"ალიევის ძეგლს ხომ ყოველდღე ვრეცხავთ(?!)" - კვირის პალიტრა

"ალიევის ძეგლს ხომ ყოველდღე ვრეცხავთ(?!)"

როცა ავთანდილ ქიზიყურაშვილის წერილს ვკითხულობდი, როგორც დიდ განსაცდელში გაიელვებს ხოლმე მთელი ცხოვრება, ჩემი ერის ისტორიამაც ისე ჩამიარა თვალწინ.

შესაძლოა,  ბევრმა თქვას, - მერე რა, დიდი საქმეო, მაგრამ ბევრიც ჩაფიქრდება, - მსგავსი რამ მეც ხომ ხშირად მემართებაო. ასეთი ასოციაციები ტყუილად არ ჩნდება - ჩვენ ღირებულებათა გადაფასების დროში ვცხოვრობთ, ეს კი, როგორც ადამიანს, ერსაც ხშირად აგდებს განსაცდელში.

უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი გახლავართ. სამწუხაროდ, ჩემი და ჩემისთანების საქმიანობას დღეს ლანძღვის გარეშე იშვიათად თუ მოიხსენიებს ვინმე. მაგრამ გულწრფელად გეტყვით და, არა მგონია, ვცდებოდე, - ჩვენ, ასეთი სალანძღავები, ჩვენს ქვეყანას, ხალხსა და ფასეულობებს არასოდეს მოვქცევივართ ისე, როგორც მაგინებელნი იქცევიან. მაგრამ ჩვენ მაინც არ გადავჯიშდებით - ამათ გვერდით მაინც არის ხალხი, ვინც თავგანწირულად, ხმალამოღებული იცავს ერის ფასეულობებს. გმადლობთ, ამ ბრძოლაში რომ ფხიზლობთ. ამიტომაც სწორედ თქვენ უნდა გაგანდოთ ჩემი გულისტკივილი.

თბილისში, ორთაჭალაში, სამასი არაგველის ბაღთან კრწანისის გმირთა სიმბოლური სასაფლაოა. სწორედ აქ იდგა პიონერთა სახლი, რომელიც, როგორც ჩანს, რომელღაც ბიზნესმენმა იყიდა და დაახლოებით 7 წლის წინ დაანგრია ალბათ ახალი მშენებლობის დასაწყებად. მაგრამ ნანგრევები ნანგრევებად დარჩა...

ამავე ბაღში დგას აბო თბილელის მონუმენტი. ვიღაც ნაძირალამ შვიდჯერ მაინც მოამტვრია ფეხი ჯართში ჩასაბარებლად და ქანდაკების ავტორმა შვიდჯერვე თავისი ხარჯით აღადგინა. მერვედ ვეღარ შეძლო. მის დანახვაზე სულ იმ სამსახურებზე ვფიქრობ, რომლებიც ტრაბახობენ, მთელ ქალაქში ვიდეოთვალი დავაყენეთ და დამნაშავეები ხელიდან ვერ დაგვისხლტებიანო. ერის სიწმინდეთა იავარქმნა ალბათ დანაშაულად არ მიაჩნიათ, თორემ როგორ დავიჯერო, შვიდი შემთხვევიდან დამნაშავე ერთხელ ვერ დაიჭირეს. აბა, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ქანდაკება ჩაეგდო ვინმეს ამ დღეში! შორს კი არ არის, ისიც ორთაჭალის აბანოებთანაა. ალიევის ძეგლს ყოველდღე რეცხავენ და გარშემო ბაღიც გაუშენეს.

თქვენმა გაზეთმა ილია ჭავჭავაძის იავარქმნილ მონუმენტზე რომ ერთი ამბავი ატეხა და ამდენი "დიდებული პროექტის" დამფინანსებელმა მთავრობამ გროში ვერ გაიმეტა მის მოსაწესრიგებლად, ამას ერისშვილობა ჰქვია? სხვათა შორის, არ გამიკვირდა, - რუსთაველზე დგას ერის ორი ბუმბერაზის, ილიასა და აკაკის ძეგლი და მტრედების სკორე რომ გადაწმინდონ, ისიც ეზარებათ. ეს სკორე ტელეგადაცემებშიც კი ჩანს.

ჩემო ძვირფასო "კვირის პალიტრავ", თუკი ამ წერილს დამიბეჭდავთ, იქნებ მეც შევურხიო ქართველებს ის სიმი, რასაც ქართველობა ჰქვია.

პატივისცემით, ავთანდილ ქიზიყურაშვილი