"კედარს რა თავში ვიხლით, ჰოლანდიური ნერგები ჩამოგვაქვსო" - კვირის პალიტრა

"კედარს რა თავში ვიხლით, ჰოლანდიური ნერგები ჩამოგვაქვსო"

ვლადიმერ ილიას ძე ლენინმა ყველა, ვისაც ჭკუა მოეკითხებოდა, ასეთი კი მაშინ ძირითადად არისტოკრატია იყო, ან მოსპო, ან სამსახურიდან გაყარა. მაგრამ რუსეთს საქმე ისე წაუვიდა, ლენინი დაფიქრდა და შერისხულთაგან ბევრი უკანვე დააბრუნა. გაგიკვირდებათ, რა შუაშია ახლა ლენინიო. გეტყვით:

რევოლუციის მამა იმ რევოლუციონერთა სამაგალითოდ გავიხსენეთ, ვისაც ყველაფერი ძველის მოშორება უნდა და ვერ ხვდება, რას სჩადის. მაგრამ ჩვენ რაღა დავაშავეთ? ან ბატონმა გივი ჯაბუამ?

ძვირფასო რედაქციავ, ზუგდიდის სოფელ კოლხეთიდან გწერთ მოხუცი მებაღე და თქვენ თუ მაინც გიყვართ ჩვენი ქვეყანა, უნდა მომისმინოთ. მამაჩემი და იმისი მამა მთელ დასავლეთ საქართველოში ცნობილი მებაღეები იყვნენ. მე ახლაც ვაგრძელებ მათ საქმეს. თუ ზუგდიდში ჩამობრძანდებით, ჩემს ბაღს გიჩვენებთ და მერე მითხარით, ჭკუათამყოფელ კაცს ამ ბაღის გამოუყენებლობა და გაწირვა როგორ უნდა მოუვიდეს თავში. მოკლედ, ბაბუაჩემმა ზუგდიდში, დადიანებთან ჩამოსული გერმანელებისგან ისწავლა მებაღეობა და ჩვენს სოფელში ედემის ბაღის გაშენებას მიჰყო ხელი. კედარიც შემოიტანა და გაახარა.

ძნელად კი, რადგან მხოლოდ კედრის თესლის გაღივებას და გახარებას იმდენი შრომა სჭირდება, კაცს ბუნება მთელი გულით თუ არ უყვარს, შრომას ვერ აიტანს. მაგრამ ბაბუამ არ დაანება და საქართველო ჩვენს ბაღში გახარებული კედრით გამწვანდა. ჩვენც გვიხაროდა და ვშრომობდით. ბოლოს კედარი თხუთმეტი წლის წინ დავთესე. მის გახარებას წლები სჭირდება. საკმაოდ მძიმე დრო კი იყო, მაგრამ ვფიქრობდი, ცხოვრება დამშვიდდება და უფრო დაგვჭირდება ქვეყნის გალამაზება-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ მოვიდოდა დრო და მოვიდოდა ხალხი, რომელსაც სილამაზისა არც ინჩიბინჩი ეცოდინებოდა და არც რაიმეს გაგება მოუნდებოდა.

მოკლედ, ჩემი ნალოლიავები ორი ათას ხუთასი ძირი კედრის საცოდაობით ვისაც კი მივადექი, - მიშველეთ, ამ ხის გახმობა არ შეიძლება-მეთქი, ხელი მკრეს, - ახლა კედრის დრო აღარ არის, თქვენი ნერგები არ გვჭირდებაო. აბა, რა სჭირდებათ, რაც ადამიანი არსებობს, ძვირფასი ჯიშის ხეებს ეძებს და ახარებს, ახლა რა, ადამიანს სუნთქვა აღარ უნდა, თუ რა უბედურებაა ჩვენს თავს?!

პატივისცემით, გივი ჯაბუა

წერილის წაკითხვის შემდეგ ბატონ გივის დავუკავშირდით.

- ბატონო გივი, ამ თხუთმეტ წელიწადში რამხელა გახდა თქვენი კედრის ნერგები?

- გააჩნია, რა ნიადაგზეა, - სამიდან ექვს მეტრამდე ნერგები მაქვს.

- სხვადასხვა ნიადაგზე თუ გაქვთ, ესე იგი, თქვენს სანერგეს დიდი ფართობი უჭირავს.

- რა თქმა უნდა. ჩემი მამა-პაპა ამ საქმიანობას მისდევდა, მთელ საქართველოს ამარაგებდა და მე მათი ნაამაგარი მიწა არ გავაუდაბურე. ჩემს შრომას არ ვჩივი, ნერგები მეცოდება - უკვე გადარგვა სჭირდება. თუ არ გადაირგო, გახმება.

- ადგილობრივმა ხელისუფლებამ რატომ არ გვჭირდება კედარიო?

- არც იციან, რა არის. ჩემს ქალიშვილს ჰკითხეს, - დაგვანახე, ერთი, რა ხეაო. რომ დაანახა, - ეგენი აღარ გვჭირდება, ჰოლანდიური ნერგები ჩამოგვაქვსო.

- მერე, ჰოლანდიური ნერგები ზუგდიდში იხარებს?

- როგორ გეკადრებათ, ის ხეები დეკორატიულია, თავისი კლიმატის შესაფერისი. სად ზუგდიდის და სად ჰოლანდიის ჰავა! ჩამოიტანენ და ხმება. რა გითხრათ, არ ვიცი, დეკორატიულ ხეს სად შეუძლია იმდენი ჟანგბადის გამოყოფა, რამდენსაც კედრის ძვირფასი ჯიში იძლევა.

- რა უნდა ქნათ, ბატონო გივი?

- რა ვიცი, თქვენ მოგმართეთ. კი მოგწერეთ, ქვეყანაში ჭკუის საკითხავი კაცი არ მგონია, იყოს-მეთქი, მაგრამ იქნებ მაინც დარჩა და რამე მოიფიქროს.

P.S. ახლა ენციკლოპედიაც გადავშალოთ: "კედარი მარადმწვანე, ფიჭვისებრთა ოჯახის მცენარეა, საქართველოში მე-19 საუკუნეში შემოიტანეს. კედრის წიწვი სასარგებლოა სასუნთქი სისტემით დაავადებულთათვის. იზრდება 50-60 მ, მისი სისქე 3,4 მ-ია და 1000 წელიწადს ცოცხლობს. აქვს მაგარი, მკვრივი და გამძლე მერქანი, რისთვისაც საავეჯო მასალად იყენებენ."

აი, ასე, იქნებ ახლა მაინც დაფიქრდეთ!