"რატომ იღებ შენით უცხოს?!." - კვირის პალიტრა

"რატომ იღებ შენით უცხოს?!."

არ გვეგულება ღირსეული ქართველი, ვისაც გულში ეკალივით არ ხვდებოდეს ჩვენი ენის უსულგულო დანაგვიანება უცხო სიტყვებით. ერს ენა ინარჩუნებს და რადგანაც ხვედრად სულ ბრძოლა გვერგო, ამის წინააღმდეგაც ხმალამოღებული უნდა ვიბრძოდეთ. ამის თაობაზე ბევრჯერ დაგვიწერია, მაგრამ ამ წერილმა განსაკუთრებით გაგვახარა, - ჩვენი ენისთვის ბრძოლა ახალგაზრდებსაც დაუწყიათ! გული იმედით აგვევსო, - ახლა მათ ვაბარებთ საქართველოს.

"არა! სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა, კი!", სხვისა არ ვიცით, მაგრამ ჩვენ კლასში ხშირად ვიხსენებთ მუხრან მაჭავარიანის ამ სტრიქონებს: "რა გინდა, რომ აქ არ იყოს, ენა იტყვის რას! სიტყვა გინდა?! - მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა. მე შენ გეტყვი - არ გეყოფა სიტყვის მარაგი... არა! სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა, კი!"

ეს ლექსი 1960 წელს დაიწერა, როცა რუსული ბარბარიზმები მშობლიურ ენას გვინაგვიანებდა. თითქოს არ გვყოფნიდეს: "პოლი შევღებე", "კუხნაში შევედი", "საროჩკა ვიყიდე", ჩვენივე ნებით, ინგლისური სიტყვებითაც დავიწყეთ დანაგვიანება.

იქნებ ვინმე შეგვეკამათოს, - ჩვენ ხომ არაბულიც გვიტევდა, სპარსულიც, თურქულიც, მაგრამ ქართული ენა არსებობდაო. კი ბატონო. თუმცა მათ ვეტყვით, რომ ჩვენი "ვეფხისტყაოსნის" გასაგებად განმარტებით ლექსიკონს ვიშველიებთ და უცხო სიტყვათა შემოტევა თუ ასე გაგრძელდა, თუ ასეთი ტემპით დავივიწყებთ ძირეულ ქართულს (სულხან-საბას ლექსიკონს გადახედეთ - რამდენ სიტყვას წაეყარა ფერფლი!), მომავალ თაობას ილიას, აკაკის, ვაჟას წასაკითხადაც განმარტებითი ლექსიკონი დასჭირდება!

ერთია, როცა ძალადობით მკვიდრდება სიტყვა და უარესია, როცა შენი ნებით იღებ უცხოს. "რად გვინდოდა სპარსული "ფანჯარა", როცა გვქონდა საკუთარი "სარკმელი", -  წერდა აკადემიკოსი აკაკი შანიძე, - რად გვინდოდა არაბულ-სპარსულ-თურქული "ლოთი", რომლის ნაცვლად რამდენიმე სიტყვა გვაქვს: "მსმელი", "მოსმური", "მემთვრალე"?!.

"ქართულით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას, რა გინდა რა ენით... ქართული ენა თავისი შინაგანი თვისებებით ისეთია, რომ თამამად შეიძლება გვერდში ამოუდგეს მსოფლიოში დიდად გავრცელებულ ენებს", - ამას ნიკო მარი წერდა.

უცხო ენების ცოდნის აუცილებლობა და სარგებლიანობა ჩვენც კარგად ვიცით, მაგრამ ჩვენი ენის დაკნინება გვაშინებს! მშობლიურის გადაგვარების შიში მას შემდეგ მოგვეძალა, როცა ქართულის მასწავლებელმა ამ ბოლო წლებში ინგლისურენოვანი ბარბარიზმების მოძიება დაგვავალა (საკუთარ მეტყველებასაც დავუკვირდით). ჩვენს გაოცებას და გულისტკივილს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საგანგებოდ ამ მიზნით ვუსმინეთ რადიო და ტელეგადაცემებს! საპატრიარქოს ტელევიზიის გარდა, ყველა არხის ჟურნალისტთა და რესპონდენტთა 99% დამახინჯებული ქართულით მეტყველებს!

კვლავ უდიდეს მეცნიერს, აკაკი შანიძეს დავესესხებით: "უცხო ენების გავლენა ისე მოედო ქართულ ლექსიკასა და სინტაქსს, რომ მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ისე შევეჩვიეთ მრავალ სიტყვას, გამონათქვამსა და წინადადებების აგებას, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია, სხვანაირად შეიძლება თუ არა იმავე აზრის გადმოცემა. მიზეზი ის არის, რომ არ ვუვლით ქართულ ენას, ვერ ვუვლით, როგორც საჭიროა, არ ვიღებთ სათანადო ზომებს!" (1979 წელი).

ახლა ჩვენ მიერ მასმედიით შეგროვებული ბარბარიზმები უნდა შემოგთავაზოთ, - ყველას რა მოთვლის, მაგრამ მაინც საკმარისია იმისთვის, განვსაჯოთ, გვაქვს თუ არა შიშის საფუძველი!

ბაიკერი - მოტოციკლისტი ბექები - სიმღერაში სოლოს თანმხლებნი ბიზნესლანჩი - საქმიანი სამხარი ბრეიკი - შესვენება გოლკიპერი - მეკარე დასეივება - შენახვა, დამახსოვრება ივენთი - ღონისძიება იმეილი - ელექტრონული ფოსტა მენეჯერი - მმართველი, ხელმძღვანელი მესიჯი - შეტყობინება ნიუსები - სიახლეები ონლაინი - პირდაპირი პარკინგი - მანქანის სადგომი რეფერი - მსაჯი სეილერი - მეზღვაური, მოცურავე სეილი - ფასდაკლება ტოპათეული - ზეათეული, პირველი ათეული ტოპკითხვები - ძირითადი, მთავარი კითხვები ჩეთაობა - ჭორაობა.

ასე რომ, მოვუაროთ მამა-პაპათა ნაანდერძევს, თორემ მალე ჩვენი ენა ესპერანტოს (ხელოვნურად შექმნილი ენა) დაემსგავსება. კონსტანტინე გამსახურდიამ კი ასე თქვა: "მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისთვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორიც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი!"

62-ე საჯარო სკოლის VIIIა კლასის მოსწავლეები