"მგზავრად დავყვები ნიავსა..." - კვირის პალიტრა

"მგზავრად დავყვები ნიავსა..."

ქართველები, სხვისი თვალით, უეჭველად უცნაური ხალხი ვართ, - გამუდმებულ ომებსა და სისხლის ღვრაში ვიცლიდით, გვემღერა, გვეცეკვა და ნამდვილი, დიდი პოეზია შეგვექმნა.

უფრო გასაკვირი ის არის, რომ ამ ძნელბედობაში შექმნილი სულიერი ძეგლები იმ განძად გვექცა, რითაც ახლა მსოფლიოში თავსაც ვიწონებთ და ვმკვიდრდებით კიდეც... გარდა ამისა, ჩვენი ეს ხასიათი გადარჩენაშიც გვეხმარებოდა. ეს ყველა დროში ასე იყო, არის  და იქნება კიდეც, - ახმეტიდანაც ამაზე გვწერენ. ჩვენც მოგვინდა ამ წერილით, ამ პოეზიით სიცოცხლის სიხარული გაგრძნობინოთ.

მოგესალმებით "კვირის პალიტრავ" და გიგზავნით ერთ პატარა ლექსების კრებულს, რომელიც ამას წინათ გამოვეცით ახმეტაში, - აქ ახმეტელი პოეტების ლექსებია და, მართალი გითხრათ, ყოველთვის სიამაყით ვფურცლავ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ პრობლემებით სავსე დროში მხოლოდ დედაქალაქში კი არა, რეგიონშიც იცლიან პოეზიისათვის, მეორეც, ამ კრებულის შემხედვარე ახმეტელებს თავადაც გვიკვირს და გვიხარია, რომ ბევრი პოეზიის მსახური გვყოლია. ვიცი, ამ სიტყვებს ზოგი წაიკითხავს და იტყვის, - რა დროს ლექსია, ხალხი სიღარიბის ზღვარზეაო, მაგრამ თუნდაც სიღარიბე და ძნელბედობა როგორ უნდა გადავიტანოთ და გავუძლოთ, თუ არა ისევ ისე ლექსითა და სიმღერით.

ახლაც ასეა და იმიტომაც გვგვრის შვებას ახმეტელებს ახმეტელი პოეტების ლექსები. სხვათა შორის, მათი უმეტესობა მთიდან არის ჩამოსახლებული. როგორც მოგეხსენებათ, ძარღვიანი და სულმდიდარი ხალხური ლექსი სწორედ მთამ შემოუნახა საქართველოს. ძნელბედობის გაძლების სურვილით და სიცოცხლის სიყვარულით გიგზავნით ახმეტელი პოეტების კრებულს. ვინძლო ერთი ლექსი მაინც ამოარჩიოთ და საქართველოსაც უწილადოთ ის სითბო, რითაც ახმეტელებს გვათბობენ ახმეტელი პოეტები.

პატივისცემით, ბელა ბიტარიშვილი, ახმეტა

P.S. ჩვენც ამოვირჩიეთ: ელგუჯა უძილაურის ლექსი. ის მამულის სიყვარულზეა. სიყვარულის დროც ხომ ყოველთვის არის, ძნელბედობაში, მით უფრო!

მწვერვალთა ნისლად ვშობილვარ, მგზავრად დავყვები ნიავსა. ხან ცის ლაჟვარდში ვნებივრობ ხან ჩამოვყვები წვიმასა. ხან მთა-ბარს დავეფინები, მივუალერსებ მძინარსა, ხან მოძმეთ ჭირთა მოზარე, ბალღს ჩამოვგავარ მტირალსა. ხან მწვერვალთ მხარზე შავდგები, უფალთან მივალ ჩოქვითა, დავალოცინებ მამულსა მტერმა ვერ ავნოს მტრობითა. ცოდვათა შენდობასა ვთხოვ, ჩემი არის თუ მოძმისა, ბევრჯერ ბოროტის ჩადენა ჭკვათა სიმცირით მოგვდისა.