"უცხოელს რას ვერჩით, როცა ჩვენი ბრალია ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"უცხოელს რას ვერჩით, როცა ჩვენი ბრალია ყველაფერი"

ქართველს ძილშიც არ ასვენებს ფიქრი - ისე არ წავიდეს იმ ქვეყნად, რომ მისი მიწა სხვას დარჩეს. თუმცა, თუ ჩვენ არ გავძლიერდით, მიწას მხოლოდ ფიქრი ვერ დაგვაბრუნებინებს. ერის ძლიერება კი ერთად დგომა და ერთმანეთზე ფიქრია.

რა ვქნა, მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ მტერი ნამდვილად სარგებლობს ჩვენი დათითოკაცებით და როგორც უნდა, ისე გვშლის. ახალგორელი გახლავართ. იქ უზარმაზარი სახლ-კარი დამრჩა. მართალია, ოჯახის წაყვანა მაშინებს, მაგრამ თავად ხშირად გადავდივარ ახალგორთან ავბედითად აღმართულ საგუშაგოზე და სახლს მოვინახულებ ხოლმე. ამიტომ ვიცი, როგორ ექცევიან ოსები იქ დარჩენილ ქართველებს მათი გულის მოსაგებად. თუნდაც ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩემი სახლის ახლოს იყო ახალგორის მეორე საშუალო სკოლა, რომელიც ომის შემდეგ გაუქმდა და ყველა პედაგოგი უმუშევარი დარჩა.

მათ შორის ბევრმა ირჩია, თუნდაც სიკვდილის ფასად, თავის ნაამაგარ მიწას არ მოშორებოდა და დარჩა კიდეც. მაგრამ რა გააკეთა ოსურმა ხელისუფლებამ? არც ერთი პედაგოგი არ დატოვა უხელფასოდ, ყველას გაუნაწილა საათები და დაასაქმა. ჩვენ კი, სახლ-კარიდან აყრილები, თითქმის ყველა დაუსაქმებელი ვართ. ჩვენი თავი ჯანდაბას, მაგრამ ამ უსამართლობის შემხედვარე ჩვენს შვილებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ? მე "საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის" ქართლის რეგიონული ფილიალის ახალგორის სატელეფონო განყოფილებაში ვმუშაობდი. ამ ფილიალის ოციოდე თანამშრომელი თავს არ ვზოგავდით და უკმაყოფილოც არავინ გვყოლია.

ამასთანავე, თერთმეტი კაცი კომპანიის აქციონერებიც ვიყავით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისეთი საბედისწერო მოვლენის შემთხვევაში, რაც ჩვენ გადაგხვდა თავს, კომპანიას ჩვენი წილი აქციებიც უნდა მოეცა. ამით ჩვენ თავს ადამიანებად ვიგრძნობდით. მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ამის ნაცვლად კომპანიამ 2009 წლის 14 დეკემბერს ხელფასის მოცემა რომ შეგვიწყვიტა, ხელიც დაგვიქნია, - კარგად იყავითო! თავიც არ გვაქვს, თბილისში კომპანიის ოფისამდე ჩავაღწიოთ და გავიგოთ, ასე უსამართლოდ რად მოგვექცნენ, თორემ ძალიან კარგად ვიცით, ჩვენთან დადებული უვადო ხელშეკრულება რასაც ავალებდათ. მხოლოდ სამ თანამშრომელს აძლევენ ხელფასს და კანონით ჩვენზე პასუხისმგებლობა მოხსნილი რომ ჰქონდეთ, იმ სამი კაცის სამსახურში დატოვებას რა რჯიდათ?

თქვენ იტყვით, ეს ხომ უცხოური კომპანიაა, ქართველების ერთმანეთისადმი გულგრილობა აქ რა შუაშიაო! სამწუხაროდ, შუაში კი არა, თავშია - ხომ გაგიგიათ, ხემ რა თქვა, - მე ცული ვერაფერს მიზამდა, შიგ ჩემი ჯიშისა რომ არ ჰქონდესო! სწორედ ქართველები ვართ საქართველოში იმ უცხოური კომპანიების გეზის მიმცემნი, რომლებიც ასე ზემოდან გვიყურებენ.

პატივისცემით, მარინე თამრიშვილი