...შეინახე საქართველო! - კვირის პალიტრა

...შეინახე საქართველო!

მიუხედავად იმისა, რომ მცირერიცხოვნობის გამო ქართველი ერის სიცოცხლე მუდამ სასწორზე იდო, როგორც ჩანს, მისი შვილების არჩეულ ღირებულებებს მუდამ ჰქონდა ისეთი წონა, სიცოცხლისკენ გადავხრილიყავით. ამ ღირებულებათა შორის უპირველესი წარსულის ხსოვნა და მისადმი მოწიწება იყო.

როცა ისეთ წერილებს ვიღებთ, როგორიც ჩვიდმეტი წლის ნათია ხუცურაულმა გამოგვიგზავნა საგურამოდან, ვრწმუნდებით, რომ ეს ღირებულება ყოველ თაობაში იცოცხლებს.

გამარჯობა "კვირის პალიტრავ", მიყვარხართ და ამ წერილსაც იმიტომ გწერთ, რომ დიდი ილიას ფასი იცით. ეს კი სწორედ ილიაზე მოგონებაა, ოღონდ, უცნობი - ჩემმა დიდმა ბებომ, რუსუდან ბურდულმა მიამბო თიანეთში. ჩემი ბებო პირადად იცნობდა ამ ამბის შემსწრე ალექსანდრე წიკლაურს.

მოკლედ, ცხრაასიან წლებში ალექსანდრე წიკლაურს თიანეთში, სოფელ ნადიკორში (ამ სოფლის ახლოს არის წმინდა მეფის, არჩილ პირველის საფლავი. იგი სასტიკად აწამეს არაბებმა) ხევსურეთიდან ნათესავები დასდგომიან თავს ზურგზე მოკიდებული ერბოს გუდებით - ქალაქს მივდივართ და უნდა წაგვყვე, ერბო უნდა გაგვაყიდვინოო. ერწოს მთა გადაუვლიათ, ზედაზნის კალთებზე გადასულან, ილიას სასახლე და მამულიც გამოჩენილა. ილია თურმე ამ დროს აივანზე იყო.

ჯვარტალავრიანი, გუდაწამოკიდებული ხევსურების დანახვაზე ბიჭი გაუგზავნია, - შორი მგზავრები იქნებიან, მოიპატიჟეო. ხევსურებიც, ალექსანდრე წიკლაურიანად, ილიას ხლებიან. მასპინძელს ხევსურეთის ამბავი უკითხავს და ისე გახარებია მათგან საქართველოს ისტორიის ცოდნა, დაიმედებულს უთქვამს, - თქვენ ცასთან ახლოს ხომ ხართ, ღმერთთან ახლოსაც ყოფილხართ. აბა, თქვენ იცით, ბოძებად შეუდექით ჩვენს ბედკრულ საქართველოსო. სტუმრებიც ისე გახარებული ყოფილან ერის მამის მასპინძლობით, შესცქეროდნენ და სუფრიდან ადგომა აღარ უნდოდათ თურმე.

ილია კი ღვინოს თავისი ხელით უსხამდა, თან კეთილი ღიმილით დაატანდა, - მთის კაცნო, ეგ ღვინო თქვენ ჟიპიტაური არ გეგონოთ, მოგერევათო. მერე კი, როცა სტუმრები წამოდგნენ, ილიას ერბო უყიდია და თან დაუტანებია, - აქ მთის მადლს დაგატოვებინებთ, ბარიდან რომ ამოხვალთ, მთაში ბარის მადლს გაგატანთ - საგურამოს ზვრების ღვინოსო. მაგრამ ჟიპიტაურს შეჩვეულ ხევსურებს ილიას მარნის მირონი მართლაც მორევიათ და იმ დღეს ვერ ჩაუღწევიათ ქალაქში, - ბუჩქის ძირას დამსხდარან დასასვენებლად და იქვე მიუძინიათ. დილითღა გასდგომიან ქალაქის გზას, დარჩენილი ერბოც გაუყიდიათ, მაგრამ ილიასთან მიბრუნება ვეღარ გაუბედავთ, - ვაითუ, გაიგო, ღვინო ისე რომ მოგვერია, ბუჩქის ძირას დაგვყარა და პირი როგორღა ვაჩვენოთო.

მერე კი ეს ხევსურები 1907 წელს წიწამურს ჩასულან, იმ ადგილთან დაუჩოქიათ, სადაც ტყვიებს დიდი ქართველის სისხლი დაეტოვებინა და პირჯვრის წერით შეუთხოვიათ უფლისთვის, ერის მამა თავის საფარველქვეშ მიეღო.

ნათია ხუცურაული