"გთხოვთ, ამას ნუ დაუშვებთ!" - კვირის პალიტრა

"გთხოვთ, ამას ნუ დაუშვებთ!"

ხომ ყველას გვახსოვს ბავშვობაში წაკითხული ზღაპარი, სადაც მეფე გზირებს ხარკის ასაკრებად უშვებდა და ყოველ დაბრუნებაზე ეკითხებოდა, - აბა, მითხარით, ხალხი რას შვრებაო.

ისინიც ყოველ უკან დაბრუნებაზე პასუხობდნენ, - ხალხი ტირის, მეფეო. მაგრამ დადგა დღე, როცა გაოგნებულებმა მოახსენეს, - არ ვიცით, ხალხს რა მოუვიდა, მაგრამ ამჯერად იცინიანო. აი, ახლა ცუდადაა საქმეო! თქვა მეფემ და ხარკის აკრება დროებით შეწყვიტა. ეს არაკი გაგვახსენდა, როცა ახალციხის რაიონიდან შვიდასი კაცის ხელმოწერილი წერილი მივიღეთ, - ჩვენი ხელისუფლებაც თუ არ მიხვდა, რომ ხალხი უკვე ვეღარ უძლებს პრობლემებს, მისი  საქმეც ცუდად იქნება და ჩვენიც, ხალხისაც! პატივცემულო რედაქციავ, არ იფიქროთ, ეს შვიდასი კაცი ჩვენს პრობლემას მხოლოდ თქვენ გახვევდეთ თავზე, მაგისთვის ნამდვილად არ გვემეტებით, - ახალციხეშიც ძალიან გვიყვარხართ.

მაგრამ ეკონომიკის სამინისტროსაც მივმართეთ, რკინიგზის დეპარტამენტსაც და როცა  დავრწმუნდით, ჩვენი გულისტკივილის გამგები არავინ არის, წერილს გიგზავნით, -  ნამდვილად ვიცით, პრეზიდენტი და მთავრობა თქვენს გაზეთს კითხულობენ. ეგებ ახლა მაინც დაფიქრდნენ, როგორ გაართულეს საქმე ისეთ მხარეში, რომელშიც ისედაც არ არის იოლად საქმე. ასე რომ, გონიერი კაცი იმას ნამდვილად არ მოიმოქმედებდა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ქნა, - ის  მატარებელი მოხსნეს, რომელიც დედაქალაქიდან ჩვენს მხარეში დადიოდა და მოსახლეობას საკმაოდ რთულ ყოფას უმსუბუქებდა.

არადა, ჩვენი რკინიგზა - თბილისი-ვალე, 1941-1945  წლებში, ანუ იმ დროს არის გაყვანილი, როცა ჩვენს ქვეყანას ბევრად უარესი დრო ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. რას ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება, - საჭირო რომ არ ყოფილიყო, ამ რკინიგზას ხომ არავინ გაიყვანდა?! იქიდან მოყოლებული ჩვენი მოსახლეობა, ქართველი იქნება თუ სომეხი, ამ რკინიგზით ითქვამდა სულს, - დედაქალაქამდე მგზავრობა იყო საჭირო თუ პროდუქტების ჩამოტანა, შედარებით იოლად ვახერხებდით, რადგან მგზავრობა ოთხი ლარი ღირდა. ახლა, რა გამოდის? გზა გავიყვანეთო! კეთილი და პატიოსანი, მაგრამ იმას რატომ არავინ კითხულობს, შეგვიძლია თუ არა ამ გზით სარგებლობა? ახლა "მარშრუტკა" 12 ლარი ღირს და თუ "მარშრუტკაში" 12 ლარი ვიხადეთ, განა რა უნდა ავიღოთ იმდენი ჩვენს პროდუქტებში, რომ ეს ხარჯი გაასწოროს? არადა, ადრე ამით ვცხოვრობდით, - იაფად ჩამოგვქონდა ყველაფერი თბილისში და სულს ვითქვამდით.

ეკონომიკის სამინისტრომ, - თბილისი-ვალეს მარშრუტი იმიტომ შეჩერდა, რკინიგზის რეაბილიტაციას ვახდენთო! ტყუილია, რკინიგზაზე არაფერი რეაბილიტაცია არ მიმდინარეობს, სატვირთო მატარებლებიც ჩვეულებრივად დადიან, ჩვენი მხარე კი დედასაქართველოს შორდება.

გვიშველეთ, უთხარით პრეზიდენტსა და მთავრობას, ჩვენკენ მოიხედონ. ისიც გააგებინეთ, რომ აქეთ მოხედვა, საქართველოსკენ მოხედვის ტოლფასია. იმას ნუ გააკეთებენ, აქ აღარაფერი დაეკითხონ საქართველოს. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან.