აქ ჩვენი რუსთაველი ”გვყავს” - კვირის პალიტრა

აქ ჩვენი რუსთაველი ”გვყავს”

ქართველების მესამედი ერთმანეთს, სახლ-კარსა და მიწას მოსწყდა და თავშესაფარი უცხოეთში მოძებნა. ეს ერის ტკივილია, მაგრამ იქნებ ამ ტკივილსაც აქვს გამართლება, - ახლა ალბათ ჩვენი ქვეყანა ასე უნდა დადგეს სხვა ერთა შორის და კაცობრიობამაც პატივი სცეს ჩვენს ფასეულობებს.

"ძვირფასო "კვირის პალიტრავ", იმ მილიონიდან ერთ-ერთი ქართველი გწერთ, რომელმაც თავისი ბედი უცხოეთს დაუკავშირა და იტალიაში სამუდამოდ დარჩა საცხოვრელად. ვიცი, სიცოცხლის ბოლოს ჩემს მიწაზე და ჩემიანებთან ყოფნა ტკივილამდე მომენატრება, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლი - ჩემი მეუღლე იტალიელია, მე უკვე იტალიის მოქალაქე (ქართული არ დამიკარგავს!) ვარ. თანაც მართლა შემიყვარდა იტალია და მეორე სამშობლოდაც ვთვლი, თუმცა ეს სიყვარული ოდნავადაც არ ჰგავს ჩემი საქართველოს სიყვარულს. მე საქართველოს სიყვარულს თან ისე ვატარებ, როგორც წარსულს, საიდანაც მოვდივარ.

ეს საყრდენი რომ არ მქონდეს, ალბათ ძალა გამომეცლებოდა და წავიქცეოდი. ახლა იფიქრეთ, რა სიხარულს მანიჭებს, როცა იტალიაში რაიმე ქართულს წავაწყდები და როგორი მადლიერი ვარ (და არა მარტო მე, აქ მცხოვრები ყველა ქართველი) აქ მყოფი ქართველებისა, რომლებიც იტალიაში ქართულ საქმეს აკეთებენ. სხვათა შორის, იტალიელებსაც ვეუბნები, რომ საქართველოს მათი წინაპარი იტალიელები ოცი საუკუნის წინ იცნობდნენ მამაცი ქართველი მეფის, ფარსმან ქველის წყალობით, - რომის იმპერატორი მას ისე აფასებდა, რომ 144 წელს რომში, მარსის მთავარ მოედანზე, მისი ქანდაკება დაადგმევინა.

და იცით, რომელი ქართველის ქანდაკება დაიდგა ამ ამბიდან ოცი საუკუნის შემდეგ, 2010 წელს რომში? შოთა რუსთაველისა! დიახ! რომში, ვილა ბორგეზეს პარკში, როდენის მოწაფის, იაკობ ნიკოლაძის გამოქანდაკებული რუსთაველის ბიუსტი დგას მსოფლიოს სხვა დიდ მოაზროვნეთა სკულპტურებს შორის. ეს პარკი რომის ცენტრში გახლავთ და მოფენილია მსოფლიოს კლასიკოსთა ქანდაკებებით. იქ მოაზროვნე იტალიელებმა სხვადასხვა დროსა და ეპოქაში აღმართეს გოეთეს, გოგოლისა თუ ფირდოუსის ძეგლები...

ახლა ჩაივლი ჰომეროსის ქუჩის ულამაზეს ხეივანს და რუსთაველიც "შემოგხვდება". ვერ აგიწერთ, მის დანახვაზე როგორ ღელავს ჩემი და ალბათ, აქ მცხოვრები ყველა ქართველის გული, - როგორ არ ვიამაყო, როცა "ჩემი" რუსთაველით იწყება მსოფლიო ლიტერატურაში რენესანსი? ან იმ ხალხს როგორ არ გადავუხადო მადლობა, ვინც ამისთვის იღვაწა? ჰოდა, ვუხდი კიდეც, ყველას ერთად, -  საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ რომის კულტურის მესვეურებს და ყოველ ქართველს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ საქმეში.

მადლობა, თქვენ და მადლობა, საქართველოვ, რომ რვა საუკუნის წინ შენს წიაღში დაბადებული შენი შვილი, რვა საუკუნის შემდეგ, უცხოეთში დაფანტულებს გულს სიამაყით გვივსებს.

ნუნუ გელაძე-ფუსკო