ხევსურეთს რა ამბავია?! - კვირის პალიტრა

ხევსურეთს რა ამბავია?!

ხელისუფლება თავს ხშირად იწონებს, - ქვეყანას ვალამაზებთო. რაც ლამაზია, ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო, მით უფრო, როცა თვალწინ გვაქვს, - ქვეყნის ახალდაგებულ ტრასებსა თუ განათებულ ქუჩებში ყველანი სიამოვნებით დავდივართ. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ნეტავ, ამ ქუჩებიდან ჩვენს დანგრეულ სოფლებში ჩაიყვანა და ვნახოთ, რას იტყვის.

ხევსურეთზე გწერთ. ეს მხარე გამუდმებით იყო და უნდა ყოფილიყო საფიქრალი ნებისმიერი ხელისუფლისა, რადგან წლებია, ნელ-ნელა თვალსა და ხელს შუა გვეცლება. ახლა ხალხის მთიდან წამოსვლას ეკოლოგიაც დაემატა - რომელ სოფელს როდის რა სტიქია შეუტევს, კაცმა არ იცის. სოფელ კორშაზე მინდა გითხრათ, - ეს სოფელი ხევსურეთში სიდიდით მეორეა და ალბათ ერთ-ერთ პირველს სჭირდება შველა. თვითონ ტოპონიმი "კორშა" გორთა შუას უნდა ნიშნავდეს. მართლაც ასეთია ჩვენი სოფელი, რომელსაც მდინარე არაგვი ჩაუდის. მას სწორედ ეს დაუოკებელი მდინარე უთხრის ძირს, - გაზაფხულობით, თოვლის დნობისას, არაგვი დიდდება და თუკი წვიმაც თან დაერთო, მთელ სოფელს დატბორვა ემუქრება. მოხდა კიდეც ორჯერ მსგავსი შემთხვევა - წყალი სამანქანე გზაზე გადმოვიდა, მაგრამ ღვთის წყალობით, მაშინ სოფელიც გადარჩა და ხალხიც.

არადა, კორშის განაპირას არაგვს მოევლება, ამის გული და სურვილი რომ ჰქონდეს ვინმეს. გასული საუკუნის 80-იან წლებში, ტრანსკავკასიის რკინიგზის მშენებლობისას, მდინარეს მტკიცე ჯებირი გაუკეთდა და არაგვი სოფელს ვერაფერს აკლებდა. ამჟამად ეს კონსტრუქცია რამდენიმე ადგილას განგრეულია და წყალდიდობამ სოფელი რომ არ წალეკოს, კონსტრუქციას გამაგრება სჭირდება.

მდინარე სოფლის სათავეში აღმართულ დამცავ დამბას (ყრილი) ჭამს. ამიტომაც გარღვეული კედლები აუცილებლად კუბებით ან ბეტონით უნდა გამაგრდეს და ხევსურეთს შერჩენილი ეს სოფელიც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. მე იმათ რიცხვში არ ვარ, ვინც გაიძახის, ხელისუფლება თითს თითზე არ აკარებსო. რაც კეთდება, ვხედავ, მაგრამ სოფელსაც უნდა მივხედოთ. მე და ბევრს ამის იმედი გვაქვს.

გოგი ჭინჭარაული, ბარისახო