"თუ შრომობ, უდაბნოსაც ბაღნარად აქცევ" - კვირის პალიტრა

"თუ შრომობ, უდაბნოსაც ბაღნარად აქცევ"

პროდუქტების გაძვირებაზე დღეს იმდენს ლაპარაკობენ, რომ ხალხში პანიკის დაწყებას აღარაფერი უკლია, მაგრამ გვერწმუნეთ, გამანადგურებელი შიმშილობა საქართველოში არასოდეს ყოფილა და არც იქნება.

ამის საფუძველს ვინმე მდიდარი უცხოელი მომწოდებელი კი არა, ჩვენივე მიწა-წყალი გვაძლევს - შეიძლება ისე გარჩინოს, რომ დამუშავებაც არ ვაღირსოთ. ალბათ ამიტომაც გავზარმაცდით ქართველები. ნურც ეს ეწყინება ვინმეს, - ფაქტი ჯიუტია: ჩვენი მიწა ხელისუფლების გულარხეინობით და ჩვენი სიზარმაცითაცაა გაუდაბურებული, ჩვენ კი ამის მიზეზად რაღაც არგუმენტებს ვეძებთ.

ხელისუფლება მარცვლოვანი კულტურების უქონლობას ქართული თესლის უვარგისობას მიაწერს - მოსავალს არ იძლევაო და გაფაციცებული ეძებს, სად და როგორ შეიძინოს გენური ინჟინერიის მიღებული "უხვმოსავლიანი" თესლი. რას იზამ, ჩვენც ცოდვა ვართ და ჩვენი ხელისუფლებაც, რომ არც იმის დანახვა შეგვიძლია, თუმცა, რადგან მაინც იმედი გვაქვს, რომ ჩვენში ერის გულშემატკივარი გლეხი ბევრია, ამ წერილს მათთვის ვბეჭდავთ.

ბატონებო, მე იმ ხნისა და ხელობის კაცი გახლავართ, რომლისთვისაც არც მიწაა უცხო და არც მისი დამუშავება, ამიტომ ვბრაზდები, როცა ხელისუფლება ლაპარაკობს, უცხოეთიდან უხვმოსავლიანი თესლის შემოტანაა საჭიროო. მაინც რომელი თესლი სჯობია გემოთი და უხვმოსავლიანობით განთქმულ ქართულ ხორბალს, რომელიც კახელმა გლეხმა რომ მოიყვანა, იქვე დაალპობინეს, რადგან უცხოეთიდან შემოტანილი ფქვილით მილიონებს შოულობენ...

მაგრამ ახლა ხორბალზე კი არა, ქართულ სიმინდზე მინდა მოგითხროთ, რადგან ისიც ისეთივე პურია, როგორიც ხორბალი და მისი მოსავალი ბევრად უფრო სწრაფად მიიღება, ვიდრე ხორბლისა. მხოლოდ შრომა, მონდომებაა მთავარი, რომ ჩვენი სიმინდი უხვმოსავლიანი იყოს, ხოლო გემრიელი ისედაც არის. სიმინდის უხვი მოსავლის მიღება ყველა გლეხმა იცის აგროწესების დაცვით, რამდენიმეჯერადი გათოხნითა და სასუქის შეტანით. ეს საქმე აღმოსავლეთ საქართველოში ცოტა უფრო შრომატევადია, რადგან აქ აუცილებელია ყანის არანაკლებ 2-3-ჯერ მორწყვა. გეტყვით, რომ აღმოსავლეთ საქართველოშიც ისევე შეიძლება სიმინდის უხვი მოსავლის მიღება, როგორც დასავლეთში, ამის მაგალითი მაქვს. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ერთისში შალვა შავიანიძე 3 ჰა სახნავ მიწას ისე ამუშავებს ყოველწლიურად, რომ სიმინდი თავისთვისაც ბლომად აქვს და გასაყიდადაც. ის კი არა, პროფესიით ზოოტექნიკოსმა მეცხოველეობის პატარა ფერმა შექმნა, ოციოდე ძროხას უვლის და სიმინდითაც კვებავს.

- სიმინდს ყოველთვის ერთი წლის ნასვენ ნაკვეთზე ვთესავ, - ჰყვება შალვა, - ადგილობრივი ჯიშის სიმინდს ვთესავ 20 აპრილის შემდეგ. შემაქვს ჰერბიციდი, რომელიც სრულიად სპობს სარეველა ბალახს და თოხნა აღარ სჭირდება. თესვისთანავე ნაკვეთს ვამზადებ მოსარწყავად - ვკვალავ ზოლებად. ვრწყავ სამჯერ, რაც შრომატევადია, მაგრამ აუცილებელი. ბოლოს კი ჰექტარზე 80 ცენტნერი სიმინდი მაინც მომდის, დიდი ტაროებით. დასვენებულ ნაკვეთზეც 1 ჰა-დან 1.5 ტონა ჩალას ვამზადებ. ჰექტრის დამუშავება 400 ლარი მიჯდება. ძვირია, სამაგიეროდ, ისეთი მოსავალი მომდის, რომ ვაპირებ, მეფრინველეობასაც მოვკიდო ხელი.

აი, რას ნიშნავს გარჯა და რატომ არ გვჭირდება უცხოეთიდან თესლის შემოტანა, მით უფრო გენურისა!

ასე რომ, მესიმინდეობის არც ისე ტრადიციულ რაიონში გამრჯე მეურნემ თუ ამას მიაღწია, სხვაგან რატომ უნდა დავრჩეთ მშივრები?

თქვენი ერთგული მკითხველი