ნეტაი, არ დაგვპატიჟებენ? - კვირის პალიტრა

ნეტაი, არ დაგვპატიჟებენ?

"პატივცემულო რედაქციავ, ტკბილი რამ უნდა მოგაგონოთ, მეც ხშირად მაგონდება ხოლმე, როცა მაღაზიაში შევივლი და თვეობით ნადებ გახუნებულქაღალდიან კანფეტებს შევხედავ.

გახსოვთ ჩვენი ბავშვობის "დათუნიები" და "ყარაყუმები"? მათ დახლზე ამდენ ხანს ვინ გააჩერებდა! აფსუს, რა ტკბილი იყო! ალბათ, ბავშვობაში თქვენც ერთი სული გქონდათ, როდის შემოაღებდა კარს ვინმე და ქართულ "დათუნიებსა" და "გრილიაჟებს" (თუნდაც "ფისო-ფისოს" და "ნუგას") როდის მოიტანდა... მოკლედ, რაღაც სასწაულით ამ კანფეტების მწარმოებელი ქარხანა ისევ დგას დიდუბეში. ბავშვობა რომ ყველასთვის ძვირფასია, ამაზე დაეტყო - ეტყობა, ყველას გაუჭირდა ხელის წაწვდენა საკუთარი ბავშვობის გასაძარცვად. ერთი სიტყვით, რამდენიმე კაცმა ამის გამო ღმერთს მადლობა შევწირეთ, ხალხი შევაგროვეთ და გადავწყვიტეთ, შოკოლადის  წარმოება  აღგვედგინა. მაგრამ ამდენი წლის დადუმებულს ასე ადვილად რას აღადგენ და დახმარება დაგვჭირდა. ავუტალახეთ კარი მთავრობას და როგორც იქნა, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, ბატონი ლაშა ჟვანია მობრძანდა მხლებლებითურთ. მობრძანდა და, ისე თქვენ გაიხარეთ, როგორც ჩვენ გაგვახარა, სულ თვალებში შევციცინებდით, იქნება გვიშველოს და ფაბრიკა აგვამუშავებინოსო.

იმანაც დაგვაიმედა, - როგორ არა, ოღონდ თქვენ იმუშავეთ, ყველაფრით დაგეხმარებითო...

ერთი სიტყვით, ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში, დღე-დღეზე ველოდით, დაგვიძახებენ, კარი გაიღება და შემოგვივა საწარმოს ასამუშავებელი იარაღები თუ ზოგი მასალაო... და აჰა, ორ დღეში კარიც გაიღო და... რაც გვქონდა, ისიც მანქანებზე დადეს და წაიღეს... ანუ მთავარი, ძალზე ძვირად ღირებული საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი ხაზი წაიმძღვარეს...

ბავშვობაც ასე დავიბრუნეთ - უნდა გენახათ, როგორ გაგვიფართოვდა თვალები იმ მანქანების ეზოდან გასვლისას.

სად გინდა ახლა მოიკითხო ეს ხაზი? - ბატონი ლაშაც და ისიც, ბავშვობაში ნაჭამ "ნუგასავით" გაქრნენ. ისე კი მოვკარით ყური, ნატახტარში წაიღეს, პრეზიდენტის ოჯახის ერთი წევრი აშენებს ქარხანას და იქ მიიტანესო, მაგრამ ნეტაი, ჩვენ არ დაგვპატიჟებენ იმ ქარხნის კანფეტებზე?

პატივისცემით, უცნობი (იცით, რატომაც არ გწერთ სახელს)"

ბატონო თუ ქალბატონო უცნობო, მაგ ამბავმა ჩვენც დაგვაინტერესა, დაგვპატიჟებენ თუ არა, არავინ იცის. ისე, კი შევეცდებით, მოვიძიოთ, ის ხაზი სად გაქრა. თუ ჯერჯერობით ძველებურ "ნუგასა" და "შოკოლადებს" ვეღარ ვეღირსებით, იმას მაინც დავადგენთ, რის გაკეთებას აპირებენ ამ ხაზზე. რა იცი, "მარცხი" ელანძეა და ეგება რამე იმისთანა გავიგოთ, ჩვენც თვალები გაგვიფართოვდეს.