ამათ უნდა გვაჯობონ?! - კვირის პალიტრა

ამათ უნდა გვაჯობონ?!

"რა ვქნა, უნდა მოგწეროთ, პატივცემულო რედაქციავ! დავფიქრდები, როგორ "ავიწყვეთ" ცხოვრება ქართველებმა და უმალ მახსენდება - ჩვენზე მოწესრიგებულად ის

არსებები ცხოვრობენ, უგონოს რომ ვეძახით. სულ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: გორილებს აქვთ ავტოკრატია, ანუ თვითმპყრობელობა. მეთაური ჯოგს ნებისამებრ მართავს - ეს პრიმატები ისეთ ბელადს ირჩევენ, რომელიც ჭაღარაა, ანუ ბევრი რამ უნახავს და გამოცდილია. ამიტომაც იგი ყოველთვის სამართლიანად განაგებს ჯოგს და ყველა უსიტყვოდ ემორჩილება. საკმარისია მეთაურმა პირი საითკენმე ქნას, რომ ჯოგი, როგორც ერთი, უკან მიჰყვება.

ჩვენს მეგობარ ფუტკრებს უმაღლესი საარჩევნო სისტემა აქვთ. ისინი ირჩევენ დედადედოფალს, რომელიც ქვეშევრდომებს ისე ანაწილებს, ბევრი ქვეყნის მმართველს შეშურდება (ჩვენსას ხომ მით უმეტეს!). დედაფუტკრები, ძიძები, საკვების მომპოვებლები, მხლებლები უდრტვინველად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას - აბა, გაბედოს და ვინმემ არ შეასრულოს! სხვათა შორის, ფუტკრებში დემოკრატიულზე დემოკრატიული საარჩევნო სისტემა არსებობს, - ჯერ ერთი, სადედადედოფლე უნდა გაიზარდოს და, გაძლიერდეს. თანაც, ჩვენი კანდიდატებივით ფიქციურად კი არა, ფუტკრებში ამ წოდების ორი რეალური კანდიდატი არსებობს - დედადედოფალი და მისი და. ზოგი ფუტკარი დედადედოფალს უჭერს მხარს, ზოგი - მის დას. ორივე გუნდი ცალ-ცალკე იწყებს ბზუილსა და ვინც უფრო ძლიერად "დაიგუგუნებს", გამარჯვებულიც ის არის...

ჭიანჭველებს კი ისეთი მაღალგანვითარებული დემოკრატიული მმართველობის სისტემა გააჩნიათ, შეგშურდებათ - ყოველთვის კოლექტიურად წყვეტენ მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, მეზობელ ჭიანჭველებთან დამეგობრებაზე ან ომის გამოცხადებაზე... ისინი იმდენად მოწესრიგებული არიან, რომ ჩარლზ დარვინმა ისიც კი თქვა, - საკითხავია გონებრივად ვინ უფრო მაღლა დგას, ჭიანჭველა თუ ადამიანიო...

და კიდევ: ეს "უგონო" არსებები არანაირი სატყუარისა და ქრთამის ფასად ცხოვრების წესს არ შეცვლიან და არ დაამხობენ.

მაშ, ჩვენ რაღა დაგვემართა, ყველაფერს თავზე რატომ ვიმხობთ? რა ამბავია ამდენი ქაოსი და რია-რია ან მთავრობაში, ან ხალხში. ამისთანა რა გაგვიჭირდა, რომ ცხოვრებას თავი ვერა და ვერ დავადგით? არ ვიცი, არ ვიცი... მე მხოლოდ იმიტომ მოგწერეთ, რომ ეგებ ვინმემ წაიკითხოს და შერცხვეს-მეთქი...

პატივისცემით, ნანა ლომთაძე"

მოდი და, ქალბატონ ნანას ნუ დაეთანხმები: ჩვენც მანდ ვართ, ქალბატონო ნანა, მაგრამ მარტო ჩვენი "მანდ" ყოფნა საქმეს ვერ უშველის. მათ, ვინც ამ ქვეყანას უნდა აწესრიგებდეს, ჭიანჭველებისა და ფუტკრებისკენ რა მიახედებთ, ხალხი ეხვეწება, მოგვხედეო და თავის შებრუნება ეზარებათ. მოკლედ, პრობლემა თავებშია... აღარ ვიცით, იმათ თავებს რა ეშველება ან თქვენთან ერთად საკუთარ თავს როგორ ვუშველოთ.