LOVE - ეს სიტყვა ყველას ესმის?! - კვირის პალიტრა

LOVE - ეს სიტყვა ყველას ესმის?!

"სიყვარულს წარმოუდგენელი ძალა აქვს: მისი გულისთვის ცხრა მთას გადაივლი, ცხრა ზღვას გადაცურავ... ზღაპრის გმირი გგონია თავი და საოცნებო

ფრთებიც გაქვს"

სიყვარულის ახსნას სიტყვები არ სჭირდება?! ვისთვის როგორ, -  "თინეიჯერებს" ხომ გულიც წაუვიდათ, ერთი ოცდაათჯერ რომ არ უთხრან შეყვარებულს სიტყვა "მიყვარხარ"! დაე, უთხრან! მაგრამ გულსატკენია, რომ ახალგაზრდების ნაწილს უცხოური სიტყვების ხმარება უფრო მოსწონს, ვიდრე მშობლიური ქართულის.

ჰოდა, ახლა  ლოვე-სა და სიყვარულზე მოგითხრობთ.

გამარჯობა, "კვირის პალიტრა". თუ ეს წერილი ისე კარგად არ იყოს დაწერილი, თქვენ რომ მოგეწონებათ, ნუ გაბრაზდებით. მე კი ნამდვილად ვარ გაბრაზებული. რაზე? იმაზე, რომ სკოლებში, ქუჩებში, თუ სახლებში და... ინტერნეტში წამდაუწუმ მესმის: არ გინდა ჩემი ლოვე იყო?!  ლოვე არ გყავს, გოგო? ლოვე-სთან ერთად ვიყავი კინოში. ლოვე -მ მიმატოვა. გამაგიჟა ამ ლოვე-მ და, სხვათა შორის, არა მარტო მე, - ჩემი ახლობლებიც.

ვერაფრით გამიგია, ჩემმა თანატოლებმა ამ ლოვე-თი სიყვარულის ახსნა რატომ დაიწყეს. კი ბატონო, ეს სიტყვა ინგლისურში სიყვარულს ნიშნავს. ნიშნავდეს, მაგრამ ამიხსენით, რატომ უნდა ვეძახოთ ქართველებმა ერთმანეთს ლოვე, როცა სიყვარულის გამომხატველი მრავალი სიტყვა გვაქვს: მიჯნურობა, ტრფიალი... უი, კიდევ ერთი გამახსენდა, გულის სწორი...

ქართველებმა მხოლოდ სიყვარულზე საუკუნეების მანძილზე ისეთი ლექსები და სიმღერები შევქმენით, კაცს უნახავადაც შეაყვარებ თავს. დავიჯეროთ, ამას ლოვე  სჯობია?! - როცა ამ თემაზე ჩემს ახლობლებს ვკითხე, აი რა მიპასუხეს: 15 წლის ნინკა: "იცით, რა არის ლოვე? აი, ის რომ მარტოა, შენც მარტო ხარ. არ გინდა, ასე რომ იყოს და დაიწყებ მასთან ერთად სიარულს კინოში, დისკოთეკაზე, კაფეში და ბილიარდის სათამაშოდ". ეს კიდევ 16 წლის მაკუნაა: ლოვე არის ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გილამაზებს, გართობს... რით განსხვავდება შეყვარებული და  ლოვე? ლოვე-ს არ ვენდობი. შეყვარებული კი სულ სხვაა."

მოგეწონათ პასუხები? არც მეეჭვებოდა, რომ ასე მიპასუხებდნენ, რადგან ნამდვილი სიყვარული ლოვე  კი არა, ამაღლებული გრძნობაა. როცა გიყვარს, თითქოს ყველაფერი შეცვლილია, ხალისიანი, ენერგიული ხდები. გიხარია ყოველი დღის გათენება. როცა გიყვარს, არაფრის გეშინია. სიყვარულს წარმოუდგენელი ძალა აქვს:

მისი გულისთვის ცხრა მთას გადაივლი, ცხრა ზღვას გადაცურავ... ზღაპრის გმირი გგონია თავი და საოცნებო ფრთებიც გაქვს. როცა გიყვარს, ყველა და ყველაფერი საამურია. მოკლედ, ცხოვრებაც მშვენიერია. სიტყვა  ლოვე კი ჩემში ამ განცდებს არ იწვევს და რა ვქნა?! გთხოვთ ნუ გამკიცხავთ და ნუ დამძრახავთ, ჩემო ახლობლებო და არა მხოლოდ თქვენ, - იმათაც ვეუბნები ამ სიტყვებს, დღეს ერთობ გახმაურებულ კლიპში ჩემი, მამაჩემის და თვით ბაბუაჩემის თაობაც მონდომებით რომ მღერის: ლოვე, დაიწყებს ისევ თოვას, ლოვე ახალი წელიც მოვა!"

P.S. - გინდა ჩემი ლოვე იყო?

- არა.

- რატოოომ?!

- მე მინდა შენი სიყვარული ვიყო.

მარიამ მურმანიშვილი