ელექტრონული საქართველო, ანუ ყველაფერი ერთ ბარათში - კვირის პალიტრა

ელექტრონული საქართველო, ანუ ყველაფერი ერთ ბარათში

ქორწინებაა ერთადერთი "პროცედურა", რომელიც ვირტუალურად არ შედგება

როგორც შევიტყვეთ, ახალი წლიდან ძველი პირადობის მოწმობა და პასპორტი უქმდება და ახალი, ბიომეტრიული მოწმობითა თუ პასპორტით იცვლება. გთხოვთ, განგვიმარტოთ, აუცილებელია თუ არა ახალი მოწმობის აღება, თუ სავალდებულოა, რა დაგვიჯდება?

მ.ს., თბილისი

იუსტიციის სამინისტროში გაერთიანებულია საჯარო სამართლის  იურიდიული პირები: სამოქალაქო რეესტრი, საჯარო რეესტრი, აღსრულების ბიურო, არქივი, ნოტარიუსთა პალატა. ძალიან ბევრი ადამიანი ყოველწლიურად სარგებლობს ამ უწყებების მომსახურებით და აქამდე თითოეული სერვისის მისაღებად ცალ-ცალკე ოფისებში უხდებოდათ მისვლა. მომავალი წლიდან ყველა ამ სერვისის მიღება ერთ ადგილას - იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი.

როგორც შევიტყვეთ, 2011 წლიდან ძალაში შედის ახალი თაობის სერვისები, რომელთაც პროაქტიური სერვისები დაერქმევა. ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი ვაშაძეს ვესაუბრეთ:

- მომავალში ბევრი სერვისი ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება. დაბადების რეგისტრაცია მოხდება ონლაინრეჟიმში. მაგალითად, ბავშვი დაიბადა, ექიმი ავსებს შესაბამის საბუთებს და ავტომატურად რეგისტრირდება დაბადება, ანუ თქვენ არსად წასვლა არ გიწევთ; როდესაც დაბადების მოწმობა დაგჭირდებათ, მოითხოვთ ონლაინრეჟიმში და ფოსტით მიიღებთ სახლში. ასევე ავტომატური იქნება გარდაცვალებასთან დაკავშირებული დოკუმენტის შედგენა. როგორც კი ექიმი შეავსებს გარდაცვალების ცნობას და ჩაწერს მიზეზს, ავტომატურად ეს დარეგისტრირდება სამოქალაქო რეესტრში.

- ქორწინების რეგისტრაციაც ხომ არ იქნება შესაძლებელი ონლაინში?

- სამწუხაროდ, არა, რადგან ეს არის ორი ადამიანის ნებაზე დაფუძნებული კავშირი და გარდა ამისა, მეჯვარეების დასწრება აუცილებელია, რათა დაამოწმონ, რომ ნებით მოხდა  შეუღლება. ეს ერთადერთი სერვისია, რომელიც ონლაინრეჟიმში ვერ განხორციელდება.

მომავალ წელს ყველაზე დიდი სიახლე ახალი პირადობის მოწმობის შემოღება იქნება. ეს არ იქნება მხოლოდ პირადობის მოწმობა, ეს იქნება ელექტრონული, მულტიფუნქციური პლასტიკური ბარათი, რომელიც შეითავსებს სოციალური ბარათის, დევნილის ბარათის, მართვის მოწმობის ფუნქციებს. წარმოიდგინეთ, რომ შინ ბრძანდებით, ჩადებთ ამ ბარათს კომპიუტერში, აკრეფთ პინკოდს, რომლითაც მოახდენთ მის იდენტიფიცირებას, შემდეგ შეძლებთ, დოკუმენტს ხელი მოაწეროთ ინტერნეტით, გაგზავნოთ  იმეილით და მეორე მხარისთვის ეს ნამდვილ დოკუმენტად იქნება მიჩნეული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ონლაინრეჟიმში შეგეძლებათ ისეთი დოკუმენტების გამოთხოვა, რომლისთვისაც მანამდე საჭირო იყო შესაბამის უწყებაში პირადობის მოწმობის წარდგენა. ამ დოკუმენტებს პირდაპირ სახლში მოგიტანენ.

