მინდა მიყვარდეს, მაგრამ... - კვირის პალიტრა

მინდა მიყვარდეს, მაგრამ...

ტკივილმა დიდი და პატარა არ იცის. მაგრამ უფრო ცუდია, როცა ცხოვრებას ტკივილით იწყებ. ამ წერილის ავტორი კი მხოლოდ თხუთმეტი წლის არის. ჩვენ ძალიან გვინდა, ეს ტკივილი მთელი სიცოცხლე არ გაჰყვეს...

არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, ეს წერილი. მგონი, იქიდან, როცა ჩვენი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კლასში შემოვიდა და გვითხრა: ბავშვებო, დღეს ჩვენ უნდა დავწეროთ თავისუფალი თემა "მე მიყვარს ჩემი პოლიციაო". შინ დაბრუნებულმა ბევრი ვიფიქრე, გულით მინდოდა შემესრულებინა მასწავლებლის დავალება, მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე, ბოლოს, გადავწყვიტე, დამეწერა ის, რასაც ვფიქრობდი. დავწერე და მისი ერთი პირი თქვენც გამოგიგზავნეთ. მე არ ვიცი, თქვენ რას იფიქრებთ, მაგრამ ჩემმა მასწავლებელმა რომ წაიკითხა, თვალცრემლიანმა შემომხედა. ეს არასოდეს დამავიწყდება.

მე მყავდა ძალიან კარგი ბიძა - გიორგი აბულაძე. ბიძა ვის არ უყვარს, მაგრამ მე განსაკუთრებულად მიყვარდა, როცა მოსკოვიდან ჩამოვიდა, სულ ჩემ გვერდით იყო. ბევრ რამეს ვაპირებდით ცხოვრებაში ერთად. ის მოსკოვში ცხოვრობდა, თან სწავლობდა. შეეძლო დარჩენილიყო, მაგრამ - არაო და გორში დაბრუნდა.

მოკლედ, ახლაც ხომ შობაა, იმ დღესაც შობა იყო. მთელი ოჯახი ეკლესიაში ვიყავით. ბიძაჩემიც. წირვის შემდეგ შინ წამოვედით, ის კი დარჩა. რომ დაიგვიანა, შეწუხებულმა ბებომ დაურეკა და მობილურზე მის მაგივრად ექიმმა უპასუხა, - თქვენი შვილი უკვე ორი საათია საავადმყოფოშიაო. მოკლედ, იქვე გარდაიცვალა... იმ დღესვე, ვინც ავარიას შეესწრო, გვითხრა, - ნასვამი პოლიციელები დაეჯახნენ მანქანითო.

მეც კი ვიცი, სკოლაში მასწავლეს, რომ უბედური შემთხვევის დროს უნდა გამოიძახო - საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ პოლიციელებს ის არ გამოუძახებიათ. არც საავადმყოფოში დარჩენილან, სადაც თურმე სუნთქვის აპარატიც არ იყო. არადა, ბიძაჩემს სუნთქვა უჭირდა.

ჩვენ კი, მთელი ოჯახი, სასაფლაოზე დავდივართ. მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩემს ბიძას ახლა აღარაფერი სტკივა, მაგრამ მეცოდება პაპა, ბებო და დედაჩემი.

მე ნამდვილად მინდა მიყვარდეს ჩემი პოლიცია, მაგრამ ჯერჯერობით პოლიციელის ხსენებაზე თვალწინ თეთრი მარმარილოს ქვა დამიდგება ხოლმე, რომელზეც ბიძაჩემის - გიორგი აბულაძის სახელია ამოტვიფრული.

მასწავლებელმა მითხრა: - ვწუხვარ, ზურა, მაგრამ შენი თემა სათაურს არ პასუხობსო. მე კი მგონია, რომ ჩემი თემა ზუსტად სათაურს პასუხობს.

პატივისცემით, გორის საჯარო სკოლის მოსწავლე ზურაბ კევლიშვილი