სანამ შვილიშვილები ბაბუებზე წერენ - კვირის პალიტრა

სანამ შვილიშვილები ბაბუებზე წერენ

"ერთხელ ბაბუმ თქვა, ცოცხლად დამარხული მგონია თავიო"

ამბობენ, 21-ე საუკუნეში ადამიანები გრძნობებს განზე გასწევენ და მის ადგილს პრაგმატულობასა და ანგარიშიანობას დაუთმობენო. მაგრამ საუკუნის ათი წელიწადი უკვე გავიდა და აგერ, შვილიშვილებს ისევ უყვართ თავისი ბაბუა-ბებიები, ისევ უხარიათ, როცა მათ ახარებენ და ისევ დარდობენ, როცა მათ რაიმე უჭირთ. და სანამ ასე იქნება, 21-ე კი არა, 21 საუკუნეც რომ გავიდეს, ჩვენ მაინც ვერაფერს დაგვაკლებს.

ძვირფასო "კვირის პალიტრავ", შენ ჩემი ბაბუის, ბენო ამისულაშვილის, საყვარელი გაზეთი ხარ, ამიტომაც გწერთ ამ წერილს. ოღონდ, ბაბუას არ ვუთხარი. მეტყოდა, - ხალხს ტყუილუბრალოდ ნუ აწუხებო. მაგრამ მართლა არ ვიცი, სხვა ვის ვუთხრა ისეთს, რომელიც ჩემს ბაბუას დაეხმარება. ძალიან მებრალება, დაფიქრებულს რომ ვუყურებ. ბაბუ თანდათან დაყრუვდა. ხშირად ხელებით "ველაპარაკებით", რაიმე რომ გავაგებინოთ.  ამის გამო რცხვენია. დედამ ექიმთან წაიყვანა.

ექიმმა - ამას მხოლოდ სმენის აპარატი უშველისო. მას მერე წელიწადია, ამ აპარატის საყიდელი ასი ლარი ვერა და ვერ შევაგროვეთ... მამა რომ გარდაცვლილი არ გვყავდეს, ამ აპარატსაც ვიყიდდით და ბაბუაც აღარ დაგვეტანჯებოდა. ერთხელ თქვა, ცოცხლად დამარხული მგონია თავი, ზოგჯერ მეჩვენება, ვგიჟდებიო. მას შემდეგ სულ ამ ნათქვამზე ვფიქრობ. გთხოვთ, ეს წერილი დაბეჭდოთ. ხომ შეიძლება, ვინმე კეთილმა ადამიანმა წაიკითხოს და ჩემს ბაბუას სასმენი აპარატი უყიდოს. დიდ ბოდიშს გიხდით, რომ გაწუხებთ.

ანა ამისულაშვილი

P.S. ჩვენ ბევრი არაფერი გვაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ ეს წერილი არც პირველია და, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი იქნება - წლებთან ერთად პრობლემებიც მოდის და ბევრ მოხუცს აწუხებს სმენის დაქვეითება. სმენის აპარატის ყიდვა კი მათი უმრავლესობისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება. თუმცა საშველი მაინც არის - სანამ რომელიმე "ანა" ასე წუხს თავის ბაბუაზე, მანამდე ბებია-ბაბუებს სიცოცხლე უგრძელდებათ. ეგებ ასე მაინც მოესწრონ იმ დროს, როცა ქვეყანა ამაგს დააფასებს. ამ დროს კი რომელიმე ანას თაობა აუცილებლად მოიტანს.