აღმართში დაწეული ქვები - კვირის პალიტრა

აღმართში დაწეული ქვები

ხომ იცით, ქვა აღმართში ვის ეწევა? ჰოდა, ამჯერად ძველი თბილისის მცხოვრებლებს დაეწია და სადაც არის, გაუსწრებს კიდეც. რატომ? აი:

ძვირფასო რედაქციავ, არაერთხელ გამოგვიცდია: როცა რაიმე პრობლემა გვაქვს, ყველა დაწესებულებაში, რომელსაც მისი მოგვარება ევალება, ჩვენთვის კარი ისე დაცხრაკლიტულდება, წიქარაც ვერ შეანგრევს.

ძველთბილისური ეზოები ისეთ დღეში ჩავცვივდით, ისედაც ჩამოსანგრევად გამზადებული სახლების ჭერი ლამის თავზე ჩამოგვენგრეს. რასაკვირველია, გეცოდინებათ ჩვენი მთავრობის "რეფორმისტული" გადაწყვეტილება, - ვინც წყლის ან დასუფთავების გადასახადს ვერ გადაიხდის, ელექტროენერგია გაეთიშებაო. ძალა აღმართს ხნავს და დარბის წლების გადასახადებით დავალიანებული ღარიბ-ღატაკი ხალხი, რომ ამჯერად თუნდაც პროცენტიანი ვალი აიღონ და გადასახადები დაფარონ. მაგრამ ჩვენ, ქალაქური ეზოების მოსახლეობას, პროცენტიანი ვალიც ვერ გვიხსნის დაბნელებისგან - ვერ აუვალთ, იმდენი ადამიანი გვყავს თითოეულ ბინაში ჩაწერილი.

მავანი ბრძანებს, - ახია თქვენზე, ეს საკითხი რომ აქამდე ვერ მოაგვარეთო. მართალიც იქნება. როგორ მოგვეგვარებინა, როცა გვეუბნებოდნენ, ბინიდან ვერ ამოვწერთ კაცს, თუ მისი ნებართვა არ იქნებაო. საიდან მოგვეტანა ეს ნებართვა, როცა ჩვენთან ჩაწერილი ხალხის უმეტესობა უცხოეთშია გადახვეწილი? ჰოდა, რეესტრს მივადექით დასახმარებლად. ცივი უარით გამოგვისტუმრეს - კანონი არ არის, ვერ ამოვწერთო.

მოკლედ, ისე გაგვიხდა საქმე, ჩვენ თვითონ უნდა ამოვეწეროთ და გადავიხვეწოთ ჩვენი სახლებიდან, თორემ სხვების ნაცვლად კი არა, საკუთარ გადასახადებსაც ძლივს ვფარავთ. გემუდარებით, ისევ თქვენ გვიშველეთ, ჩვენო "კვირის პალიტრავ". იქნებ რამე გზა გამოიძებნოს, რომ ამ მძიმე ტვირთისგან თავი გამოვიხსნათ.

თამარ ნარიმანიძე