იქნებ ჩვენი ცხოვრების წესით განსაცდელი ავიშოროთ - კვირის პალიტრა

იქნებ ჩვენი ცხოვრების წესით განსაცდელი ავიშოროთ

ახალგაზრდობაში ნაკლებად ვფიქრობთ ბევრ რამეზე, მათ შორის ღვთის მოწყალებაზეც. გვგონია, ის, რაც გაგვაჩნია, იმიტომ გვაქვს, რომ თავად ჩვენ ვართ მაგრები. მერე დრო მიდის და ვრწმუნდებით, რომ თურმე ყოველივე უფლისგან გვეძლევა. არადა, ნეტავი ახალგაზრდობაში მივხვდეთ ამას, - შეიძლება ბევრი ვერაფერი შევცვალოთ, მაგრამ იქნებ ჩვენი ცხოვრების წესით განსაცდელი ავიშოროთ.

ახალგაზრდობაში მეც  მეგონა, - არაფერი გამიჭირდება, მაგრამ თუ გამიჭირდა, წინ რა უნდა დამიდგეს, რომ თავად ვერ მოვაგვარო-მეთქი. მაგრამ შუახანს მოყრილს ისე გამიჭირდა, მხოლოდ ჩემი თავის კი არა, ადამიანების იმედი დავკარგე. ჩემს დას მკერდი მოჰკვეთეს. მერე ჩემს თხუთმეტი წლის ობოლ დისშვილს, ვასიკოს, უიშვიათესი და უსაშინელესი დაავადება, ღვიძლის სარკომა აღმოაჩნდა. ჩემი და ექიმია და მთელი ოჯახი ჰყავდა დაზღვეული ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში.

სამწუხაროდ, ეს კომპანია მხარში არ ამოგვიდგა, - ამ მკურნალობას ვერ დავაფინანსებთ, ონკოცენტრში მიბრძანდით, იქ ბავშვების მკურნალობა უფასოაო. ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი განსაცდელი, მაგრამ ვინც საქმის კურსშია, იცის, რომ ონკოლოგიის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამაზე უკეთეს შედეგებს ამჟამად მაღალდოზირებადი ქიმიოთერაპიის გერმანული მეთოდი იძლევა. მისი საშუალებით სიცოცხლე რამდენიმე ათეული წლით ხანგრძლივდება. ეს მეთოდი კი ჩვენთან, ერთ-ერთ კლინიკაშია დანერგილი. მოკლედ, ვის კარზე აღარ მივედით, მაგრამ სახელმწიფოს ჩათვლით ყველა "ღატაკი" აღმოჩნდა და ხელი ვერ გამოგვიწოდა.

მაგრამ როდის იყო დედა შვილის ავადმყოფაობას ეგუებოდა და ჩემი დაც შვილის გადასარჩენად წანწალში იტალიურ საქველმოქმედო ორგანიზაცია "კარიტასს" წააწყდა, - ყოფილა თურმე ასეთი საქართველოში. მისი დირექტორი და თანამშრომლები, როგორც ჩანს, ისე შეძრა ჩემი დის ცრემლებმა, მაშინვე დაჰკავშირებიან იტალიაში სათავო ოფისს. იქ კი ჩემი დისშვილის მკურნალობის ფული რამდენიმე დღეში მოაგროვეს. ის კი არა, გვითხრეს, - ნუ შეშინდებით, მომავალშიც დაგეხმარებითო.

ახლა ერთი ჩემი ახლობლის ნათქვამი მიდგას ყურში, რომელიც დიდი ხანია ეკლესიაში დადის და ყველას გვიმტკიცებდა, - ღმერთი ყველა ადამიანს სიკეთისთვის მოავლენს, თუ შეგიძლიათ, თქვენც სიკეთე აკეთეთ, ამქვეყნად მოსვლა მხოლოდ ამიტომ ღირსო. ჩვენ კი ვპასუხობდით, - აქეთ ვართ დასახმარებლები, - ვისაც ბევრი ფული აქვს, წყალობაც იმან გაიღოსო. თურმე როგორ ვცდებოდით. ვინ იცის, ყველამ ასეთი წესით რომ ვიცხოვროთ, იქნებ ჩვენ-ჩვენი განსაცდელიც აგვეცილებინა თავიდან. მერწმუნეთ, ამას მხოლოდ სიყვარულით სავსე გულით ვწერ იმათ გასაგონად, ვინც ვერც ახალგაზრდობაში ხვდება, როგორ ვკიდივართ უფლის წყალობაზე და, სამწუხაროდ, ვერც ხანდაზმულობაში. თავადაც ხომ უცნობი და უცხო ხალხის სიკეთემ დამაყენა იმის წინაშე, რომ მადლისთანა სიხარული ამქვეყნიურ ცხოვრებაში არაფერს მოაქვს.

დავით კვიჟინაძე