სანამ სოფელი გავერანებულა... - კვირის პალიტრა

სანამ სოფელი გავერანებულა...

ამბობენ, ხეს რომ ეძახო, - გახმი, გახმიო, ერთ დღეს გაიხედავ და მართლა ძირგამომხმარი დაგხვდებაო. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება ხეზე უფრო უსმინარია, რადგან თუნდაც ჩვენ  ქვეყნის სამკვდრო-სასიცოცხლო მრავალი პრობლემა შეგვიხსენებია და არაფერზე ეტყობა, რომ გაიგეს. უნდა გაიგონ! მათი ყურმიყრუებით დაღუპული საქმე შესაძლოა წლებმა კი არა, საუკუნემაც ვერ გამოასწოროს და თავი შთამომავლობისაგან ავადმოსაგონრად გაიხადონ.

გაჭირვებულთა იმედო, ჩემო ძვირფასო "კვირის პალიტრავ", ვისურვებთ ზრუნვამოკლებულ შუა ქართლის სოფლებშიც ეზეიმოთ თქვენი თანადგომის სიხარულით, - იქნებ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენოთ და ბოლოს და ბოლოს,  მაცოცხლებელი წყალი მიეწოდოს შუა ქართლის სოფლებს. იმ სოფლებს, რომლებშიც ავად მოსაგონარ 8 აგვისტომდე ცხოვრება დუღდა და გადადუღდა, წალკოტი იყო ყველგან. ახლა კი აქაური მკვიდრნი შეღონებულები არიან: ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებს ორი წელიწადია სარწყავი წყალი არ მიჰკარებიათ, ოხრდება ძირძველი ნაფუძრები, ხილნარები, ვენახები.

ეს იმის გამო, რომ შუა ქართლის საინჟინრო სარწყავი სისტემების სათავე ნაგებობები ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და თავზე ხელაღებული, უგულო ოკუპანტები წვეთ წყალს არ უშვებენ არხებში. დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში არათუ წლის სარჩოს, არამედ ერთი დღის საგზალსაც ვერ მოიპოვებ. ამ სოფლების მოსახლეობა საგონებელშია ჩავარდნილი, თვითონ მარტო ვერას გახდებიან, - გლეხობის საქმე შრომაა, თავგადადებული შრომობენ კიდეც და ოხრად მიუდით, ამ საქმეში აუცილებლად ხელისუფლება უნდა ჩაერიოს და მტრისგან გატაცებაგადარჩენილ მიწა-წყალს უშველოს. ამ სოფლების დღეები უიმედობაში გადის... მესამე წელიც თუ უწყლოდ ჩაივლის - გადახმება არემარე, სოფლებიც დაცარიელდება...

ცნობილია, რომ ტირიფონის და ბანათუს საინჟინრო სარწყავი სისტემის ამოქმედებამდე პატარა ლიახვიდან 7 რუთი ირწყვებოდა გორის რაიონის 25 სოფელი. ამ რუების აღდგენით შეიძლება ბევრ სოფელს ეშველოს... დრო კი არ ითმენს... რეგიონის ხელმძღვანელობამ თავის თავზე უნდა აიღოს და სადაც შესაძლებელია, ძველი რუების სასწრაფოდ აღდგენას უნდა შეუდგნენ.

აღსანიშნავია, რომ გაუქმებულ რუებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობები ნაკლებად იყო და ძირითადად მიწის სამუშაოებია შესასრულებელი ექსკავატორით და ბულდოზერით, თუ სამუშაოებს სახელმწიფო დააფინანსებს - ეშველება სოფლებს... სხვა გზა ამ სოფლების წყლით უზრუნველყოფისა ძვირად ღირებულია და დროში გაიწელება... ერთი სიტყვით, სარწყავი მიწათმოქმედების განვითარება ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს...

ალექსი მიმინოშვილი

P.S. ამ ხალხის სანუგეშოდ გორის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსს, ბატონ კახა დილიკაშვილს დავუკავშირდით. მისი თქმით, ამ სოფლების სავარგულების მორწყვა სოფელ ნიქოზის კაშხლით იგეგმება. ვიმედოვნებთ, ეს მანამ მოხდება, სანამ აქაურობა დაცარიელდება და მტერს ხელში უომრად ჩაუვარდება.