"ჩვენ ვართ გადაჯიშებულები?!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვართ გადაჯიშებულები?!"

გამარჯობა "პალიტრა"! უნდა გითხრათ, რომ წუწუნი ძალიან მეზარება. არადა, ყველგან წუწუნი მესმის. ოჯახში რომ დაიწყებენ ფასების აწევიდან, მთელი დღე "რა გვეშველება-რა გვეშველებას" გაიძახიან. ამიტომ სიტყვის გაუგრძელებლად ვიტყვი:

ბიჭებს ყელში გვაქვს ამოსული ვიღაც-ვიღაცების საყვედური, - ახალგაზრდობა გადაჯიშდაო. ჩემი მეზობელი შავ-გოგიათი დაწყებული, რომელიც რამდენჯერაც ბიჭები მუსიკალურ ცენტრს ჩავრთავთ, იმდენჯერ იატაკის საწმენდი ჯოხით გვიბრახუნებს ქვემოდან, მასწავლებლებით დამთავრებული, გვიჩიჩინებენ, - გადაგვარებულები ხართო. მაგარია, არა! ხან ვპასუხობთ, ხანაც არა. პასუხი კიდევ უარესი გამოდის ხოლმე, არც აზრი აქვს. ამიტომაც გწერთ ამ წერილს. მიკვირს, რაიმე კარგს რომ ვაკეთებთ, ეს ხალხი იმას რატომ ვერ ხედავს. ამას წინათ ძმაკაცმა დამპატიჟა ქორწილში. რომ შევხედე, თავში დამარტყა, - ესეც რა მაგრა "გადაჯიშებულია"-მეთქი!

თეთრი ჩოხა ეცვა და მაგრად უხდებოდა, ქართულიც მაგრად იცეკვა. რომ ვკითხე, - ცეკვა როდის იცოდი, ბიჭო-მეთქი, მე და თამუნამ ორი თვე ვიარეთ მასწავლებელთან, ქორწილში კარგად რომ გვეცეკვაო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ჩვენს ძვირფას ბებია-ბაბუას და მშობლებს მილიონი წელიწადი არ მოუვიდოდათ აზრად, ნეფე-პატარძლობისას ქართული ჩოხა ჩაეცვათ! მაშინდელი გოგოები ხომ გააფრენდნენ, სიძეს რომ გამოეცხადებინა, ქორწილზე ჩოხა უნდა ჩავიცვაო, ეგრევე ჩაშლიდნენ ქორწილს. თანაც მარტო ჩემი ძმაკაცი კი არ "აფრენს" ასე, ახლა ქორწილში ბევრი იცვამს ქართულ ჩოხას. თუ ვინმეს არ სჯერა და არც ამისთანა ქორწილში ყოფილა, ცოტა ხანს დადგნენ, მიშამ რომ ხიდი გააკეთა სანაპიროზე, იქ ნახავენ (ისე, ამ ხიდსაც რას გადაეკიდა ხალხი, მაგრად შემოვიდა ქორწილებში მოდაში ამ ხიდზე გავლა).

სხვათა შორის, ჩემს ქორწილში მეც ჩოხის ჩაცმას ვაპირებ!

გიორგი შურღაია

P.S. ბოლო დროს მომრავლდა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი წყვილების ქორწილები. თითქოს არაფერი, უბრალო ნიუანსია, მაგრამ ამისთანა უბრალო ნიუანსი სწორედ მაშინ იჩენს თავს, როცა ერის მთლიან სხეულს რაიმე საფრთხე ელის. ამიტომ როცა გიორგივით დამინახავს სანაპიროზე ეროვნული ტანსაცმლით შემოსილი წყვილები, გულს გახარებია - რის გლობალიზაცია, რა გლობალიზაცია, ჩვენ ვერაფერი მოგვერევა-მეთქი!