"ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყანაა! - კვირის პალიტრა

"ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყანაა!

- არ გაგიგონიათ, ჰალსტუხიანო ყმაწვილებო?!"

ახსოვთ მურმან ლებანიძე: "ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი ცარიელა, ეს პარტახი საიგავო, მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი, სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს!". ამას რა დაგვავიწყებს, თვალწინ დაგვიდგა, რაც აქ წერია. სამწუხაროდ, იქნებ კიდევ ბევრჯერ დაგვიდგეს, ვიდრე ის დრო არ მოვა, როცა ქვეყანაზე ფიქრი მთელ ქართველ ერს, თავის მთავრობიან-ხალხიანად, ძილშიც არ მოასვენებს და საქვეყნო საქმეს არ გააკეთებინებს.

იტყვით, როდისღაო? ეს არც ჩვენ ვიცით, მაგრამ გულში დაგუბებული ისეთი საქვეყნო დარდი, რომელიც ამ წერილშია, ახლა უკვე ბევრ ქართველს დასდევს თან და მოვა დრო, როცა ხელისუფლებას აიძულებს, ამ დარდმა თავისი გზა ნახოს.

ძვირფასო "კვირის პალიტრავ", უკვე რამდენი ხანია, ქვეყნის სატკივარზე თქვენთან დაბეჭდილი წერილები აღარ მასვენებს, განსაკუთრებით - სოფელზე. მტრისგან მიტაცებული მიწა და მისი მოსაზღვრე სოფლების მდგომარეობა მადარდებს. ჩემი ბავშვობის საყვარელი ქართლის სოფლებია: ატოცი, წერონისი, ავლევი, კნოლევი და ბრეძა, მათი კუთხე-კუნჭული ფეხით მაქვს შემოვლილი. ამ სოფლებშია ჩემი ქვეყნის მფარველი უძველესი სალოცავები, რომელთაც მთელი საქართველოდან დღესაც ეახლებიან სალოცავად. ამ სოფლების ნაყოფიერი მიწებიდან (ზოგან სარწყავი) მიღებული მოსავლით სარჩო არ აკლდა გამრჯე მოსახლეობას.

კარგი ხოდაბუნები ჰქონდათ და უკეთესი უნდოდათ, ამიტომ ითხოვდნენ სარწყავი არხის გაყვანას. ეს სურვილი მათ 1987 წელს კომუნისტურმა მთავრობამ აუსრულა, - მექანიკურად წყლის აქაჩვით ტაშისკარის არხიდან მაცოცხლებელი მტკვრის წყალი მიეწოდებოდა ზემო ქართლის მთა-ველს (სამწუხაროდ, ეს სარწყავი სისტემა ამჟამად აღარ არსებობს).

აგვისტოს ომამდეც კი ამ სოფლებში ცხოვრება დუღდა... ქართველები და ოსები კეთილმეზობლობით, ურთიერთპატივისცემით ატარებდნენ დროებას. არასდროს ყოფილა მათ შორის გარჩევა - შენ ოსი ხარ და შენ - ქართველიო. ასე იყო ოსურ სოფლებშიც ქართველების მიმართ. ამას ვერ გეტყვით ქალაქ ცხინვალზე. როგორც ცნობილია, გასაბჭოებამდე ცხინვალში ორიოდე ოსური ოჯახი ცხოვრობდა. მერე და მერე შემოვიდნენ ჩრდილოეთ ოსეთიდან გარუსებული ოსები და ცხინვალიც ბოროტების ბუდედ იქცა.

რაც იქ მოხდა, ეს უფრო პოლიტიკოსების საქმეა, ჩემი აღშფოთების მიზეზი კი სახელმწიფოს დღევანდელი ახალგაზრდა მოხელეების გულცივობა და უყურადღებობა გახლავთ. "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო", როგორ ვიფიქრებდი, რომ ინგლისურად მოჭიკჭიკე ჭაბუკები ძველ ანდაზებს გამოიყენებდნენ გზის მანათობლად სახელმწიფო სამსახურში? მაშ, რას მივაწეროთ ის, რომ სოფლის სატკივარი მძინარეთ კარგი ბალიშ-ბუმბულივით აქვთ სასთუმლად ამოდებული.

ჩვენს დაცარიელებულ და უპატრონოდ მიტოვებულ სოფლებს კი მტერი კვლავ წასაგლეჯად უთვალთვალებს. სოფლებში აღარც ახალგაზრდობა ჩერდება... ან რა ქნან ახალგაზრდებმა, თუ სოფლად მიწათმოქმედება, სოფლის მეურნეობის სხვა დარგები არ ვითარდება?

ჯიბეგამოფხეკილები პროცენტების შიშით ვერც დამაქცევარ კრედიტებს იღებენ, რათა მიწა დაამუშაონ. ან რომელი მიწა დაამუშაონ, როცა სარწყავი არხების ნასახი აღარ არის და ისედაც ცხელი ზაფხული მიწაში ჩაგდებულ თესლსაც კი მოუხრუკავს? რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ სოფლებიდან ახალგაზრდობის გადინების შეჩერება მხოლოდ სოფლის მეურნეობის აღორძინებას შეუძლია.

ჩემო ძვირფასო, ბალიშ-ბუმბულზე მიძინებულო ახალგაზრდა მთავრობავ! ქვეყნის ძლიერება მარტო ერთეული ქალაქი როდია, არამედ სოფლები. ამიტომ მხოლოდ მთისა და ბარის თავგამოდებული მოსიყვარულე კაცი თუ შეძლებს ჩვენი ქვეყნის აღორძინებას და თუ სოფელი გაძლიერდება, სიღატაკეც დამარცხდება და არც გაჭირვებულები გვეყოლება. ჯერჯერობით კი მათგან "არსაიდან ხმა, არსით ძახილი" არ ისმის.

მერწმუნეთ, თუ ამ ხმას გავიგონებთ და ამ ჰალსტუხიან ყმაწვილებს სოფლისთვის შრომაში ხელებს დავაკაპიწებინებთ  - მხცოვანი კაცი ვარ და დამეჯერება - აღარაფერი გაგვიჭირდება!

ალექსანდრე მიმინოშვილი, დამსახურებული მელიორატორი-ინჟინერი