ვფიქრობთ, კერძო სექტორი ინტენსიურად გამოიყენებს ამ ახალი თაობის პირადობის მოწმობებს. მაგალითად, თქვენ შეგეძლებათ ბანკში მიუსვლელად, თქვენი ელექტრონული ბარათით გახსნათ ანგარიში, შეიტანოთ ან გადარიცხოთ თანხა, ანუ საერთოდ არ დაგჭირდებათ ოპერატორთან ურთიერთობა. ასევე, ეს იქნება სადაზღვევო ბარათიც, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაზღვეული ხართ რომელიმე კომპანიაში, ცალკე ბარათი არ გექნებათ და მთელი ავადმყოფობის ისტორია ატვირთული იქნება ამ ბარათზე. ყველაზე საინტერესოა, რომ ეს იქნება თქვენი სამგზავრო ბილეთიც.

- რა ეღირება ასეთი პირადობის მოწმობა?

- ახალი პირადობის მოწმობა დაახლოებით 30 ლარი ეღირება, თუმცა სურვილი გვაქვს, შევქმნათ შეღავათიანი პაკეტი სოციალურად დაუცველი ფენებისთვის. არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ახალი პირადობის მოწმობის აღება უფასოც იყოს. ამასთან, არ ვფიქრობთ, რომ სავალდებულო იქნება უკვე არსებული პირადობის მოწმობის გამოცვლა. უბრალოდ ის, ვინც ახალი პირადობის მოწმობის ასაღებად მოვა, ელექტრონულ ბარათებს მიიღებს.

- შესაძლოა, ძალიან მოსახერხებელია, ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი გქონდეს ერთ პლასტიკურ ბარათზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ბარათი დავკარგე, მასთან ერთად ვკარგავ ყველა დანარჩენ დოკუმენტსაც...

- სამაგიეროდ, ამ ერთ ბარათს აიღებთ დაახლოებით 15 წუთში და ზედ ისევ იქნება ატვირთული ყველა დოკუმენტი.

- ამისათვის ჯერ უნდა მივაღწიო იმ ადგილამდე, სადაც ჩემი იდენტიფიცირება მოხდება. ხომ შეიძლება იმ დროს რაიონში ვიყო და მართვის მოწმობა დამჭირდეს, რათა დანიშნულების ადგილამდე მივაღწიო...

- ნებისმიერ რაიონულ ცენტრში მოხდება ამ პირადობის მოწმობის გაცემა, სადაც იქნებით, იქ შეგიძლიათ აიღოთ ეს დოკუმენტი.

- რამდენად დაცული იქნება ჩემი პირადი დოკუმენტების ბაზა ინტერნეტში? ჰაკერები ყოველწლიურად არაერთ პირად თუ კორპორატიულ ინფორმაციას იპარავენ...

- ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 24-საფეხურიანი დაცვის სისტემა და მთელი მსოფლიოს ყველა კომპიუტერმა ერთდროულად რომ იმუშაოს, დაახლოებით 10 წელი დასჭირდებათ იმისათვის, რომ გატეხონ თქვენი ბარათი.

ეს არის დაცვის უმაღლესი სტანდარტი, რაც კი მსოფლიოში არსებობს. მეტსაც გეტყვით - ამ ბარათის მეშვეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ, ვინ გამოითხოვა თქვენ შესახებ ინფორმაცია, ვინ გადაამოწმა და თუ ნახავთ, რომ სახელმწიფო თუ კერძო სექტორის მიერ ამ ინფორმაციის გამოყენება არასანქცირებულია, მიმართავთ საინფორმაციო ომბუდსმენს, რომლის ინსტიტუტიც ახლო მომავალში შეიქმნება და ადამიანი, ვინც გამოიყენა თქვენი პირადი ინფორმაცია, პასუხისგებაში მიეცემა.

- მომავალი წლიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარი ეღირება; ვინ არის ვალდებული, აიღოს ახალი დოკუმენტი?

- ეს არის ჩვეულებრივ პასპორტს დამატებული ელექტრონული მატარებელი, რომელშიც დატანილია პიროვნების დემოგრაფიული მონაცემები, ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდი, შესაბამისად, ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მეორე თაობის პასპორტი, რასაც ყველაზე განვითარებული ქვეყნები გასცემენ.

ამაზე მაღალი ხარისხის დაცვის მქონე პასპორტი მსოფლიოში არ არსებობს და უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში არც იქნება. ეს პასპორტი გაგვიადვილებს სავიზო რეჟიმს სხვა ქვეყნებთან. ბორჯღალიანმა პასპორტმა 1-ელი იანვრიდან ძალა დაკარგა. ბიომეტრიულამდე გაიცემოდა პასპორტი საქართველოს გერბის გამოსახულებით და ის ბიომეტრიულთან ერთად კვლავ იქნება ძალაში. თუ მოქალაქე იმყოფება ქვეყნის გარეთ, ბორჯღალიანი პასპორტი რჩება ძალაში მანამ, სანამ ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა.