"ყველაფერი ჩვენი დაუდევრობისა და უყურადღებობის შედეგია!” - კვირის პალიტრა

"ყველაფერი ჩვენი დაუდევრობისა და უყურადღებობის შედეგია!”

"არხეინი ხალხი ვართ ქართველები"

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ახლა ჩვენი უახლოესი მეზობლები აჯიკას ითვისებენ, - ამ წერილის ავტორისთვის ეს თემა ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე გახდა ცნობილი. სხვათა შორის, წერილი ჩვენც ბევრ ისეთ რამეს გაგვაგებინებს, რაც არც კი დაგვესიზმრებოდა.

ქართველები ვერაფერს მოვუხერხებთ იმას, რომ მიტაცება და ყველაფერზე "ჩემია-ჩემიას" ძახილი, ზოგიერთ ჩვენს ძმას (ამჯერად სომხებს და აფხაზებს ვგულისხმობ) ჩვევად აქვს, მაგრამ ის ნამდვილად შეგვიძლია, რომ პრესითა თუ კონფერენციებზე, რაც ისტორიულად ჩვენია, თავგანწირულად დავიცვათ. თავგანწირულად-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ასე ნელ-ნელა ყველაფრის შემოფანტვა ჭკუათამყოფელი კაცისათვის ძალზე საშიში გახლავთ საკუთარი იდენტურობის დაკარგვის თვალსაზრისით. მათ შორისაა ჩვენი კულინარია, რომელზეც, პირადად მე, უკვე მრავალი წელია გავიძახი, რომ დასაცავი გვიხდება.

ჩვენი ძველი ნაცნობი ერები თუ ახალშემოსული უცხოელები, როცა ყურზე გვძინავს, წიგნებს წერენ იმაზე, როგორ შექმნეს მათმა წინაპრებმა მაწონი და საცივი. ტყემლის ამბავი ხომ ისედაც ბევრმა ვიცით, - უკვე რამდენი ხანია მისი ბიზნესი ცნობილი რუსული არხის ცნობილმა ქალბატონმა წამოიწყო, რომელსაც მაშინ ეროვნებით სომეხი თბილისელი მეუღლე ჰყავდა. მართალია, ეს ცოლ-ქმარი დღეს ერთად აღარ ცხოვრობს, მაგრამ მერე რა, დაპატენტებული ტყემლით ისინი მთელ რუსეთსა და ევროპას დღესაც ამარაგებენ. ახლა იგივე ემუქრება ჩვენს აჯიკასაც. გული კიდევ ერთხელ დამეწვა, როდესაც გაზეთ "ყველა სიახლეში" წავიკითხე წერილი სათაურით "აჯიკის ოკუპაცია".

როგორც ავტორი წერს: "რუსებმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია არ იკმარეს და ახლა აჯიკაც მიითვისეს, - ქართულ აჯიკას დააწერეს Adgika Russische Kuche (რუსული სამზარეულო). ანუ, ეს ჩვენი, რუსების მიერ შექმნილი ეროვნული პროდუქტიაო". ეს მაშინ, როცა საქართველოში ჯერ კიდევ როდის იქმნებოდა პონტოს მეფე აიეტის დის, ჰეკატეს, მედეას დის, ცირცეს და თვით მედეას სასწაულმოქმედი მცენარეული რეცეპტები.

ამას ემატება ჩვენს წელთაღრიცხვამდე I და II საუკუნეებში მითრიდატე V-ისა და მითრიდატე VI-ის დროს თავმოყრილი მასალები. სწორედ მითრიდატე VI პონტოელი ათავსებდა თავისი ქვეყნის ხალხურ მედიცინას იმდროინდელი კლასიკური "მეცნიერული მედიცინის გვერდით". და ერთიც: შემდგომში ზაზა ფანასკერტელმა სწორედ "მითრიდატეებიდან" წამოიღო "თეთრი პილპილისა" და "პილპილი შავის" სახელი და სასწაულმოქმედ ბალახად მოიხსენია, - ამ სასწაულმოქმედ ბალახეულს თავად მითრიდატე პონტოელი იყენებდაო. და ერთიც: როცა სხვა ნადავლთან ერთად პომპეუსის სასახლის კარზე გადაიტანეს მითრიდატეს სამედიცინო წიგნები, პომპეუსმა თავის მწიგნობარს უბრძანა, ეს წიგნები ეთარგმნა.

ზაზა ფანასკერტელი ტყუილად არ მიხსენებია, - ეს უდიდესი ქართველი აქიმი ტყუილად არაფერს იქმოდა, - დიახ, პილპილი არა მხოლოდ გემოს დამამშვენებელი, არამედ მნიშვნელოვანი სამკურნალო მცენარე გახლავთ და მასთან ერთად ჩვენი აჯიკაც. V და IV საუკუნეებში პონტოს სამეფოში, ძველ კოლხეთში, პილპილის (სხვა ცხარე სანელებელ-საკაზმებთან და სამკურნალო მცენარეებთან ერთად) გარეშე არც სადილობდნენ და, რაც უნდა საკვირველი იყოს, არც დადიოდნენ. აი, რას წერს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი დასავლეთ საქართველოში წიწაკის მოხმარების აუცილებლობაზე:

მის "დიდებულებს აქვთ ოთხი თითის სიფართის ვერცხლის ფირფიტებით შემკობილი ტყავის ქამარი, რომელზედაც ჰკიდია დანა, სალესი ქვა, კვესი და სამი ტყავის ქისა - ერთში მარილია, მეორეში პილპილი, მესამეში სადგისი, ნემსი და ძაფი"... თანამედროვე უცხოელ "ჟამთააღმწერლებში" კი კიდევ კარგი, ამერიკელი პრივატ-დოცენტი ქალბატონი დარა გოლდშტეინი მოგვევლინა მაშველად - მისი წიგნი, "ქართული კერძები", აშშ-ის 2005 წლის საუკეთესო გამოცემად აღიარეს და ოქროს მედლით დააჯილდოეს.

ასე რომ, თუ ვინმე თუნდაც გაიფიქრებს, ესღა გვაკლდა, ახლა აჯიკაზე ვიდავოთო, მივუგებ, - კვების კულტურა ჩვენი კულტურის ნაწილი გახლავთ და უნდა ვიდავოთ კი არა, უნდა ვიბრძოლოთ, რომ არავინ დაითავისოს.

და ერთიც: სწავლულები ამტკიცებენ, რომ 21-ე საუკუნის მკურნალობის მთავარი მიმართულება ფიტოთერაპია იქნება და ასეც არის, - ადამიანები დაიღალნენ ქიმიური და ფარმაცევტული მედიკამენტებით სასწაულის მოხდენის მოლოდინით, ხსნა ბუნებრივ ბალახ-მცენარეებში, საკაზმ-სანელებლებში, "ტყის ნობათში", ქართული ზვრებისა და მთა-ბარის სიმდიდრეშია. აკი გენიალური ვაჟა გვასწავლის: "თურმე ზნედა სჭირთ ყვავილთა, ოღონდ ეწამლონ სნეულთა".

ჰოდა, მოდი, ამ წამალსა და ჩვენი სუფრის მშვენებას ასე იოლად ნურავის დავუთმობთ.

აკადემიკოსი შალვა ლობჟანიძე