ისევ მოწყალე გულების იმედად... - კვირის პალიტრა

ისევ მოწყალე გულების იმედად...

არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ: გვეუხერხულება თავად ყველაფერს მოკლებულ მკითხველს რომ მივადგებით და სხვის გადარჩენას შევთხოვთ. ამ ბოლო დროს ისედაც გახშირდა ხალხისკენ ხელის გაწვდენა - გვიშველეთო. ხალხისა რომ არ გვჯეროდეს, მაშინ ამ წერილსაც არ გამოვაქვეყნებდით.

რეალურად, ჩვენ ერთმანეთის გარდა პატრონი არავინ გვყავს, - ხელისუფლებამ ავადმყოფი ბავშვების უცხოეთში საოპერაციოდ გაგზავნაც პრაქტიკულად შეწყვიტა. მაგრამ საბოლოო ჯამში რაც ხდება, ბედნიერებაა - ქველმოქმედებით უფლისაკენ მიმავალ გზასაც ვინათებთ და ერიც კეთილშობილდება. ასე რომ, როცა კონვერტიდან ამოღებულ ჩვილის ფოტოს დავხედეთ და წავიკითხეთ, ეს წლის და სამი თვის ლუკა ხომერიკია და თუ არავინ დაეხმარა, ვერ იცოცხლებსო, მაშინვე მის ბებიას, თამარ ხომერიკს დავუკავშირდით.

- ქალბატონო თამარ, ბევრს არაფერს გკითხავთ, ამ თემაზე ისედაც გაგიჭირდებათ ლაპარაკი, მოკლედ მოგვიყევით, ლუკას რა სჭირს...

- ლიმფოჰემანგიომა - სისხლძარღვოვანი სიმსივნე. სხვა გზა მაინც არ არის, ეს უნდა აღვწერო, - სისხლძარღვებისაგან შედგენილი სიმსივნე მხრიდან იწყება და მუცელთან ჩადის და იმდენად მძიმეა, ახალფეხადგმულ ბავშვს გვერდზე ხრის. ვშიშობთ, ხერხემალიც არ დაუზიანოს.

- დიდი ხანია ასეა?

- სამი თვის ნაყოფს ექოსკოპიით დაუდგინეს. რძალს მოშორება არც უფიქრია, - ღმერთმა ასეთი მომცაო. ჩემმა ვაჟმაც - დედა, სანამ ღმერთი მოგვცემს მისი გაზრდის სიხარულს, უნდა გავზარდოთო. სხვა პასუხს არც ველოდი, ჩემი ორივე ვაჟი სტიქაროსანია ქაშვეთში. ჩემი ლუკა რომ დაიბადა, გვითხრეს, - საავადმყოფოდან ნუ გაიყვანთ, დიდხანს ვერ იცოცხლებსო.

- აქამდე რატომ არ გაუკეთეთ ოპერაცია?

- ძალიან პატარა იყო, დაიღუპებოდა. თანაც ჩვენ საოპერაციო სამედიცინო ტექნიკაც არ გვაქვს. ბედად, ისრაელელმა ექიმმა ნახა, - ჩვენს კლინიკაში მსგავსი ოპერაცია ამერიკელ ბავშვს გავუკეთეთ, ახლა ჯანმრთელი ბიჭიაო. მკურნალობა 80 ათასი დოლარი ჯდება. ან უნდა ვიშოვოთ, ან...

...მოდი, სხვას ნურაფერს ვიტყვით. მხოლოდ სატელეფონო კომპანიების ნომერს (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი: 700530) და ანგარიშს (მიმღები ბანკი: სს "ლიბერთი ბანკი"; ბანკის კოდი: ლბრტგე22; მიმღები: მირიან ხომერიკი; მიმღების ანგარიში: გე74ლბ0115153570482000. ტელეფონი: +99532555504) დავბეჭდავთ. დანარჩენი უფალმა ღმერთმა და მოწყალე გულებმა იციან.