"გულგატეხილობას არ მივეცემით" - კვირის პალიტრა

"გულგატეხილობას არ მივეცემით"

გაკეთებულ სიკეთეზე არ უნდა ილაპარაკოო... მაგრამ საჭირო რომ არის - ის ერთადერთია, რაც ადამიანს იმედს აძლევს.

თქვენც იცით, პატივცემულო რედაქციავ, რომ ჩვენ, დევნილები, ძველებიცა და ახლებიც,  იმათ რიცხვში ვართ, ვისაც მართლაც სულ "ნუ გეშინია" უნდა უძახო, რომ არც თავის მიწაზე დაბრუნების იმედი დაკარგოს და არც სიცოცხლისა. თქვენც ხომ იცით, რომ ეს გვაკლია და ამიტომაც ბევრი დევნილი გამუდმებით თავის უბედობაზე ფიქრობს. ერთი მხარში ამოდგომა და ჩვენც ისევ იმედებით ვივსებით.

შესაძლოა, დაღლილებს ამისთვის მადლობის თქმა გვავიწყდება კიდეც, მაგრამ არც უმადურები და არც "ხერხემალგადატეხილი" ხალხი ვართ. ამიტომაც ამ ახალ წელიწადსაც სიკეთეზე აუცილებლად უნდა გელაპარაკოთ და ქედის მოხრითაც მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც ვინმეს დასანახად კი არა, იმიტომ გვიდგას გვერდში, რომ სხვანაირად არ შეუძლია.

სხვათა შორის, ამ წერილს ყველა იმ დევნილის ხელმოწერით გიგზავნით, რომელიც ნაძალადევის რაიონის ყოფილ სასამართლოს შენობაში 2008 წლიდან ცხოვრობს. გეფიცებით,  ამ მიტოვებულ დაწესებულებაში დღემდე არც ერთ მეწარმეს, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და თვით ჟურნალისტებსაც არ მოუკითხავს ჩვენი მდგომარეობა. მაგრამ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ისე არ მოგვშორებია იმ აგვისტოს ავბედითი დღეებიდან გვერდიდან, როგორც ღვიძლი ნათესავი ან დედა.

ერთი მათ შორის ქალბატონი მაია კვანჭახაძეა. ჩვენ რომ დაგვხმარებოდა, იწვალა და არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა. ამ ორგანიზაციის წევრები მეროჭიკე ბერებივით დადიან მეწარმეებთან თუ კერძო მოხელეებთან, რომ ჩვენ როგორმე რაღაც მოგვაშველონ - სურსათი იქნება თუ ბავშვების ტანსაცმელი. თითქმის არც ერთი საელჩო არ დარჩენიათ, რომ არ მისდგომოდნენ. თანაც - ამას უხელფასოდ აკეთებენ. როგორ ახერხებენ ამას? უთუოდ რწმენით. აუცილებლად უნდა გიამბოთ თეთრიწყაროს მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორ ზურაბ მეფარიძეზეც, რომელსაც არასდროს ვავიწყდებით.

მან თავისი ხელით არა მარტო კვერცხი და ფრინველი მოგვიტანა, არამედ ტანსაცმელი ჩვენი შვილებისა და მოხუცებისათვის. შეიძლება ვინმემ თქვას, ის ხომ დირექტორია და ამის შესაძლებლობაც აქვსო, მაგრამ განა მის გარდა ცოტანი არიან დირექტორები, რომლებიც თავისი საზრუნავის იქით არც იხედებიან? ეს წერილი საწუწუნოდ არ დამიწერია: გვინდა, ჩვენ, ყველამ, ამ შენობაში მცხოვრებმა, მათ ვუთხრათ, ვინც გულგატეხილობას მისცემია, რომ ქართველ ერში სიკეთის იმხელა პოტენციალია, გადაშენება არ უწერია. ვისაც ჩვენ ვიცნობთ, მათ გარდა, ბევრი უანგარო ადამიანი დადის საქართველოში.

ამ იმედით გამოწვეული სიხარული გვქონდეს საყრდენად ყველას, ძვირფასო რედაქციავ!

პატივისცემით, სამაჩაბლოელი დევნილები ხელს აწერს ოცდაოთხი კაცი.