ბარაქალა, ქართველებო! - კვირის პალიტრა

ბარაქალა, ქართველებო!

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოყვარეს "პირში ვუძრახოთ". ახლაც ასე იქნება. თუმცა ჩვენ ის თვისებებიც გვაქვს, რის გამოც Gღირს ჩვენი არსებობა და ვარსებობთ კიდეც.

მოგესალმებით მილანის ქართულ-იტალიური საზოგადოება "სამშობლო გულით სატარებელის" სახელით, თავს ნებას ვაძლევ მოგმართოთ თხოვნით, გამოგვიქვეყნოთ  ეს მცირე სამადლობელი წერილი.

წლეულს შემოდგომაზე საზოგადოება "სამშობლო გულით სატარებელის" იტალიელ წევრებთან ერთად სამოგზაუროდ საქართველოში გახლდით. საზოგადოების თავმჯდომარემ, ნუნუ გელაძემ მოგვატარა თავისი სამშობლოს ისტორიული ძეგლები, გვიამბო იტალიურ-ქართული ისტორიული და კულტურული ურთიერთობის შესახებ და ძალისხმევა არ დაიშურა, მაქსიმალურად წარმოეჩინა თავისი საყვარელი სამშობლო. მართლაც მოვიხიბლეთ ამ ულამაზესი ქვეყნით და განსაკუთრებით, ქართველი ხალხის გულთბილობით, სტუმარმასპინძლობით.

მე პირადად ადრეც ვიცნობდი ქართველებს, ჩემი რძალი ელენე ყაუხჩიშვილი დიდი სიმონ ყაუხჩიშვილის ძმის შვილიშვილია, მაგრამ ამ მოგზაურობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს პატარა ერი დიდი გულისა და პოტენციის მატარებელია, რაც ერთი კონკრეტული მაგალითით მინდა დავადასტურო: საქართველოდან გამომგზავრების დღეს ისე შეუძლოდ შევიქენი, რომ სასწრაფოდ რეფერალურ ჰოსპიტალში წამიყვანეს.

ნახევრად გონზე მყოფმა საავადმყოფოს შენობას რომ შევხედე, შევძრწუნდი, - ნუთუ ამ უბადრუკ კედლებში უნდა დავასრულო სიცოცხლე-მეთქი. მაგრამ ისეთი კომპეტენტური პერსონალი დამეხვია, ისეთი გულისხმიერება, სითბო და ყურადღება მაგრძნობინეს, თავი საკუთარ სახლში ვიგრძენი. გარწმუნებთ, რომ მსგავს დამოკიდებულებას ავადმყოფისადმი ვერც ერთ იტალიურ საავადმყოფოში ვერ ნახავთ.

სამწუხაროდ, ექთანების სახელები არ მახსოვს, მაგრამ ექიმ დათო სუპატაშვილს არასოდეს დავივიწყებ. წინა ღამის მორიგეობიდან შინ დაბრუნების ნაცვლად, თავზე დამადგა, მამასავით მომიარა და ვიდრე თავი უკეთ არ ვიგრძენი, არ მომშორებია. გარდა იმისა, რომ იგი შესანიშნავი ექიმი გამოდგა, თავისი ბრწყინვალე ინგლისურით სასიამოვნო საუბრითაც გამომიყვანა მდგომარეობიდან.

არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლობა ამ საოცარი ადამიანის მიმართ, ამიტომ გულით ვეპატიჟებით მე და ჩემი ოჯახის წევრები მილანში, თუკი მოისურვებს იტალიაში ჩამოსვლას.

უღრმესი მადლობა საქართველოს, ყველა ქართველს, ვინც კი ამ მოგზაურობის დროს გავიცანი და შემაყვარა ეს მართლაც საოცარი ქვეყანა.

მარად თქვენი მადლიერი, სილვანა სტოპა-გალიმბერტი