ეს არ არის საქართველო - კვირის პალიტრა

ეს არ არის საქართველო

ხელისუფლება შარშანაც ისე მონდომებით იძახდა, ევროპული მიმართულება გვაქვს აღებულიო, კაცს იმედი გაუჩნდებოდა. თუმცა რეალობა სხვაა, - შარშანაც  საქართველო და თბილისი პირწმინდად იჩეხებოდა მწვანე საფრისგან. ამ რეალობას  ევროპისაკენ ნამდვილად არ მივყავართ.

ალბათ თქვენცა და ჩვენც, პატივცემულო რედაქციავ, უკვე დავიღალეთ იმის ძახილით, - რას სჩადით, ხალხოო. ძალიან გთხოვთ, დაღლას ნუ შეიმჩნევთ, რადგან ყურმოყრუებული ერი საითკენაც მიდის, კარგად ვიცით. ისტორია კი ისევ ისე გრძელდება - მომავალში გახედვა გვიჭირს, დღევანდელი დღით ვცხოვრობთ. ასე რომ არ ყოფილიყო, ტყეები და ქალაქებში მწვანე საფარი ხომ არ განადგურდებოდა. კიდევ კარგი, პრეზიდენტმა ხმა ამოიღო, - ტყის საქმეში წესრიგი ვერ დავამყარეთო.

ხავსივით იმედს მოვეჭიდე, ეგებ ეს განუკითხაობა როგორმე შეჩერდეს-მეთქი, თუმცა ეჭვი მაინც მღრღნის, - ბატონი პრეზიდენტი თავადაც დღეში ალბათ რამდენჯერმე ჩაუვლის იმ ადგილს, სადაც მის თვალწინ იჩეხება საუკუნოვანი ხეები რესტორნებისა და სასტუმროებისათვის. ვეჭვობ, რომ ამის ჩამდენი ისევ მისი ახლობლები არიან და ისიც, ქართული ძმაკაცობის ხათრით, ყურს იყრუებს, თორემ დღეში ორჯერ კორტებთან გავლილს რა მოათმენინებდა, ერთხელ არ ეკითხა, - რას შემოავლეს ეს ციხესავით გალავანი, შიგ ჩიტიც რომ ვერ გადაფრინდებაო.

რასა და გაჩეხილ საუკუნოვან ჭადრებს შემოავლეს და მის ადგილზე "მრავალფუნქციურ კომპლექსს" აშენებენ. კარგი, ამას თუ ვერ ხედავს, აღმაშენებლის პროსპექტზე ხომ აშკარად ჩანს, რამდენი ხე შეიწირა, მერიის თქმით, პროსპექტის აღდგენამ. რა აზრი აქვს შენობების ფასადების შეღებვას, თუ იმ შენობებში ვეღარ ისუნთქებ? ახლა დიღმის შემოსასვლელთან გავიაროთ, რამდენი ნაძვია დაწვენილი!

დავით ჩხაიძე

ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ დაგვიწერია. ამჯერად ქალბატონ მედეა თავდიშვილს ვთხოვეთ კომენტარი. იგი ბიოლოგია. ვისურვებდით, მისმა საუბარმა მაინც დაგვაფიქროს.

მედეა თავდიშვილი: - როცა ბატონ გოგა ხაჩიძეს ვუთხარი, - რას სჩადით, განადგურებული თბილისის საფრის ნაცვლად პატარა ხეების დარგვა არ შეიძლება, ეს ევროპის დიდ ქალაქებში კანონით იკრძალება-მეთქი, მიპასუხა, ჩვენ მათ ისე მოვუვლით, გამოგვადგებაო. რანაირად უნდა გამოგვადგეს, არ ვიცი... ცნობილია, რამდენ დაბინძურებულ აირს შთანთქავს ერთი კვადრატული ხე და ჩვენი მინისტრი ამ დეკორატიულ ჩხირებს ჯადოსნურ ჯოხს აუქნევს, თუ რას იზამს?! ნუთუ ვერ ხედავენ, რა დღეში ვართ ჩავარდნილები. წელს, ზაფხულში თბილისში სუნთქვა შეუძლებელი იყო.

ევროპაში ხომ დადიან და ნუთუ იმას მაინც არ აკვირდებიან, იქ რა ხდება? ერთხელ თქვა მსოფლიოში ცნობილმა ფრანგმა არქიტექტორმა ლე კორბიუზიემ, - საფრანგეთში ეკოლოგიური მოუწყობლობის გამო უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროსო და მას შემდეგ პარიზმა (მას მთელმა ევროპამ აუბა მხარი) თავგამოდებით დაიწყო სოფლურ-რომანტიკული გარემოს შექმნა. არა მხოლოდ მწვანე საფრის, არამედ ვენახების გაშენებასაც მიჰყვეს ხელი.

- ახლა ქალაქ პარიზში 7 ვენახია გაშენებული, ერთიც განაპირა კვარტალში გააშენეს, - შვიდასი ძირი შარდონეს ჯიშის ვაზი. ამასაც აღარ დასჯერდნენ და მთელ ევროპასთან ერთად ხრიოკ ადგილებს სასუქებით გაჯერებულ მცენარეთა თესლს ასხურებენ და ცოტა ხანში იქაურობა ბიბინა ბალახით იფარება. ჩვენ კი, ერთი სული გვაქვს, ცენტრში (ამის მაგალითი ვაკე-საბურთალოს გადასასვლელია) რომელიმე კლდე მოვანგრიოთ და ზედ სასტუმრო ან კაფე წამოვჭიმოთ.

ნორვეგიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით, დედაქალაქ ოსლოს მხოლოდ 25 პროცენტი შეიძლება გამოიყენონ  მშენებლობაზე.

ბერლინში ტერიტორიის 25% ტყეა. ამ ქალაქიდან 10 მილიონი ტონა დაბინძურებული მიწა გაიტანეს, ამდენივე გამდიდრებული შემოიტანეს და ქალაქის გამწვანება დაიწყეს.

იაპონიასა და გერმანიაში არის კანონი, რომლის მიხედვით, თუ სახლის სახურავის ფართობი 100 კვმ-ზე მეტია და არქიტექტორმა სახურავზე გამწვანება არ გაითვალისწინა, დააჯარიმებენ.

ამერიკაში თითოეული ხის მომჭრელი ვალდებულია, მის ნაცვლად ათი ძირი დარგოს.

ჩიკაგოს სამეცნიერო ცენტრის გამოკვლევებით, გამწვანებულ კვარტალებში დანაშაულის რიცხვი ორჯერ არის შემცირებული, ვიდრე ხეებით ღარიბ დასახლებაში, - უღიმღამო, ხრიოკი ადგილის შემხედვარე ადამიანები აგრესიულები ხდებიან... აი, მოკლედ ის, რაც ევროპა-ამერიკაში ხდება ეკოლოგიასთან დაკავშირებით და რასაც ჩვენ კატასტროფულად ვშორდებით და ვერც მოგვიაზრებია, საით მივექანებით.