მიწის ძახილი - კვირის პალიტრა

მიწის ძახილი

"უცხოეთში გადაკარგული სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს, რადგან ამაოა სხვაგან ქართველის ბედნიერება"

ქართველს თავისი მიწის ძახილი მოსვენებას არსად აძლევს. ოზურგეთში, შემოქმედის ეკლესიაში ამ ძახილს გამოყოლილი კაცის საფლავია.

პატივცემულო რედაქციავ, მოგვიანებით გწერთ, მაგრამ სოფელში იმდენი საქმეა, მოსაწერად ვერ მოვიცალე. თანაც, ეს თემა არასოდეს გახუნდება. მადლობას გიხდით, რომ "კვირის პალიტრის" ფოსტაში ჩვენს თანასოფლელ ძმებზე, ლევან, ნიკოლოზ (კოკოშა) და დავით  ჩხატარაშვილებზე წავიკითხეთ. ყველამ კარგად ვიცოდით მათი ამბავი - დიდებული ქართველები იყვნენ. ამ სამი ძმიდან ერთი მეორე მსოფლიო ომმა ამერიკაში გადაისროლა და ანდერძი დატოვა, - რაც უნდა გაგიჭირდეთ, ჩემს სოფელში, შემოქმედში წამასვენეთო; მეორე, კოკოშა, შუა აზიაში გადაასახლეს, თქვენც წერდით, - მისი თავგადასავალი კაცს გულგრილს ვერ დატოვებსო.

"კვირის პალიტრაში" რამდენჯერაც წავიკითხავდით შუა აზიიდან კოკოშას "ჩამოტანილ" ლექსს, ცრემლს ვერ ვიკავებდით. მადლობელი ვართ იმ ადამიანისა, ვინც ძმების ამბავი ხალხს უამბო. მათი გვარი თენიეშვილი კი არა, ჩხატარაშვილია - ალბათ ეს უნებლიე შეცდომაა (რის გამოც ბოდიშს ვუხდით ჩხატარაშვილების ოჯახს და მკითხველს).

დავით ჩხატარაშვილის შვილები ამერიკელები არიან, მისი ანდერძი, შემოქმედში, - ჩემს სოფელში დამკრძალონო, ძმისშვილმა, მერაბ ჩხატარაშვილმა ისე უხმაუროდ აღასრულა, არავინ შეუწუხებია, - კარგი ქართველების შთამომავალი თავადაც კარგი გამოდგა, უცხო მიწაში არ დატოვა ბიძის ნეშტი. თანაც, ჩვენ ხომ სულ გვესმის წინაპრის ძახილი - ალბათ იცოდა ბატონმა მერაბმა, რომ ეს ძახილი არ მოასვენებდა, სანამ ბიძის ანდერძს არ აღასრულებდა.

საქართველოს პატრიარქმა კი ეს ჩინებული ქართველი (აბა, რა ჰქვია კაცს, გამუდმებით რომ მონატრება ხრავს) შემოქმედის ეკლესიის გალავანში დააკრძალვინა - ბრძენია ჩვენი პატრიარქი:

ეს საფლავი არის სიმბოლო. ტყუილად გვგონია, უცხოეთში ვინმე ცხოვრებას ისე აიწყობს, სიმშვიდეს მოიპოვებს, რადგან ამაოა სხვაგან ქართველის ბედნიერება, ფესვები აუცილებლად დაუძახებს.

გახსოვთ ფილმი "ფესვები"? აი, ასეთი იყო დავით ჩხატარაშვილის დაკრძალვა შემოქმედში, მთელმა სოფელმა დავიტირეთ, ათეული წლების შემდეგ ისევ თავისმა სოფელმა არ დაინანა თავისი სისხლისა და ხორცისთვის ცრემლი და მისი საფლავი გულში ჩაიკრა...

აი, ეს გვინდოდა გვეთქვა და დავით ჩხატარაშვილის საფლავის ფოტოც გამოგვეგზავნა...

პატივისცემით, გულნარა ქადეიშვილი

KvirisPalitra.GeP.S. გულწრფელად ვუხდით მადლობას ქალბატონ გულნარას ამ წერილისათვის. იმასაც დავამატებთ, რომ სიამოვნებით გავიცანით დავით ჩხატარაშვილის ძმისშვილი, ცნობილი ექიმი,  ბატონი მერაბ ჩხატარაშვილი და ვკითხეთ, რა განცდა გქონდათ, როცა პირველად ამერიკაში დაკარგული ბიძა ნახეთ-მეთქი.

- თავად მიმიწვია ამერიკაში, რომ ჩავედი, დამხვდურთა შორის ერთი კაცი დავინახე... იდგა მაღალი, ლამაზი... მაშინვე ვიცანი - ბიძაჩემი იყო! მანაც მაშინვე მიცნო, იმდენ ხალხში გამომარჩია. ეს არის სისხლი.

- თქვენ რატომ აგარჩიათ ანდერძის შემსრულებლად?

- ვიღაც ხომ უნდა აერჩია...

- ამოისუნთქეთ?

- აბა, რა. ის კი არა, მეც კი, თბილისში ვცხოვრობ და ხანდახან ისე მეძახის ჩემი სოფელი, გული მიჩერდება ხოლმე. ამიტომ მინდა ასე ძალიან იქ სახლის აშენება.

P.S. Pღმერთმა სახლიც აგაშენებინოთ და თავადაც აგაშენოთ, ბატონო მერაბ!