მაჩუქეთ, რა... ტრაქტორი! - კვირის პალიტრა

მაჩუქეთ, რა... ტრაქტორი!

"ტელევიზორში გიხილე, ახალ ტრაქტორს  ერთი-ორი "კრუგი" რომ დაარტყმევინე. ნამდვილი ტრაქტორისტი რაღა გუნებაზე უნდა იყოს, ახალთახალ

ტრაქტორს შეჰყურებდეს და..."

ბატონო პრეზიდენტო, უკვე იმ ხნისა ვარ, სამუშაოს საშოვნელად ინგლისურს, კომპიუტერსა და "ათას ჯანდაბას" ვეღარ ვისწავლი. ან რად მინდა, მე მიწის კაცი ვარ, ბარსა და თოხს ვიყავი მიჯაჭვული და ამ "ყუთს" რომ მივუჯდე, რა უნდა მოვიმკო! არადა მეშინია, თოხიცა და ბარიც კომპიუტერზე არ გადაიყვანონ. ამას იმიტომ კი არ გწერთ, რომ ეს ოხრები ძალიან მომწონს, მომკლა მათმა ძლაყუნმა ქვიან-ღორღიან მიწაზე, მაგრამ სხვა გზაც რომ არ არის? თავი მისკდება ფიქრით - მიწა მოუხნავი რჩება საწვავის სიძვირისა და მექანიზაციის უქონლობის გამო-მეთქი. ან ეს ყველაფერი რომ იყოს კიდევაც, ვინ მოიხმარს - ძველი ტრაქტორისტები დაგვიბერდნენ, ახალგაზრდებმა კი ტრაქტორის ინჩიბინჩი აღარ იციან.

ამასთან დაკავშირებით ერთი იდეაც გამიჩნდა, ბატონო პრეზიდენტო, - თქვენ ხომ თავადაც ხართ იდეების შემოქმედი და ეგებ თანამიგრძნოთ. ხომ შეიძლება, სოფლის სკოლების დამამთავრებელ კლასებში შემოვიღოთ ტრაქტორისტთა, მძღოლთა სწავლების, მომზადებისა და გადამზადების კურსები! თუ არადა, სოფელს რომ ჰპირდებით, საზღვარგარეთიდან ტექნიკას ჩამოგიყვანთო, ვაი და, მართლა ჩამოიყვანოთ, ჟანგად იქცევა და ეგ იქნება!

მანამდე, ბატონო პრეზიდენტო, ვინც ვართ დარჩენილი ტრაქტორისტები, არც თქვენთვის იქნება ურიგო და არც ქვეყნისთვის, თუ ჩვენც არ "დაგვჟანგავთ". ტელევიზორში მაქვს ნანახი, თავადაც გაგექცა თვალი ახალი ტრაქტორისაკენ და ერთი-ორი "კრუგიც" დაარტყმევინე. აბა, ახლა ნამდვილი ტრაქტორისტი რაღა გუნებაზე უნდა იყოს, ახალთახალ ტრაქტორს შეჰყურებდეს, მის გავლას ნატრობდეს თავის დაუმუშავებელ მიწაზე და მისი შეძენა არ შეეძლოს.

ამას წინათ ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მიერ გამოშვებული მინიტრაქტორი ვნახე და თვალი ზედ დამრჩა. მაგრამ რად გინდა. ფასი რომ ვიკითხე, კინაღამ წავიქეცი - ჩემისთანა ბოგანოს 2.500 ლარი ვინ მისცა! არადა, რას ამაშენებდა! ერთ-ორ კვირაში გადავუვლიდი ჩემს საყანეებს, თოხის ნაბაყუნები მკლავებიც მომირჩებოდა.

ახლა დავდივარ და ვფიქრობ, - ჩემი დარჩენილი ცხოვრება ეს ფული არ მექნება, მაგრამ ხომ შეიძლება ეს წერილი ჩემმა პრეზიდენტმა წაიკითხოს და როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, გულთან მიიტანოს ჩემი ნატვრა და ქუთაისური მინიტრაქტორი მაჩუქოს-მეთქი.

თქვენც ხომ იცით, რომ 2.500 ლარი არც დააქცევს და არც ააშენებს ჩვენს ეკონომიკას. თუ არადა, ოცნებას კაცი არ მოუკლავს და არც არავინ დაუსჯიათ ამის გამო. ალბათ არც თქვენ დამსჯით. მე კი მუდამ თქვენი პატივისმცემელი ვიქნები.

ავთანდილ მიქაბერიძე, თერჯოლის რაიონი სოფელი ნახშირღელე-ნავეხევი