წყალს მიაქვს ჩვენი სიცოცხლე... - კვირის პალიტრა

წყალს მიაქვს ჩვენი სიცოცხლე...

"ადრეც მინდოდა მომეწერა, მაგრამ კაცს მუდამ რაღაც უშლის ხელს. მეც შემიშალა. ამიტომაც, სამწუხაროდ, დაგვიანებით გწერთ, - ამ ზაფხულს კიდევ ერთი უბედურება მოხდა სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში.

ამ სოფლის ხიდიდან კიდევ ორი წაიღო წყალმა, სოფელმა საუკეთესო შვილები - ანა და აკაკი გერაძეები დაკარგა.  ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტზე "რეაგირებისას" დილის საინფორმაციო თათბირზე განცხადებით შემოიფარგლა, მერე კი გამწარებულ ჭირისუფლებს "საკომპენსაციოდ" ორიოდე გროში გამოუყო. აი, ასე დასრულდა ბაშის ბონდის ხიდის 8 მსხვერპლის ამბავი. მანამდე ამ ხიდიდან 6 კაცი წაიღო წყალმა. კიდევ რა იქნება, აღარ ვიცით...

არ ვიცი, რა ღვთის რისხვაა ჩვენს თავს, რომ ვისაც სოფლის პატრონობა ევალება, ამდენ სიცოცხლეს არად აგდებს...

ალბათ ვინმე გვეტყვის, თუ ადგილობრივი ხელისუფლება უვარგისია, ხიდი თავად სოფელმა რატომ არ შეაკეთაო... ფოტოს გიგზავნით და ნახეთ, თუ ამ ამბავს უბრალოდ ფიცრების გადაწყობა უშველის - წყალი მოვა და ისევ წაიღებს... სხვა ფუნდამენტური მასალა კი სოფელმა საიდან მოიძიოს? ვინ მოგვცა კაპიტალური ხიდის აშენების ფული?

იქნებ ადგილობრივ ხელისუფლებას თქვენ სთხოვოთ, გვიშველოს. ჩვენ მათ ვერაფერი შევასმინეთ.

პატივისცემით, ანტონ გეგეშიძე"

შეკეთება დავიწყეთ, მაგრამ მაინც დაზიანდება(?!)

იმას როგორ ვიფიქრებდით, რომ ორი ადამიანის ერთდროულად დაღუპვის შემდეგ სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლება ხიდის შეკეთებას არ მოჰკიდებდა ხელს. მაგრამ თურმე...

თავად ნახეთ სამტრედიის გამგებლის, ბატონი აკაკი უჯმაჯურიძის პასუხი:

- ბატონო აკაკი, ამ ზაფხულს სოფელ ბაშის ხიდიდან წყალში ორი ადამიანი გადავარდნილა და დამხრჩვალა... ალბათ ხიდის საფუძვლიანი შეკეთება უკვე დაიწყეთ.

- მაგ ადგილზე დაგეგმილი იყო კაპიტალური ხიდის აშენება, მაგრამ არ აშენდა, ბონდის ხიდი ამიტომაც გაკეთდა. მაგას შეკეთება მაინც არ უშველის, კაპიტალური ხიდი თუ არ აშენდა.

- აბა, ხალხი ისევ უნდა დაიხრჩოს? ფიცრებით მაინც გაგემაგრებინათ.

- კი, კი, შეკეთება დავიწყეთ, მაგრამ მაინც დაზიანდება.

- კაპიტალური ხიდის აშენებას რატომ არ ითხოვთ?

- სოფელს არ მოუთხოვია, ხიდი აგვიშენეთო.

- ამ ხიდის გამო რვა კაცი დაღუპულა და რაღა მოთხოვნა უნდოდა?

- ბიუჯეტში არ გვქონდა თანხა. ახლა დაიწყება ხიდის შეკეთება.

- აკი, უკვე დავიწყეთო?!

- არა, ჯერ მშენებლებმა ფული აიღეს და საქმეს რამდენიმე დღეში დაიწყებენ(!).

სიმართლე გითხრათ, ბატონი აკაკი უჯმაჯურიძის პასუხებიდან ვერაფერი  გავიგეთ. ამიტომ ვთხოვთ ყველას, ვისაც ეს საქმე ეხება, ნუღარ დაუშვებს ახალ უბედურებას. გარდა იმისა, რომ ღვთის წინაშე ჩვენი უმოქმედობით დანაშაულს ჩავდივართ, ქართველები არც ისე ბევრი ვართ და არავის აქვს უფლება, გულგრილად უყუროს, წყალს როგორ მიაქვს ჩვენი სიცოცხლე.