება ჩვენთვისაც მოიცალო ერთხელ, საზღვარგარეთიდან რომ ჩამოფრინდები.

ლიანა ჩხოლარია, დაბა ჩხოროწყუ