70 მილიონი წლის წინანდელი ნიანგებიც "გამოჩნდნენ"? - კვირის პალიტრა

70 მილიონი წლის წინანდელი ნიანგებიც "გამოჩნდნენ"?

არც ისე დიდი ხნის წინ მარტვილში, სოფელ გაჭედილში, ქართველმა მეცნიერებმა 65 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების კვალი აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენით გამოწვეული ემოცია დღესაც არ დამცხრალა სამეცნიერო წრეებში.

სხვათა შორის, იმ დინოზავრთა "თანამედროვე" ნიანგებსაც დაუტოვებიათ კვალი იმერეთის ულამაზესი სოფლის საზანოს ერთ-ერთ ხეობაში. მეცნიერებს ამ ნაკვალევის ასაკი კი დაუდგენიათ, მაგრამ კვლევა ვეღარ გაგრძელებულა.

მოგესალმებით, "კვირის პალიტრა"! ამ თემის შესწავლა, რაზეც წერილში მოგითხრობთ, წლების წინ მეცნიერებმა დაიწყეს, მაგრამ სამწუხაროდ, უკანასკნელი ათეული წლების კატაკლიზმების გამო კვლევა შეწყდა. სწორედ ეს მაწუხებს, - თუ ამ საკითხის შესწავლა არ გაგრძელდა, ვინ იცის, ქართველებმა ერთი დიდი ისტორიული აღმოჩენა დავკარგოთ. მოკლედ, თერჯოლის რაიონში, სოფელ საზანოში გახლავართ გაზრდილი. ჩვენს სოფელშივე ულამაზესი მდინარე ძუსა მოედინება და საკვირველი სილამაზის ხეობას ქმნის თავისი გამოქვაბულებით. სწორედ ძუსას ხეობაში ვიზრდებოდით ჩვენი სოფლის ბიჭები და მდინარეში ნაჭყუმპალავები გაქვავებულ კირქვის ფენებზე ვშრებოდით ზაფხულის მზეზე. აბა, ბავშვობაში როგორ მივხვდებოდით,  რა ადგილებში დავრბოდით, რისი მოწმენი ვიყავით, - მილიონობით წლის წინანდელი ისტორიის კვალი ჩვეულებრივ მოვლენად ეწერა ჩვენს ცნობიერებაში.

ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა უკვე "სახალხო განათლების" რედაქციაში ვმუშაობდი, - მეგობარმა მთხოვა, სათაფლიაში გამყევიო. გავყევი და დინოზავრთა ნაკვალევს დავხედე თუ არა, რომ იტყვიან "თავში დამკრა", - მთელი ჩემი ბავშვობა ხომ ასეთ ნაკვალევს ვუყურებდი, ვინ იცის, რამდენი მილიონი წლის არის-მეთქი! ერთი სიტყვით, იქიდან გამობრუნებულმა მაშინდელი "ბუნების კარის" რედაქციას მივაკითხე, მათ კი - პალეონტოლოგიის ინსტიტუტს, რომელსაც მაშინ ბრწყინვალე მეცნიერი, ლეო გაბუნია ხელმძღვანელობდა. ბატონმა ლეომ საზანოში პალეონტოლოგები აბესალომ ვეკუა და დემურ ტაბიძე გაგზავნა.

მათ, დახედეს თუ არა ნაკვალევს, იმ წუთშივე თქვეს, - ნიანგის სახეობის ნაკვალევია, დაახლოებით, 60-70 მილიონი წლის უნდა იყოსო. მერე პალეონტოლოგიის ინსტიტუტმა ნაკვალევის შესასწავლად რუსი მეცნიერები ჩამოიყვანა. მათაც იგივე დადასტურეს. ეს იყო და ეს. ეს 1987 წელი გახლდათ და იმ დროს ვის აინტერესებდა საქართველოში გაკეთებული აღმოჩენების მსოფლიო ასპარეზზე გატანა. ახლა ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, სხვა დროა, მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ვთხოვო ყველას, ვისაც ამ აღმოჩენის შესწავლის გაგრძელება შეუძლია, ამ საქმეს მიხედოს. დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

პატივისცემით, შერმადინ ჯიხვაშვილი

ეს წერილი იმ წერილებს განეკუთვნება, რომელზეც ფიქრი მანამდე არ მოგასვენებს, სანამ ბოლომდე არ ჩაეძიები, ამიტომ ბატონ შერმადინს სასწრაფოდ დავუკავშირდით:

- ბატონო შერმადინ, გამაოგნებელ ფაქტზე გვწერთ, - არც ისე დიდი ხნის წინათ, მარტვილში 65 მილიონი წლის წინანდელი ხმელეთის ბინადრის, დინოზავრის ნაკვალევი დაფიქსირდა. თქვენ გვწერთ, თერჯოლაში ამავე ასაკის ნიანგის ნაკვალევია ნაპოვნიო.

- ნიანგი, ზოგადად, წყლის ბინადარიც არის და ხმელეთზეც შეუძლია ყოფნა. თანაც, მართალია, იმ დარგის სპეციალისტი არ ვარ, რომელიც ამ თემას შეისწავლის, მაგრამ გასაკვირი არც არაფერია, - საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ჩვენი ქვეყანა ვულკანური წარმოშობისაა, ხმელეთი ზღვიდან ამოიმართა. ასე თუ ისე, საზანოში ნიანგის ნაკვალევი მეცნიერებმა დაადასტურეს. მაშინ ჩვენმა მეცნიერებმა ამ თემის შესასწავლად ვლადივოსტოკიდან ჩამოიყვანეს პალეონტოლოგი, გვარად ეჟოვი. ამ კაცმაც, დახედა თუ არა ნაკვალევს იგივე თქვა, რაც ჩვენმა მეცნიერებმა - დაახლოებით 70-65 მილიონი წლის წინანდელი ნიანგის სახეობის ნაკვალევი უნდა იყოს, კერძოდ რომლის, შემდგომი კვლევები დაადგენსო. რომ გავიკვირვე, - ეგ ისტორიისთვის ერთი წამიაო.

- შემდგომი კვლევები კი აღარ გაგრძელდა...

- რა გააგრძელებდა, ისეთი წლები გამოვიარეთ. ის თერთმეტი ნაფეხური კი, ბიჭები ბავშვობაში ზედ რომ ვკოტრიალობდით, ახლაც იქვეა, მაგრამ როგორც მეცნიერებმა თქვეს, ამის გარდა ამ მიდამოებში, განსაკუთრებით გამოქვაბულებში, ბევრი ასეთი ნაფეხური და ჩონჩხიც უნდა იყოს. აი, ამას სჭირდება კვლევები.

- ჩვენს მეცნიერებს, თუ ვინმემ არ დააფინანსა, ამის სახსარი სად აქვთ!...

- ასეა. მაგრამ ჩემი აზრით, ეს ისეთი საინტერესო თემაა და უკვე მეცნიერულად დადასტურებულიც, იმედი მაქვს კვლევების დამფინანსებელი გამოჩნდება, - ასეთი აღმოჩენა ქვეყნის სახელია, "კვირის პალიტრასაც" სწორედ ამ მიზნით მოგმართეთ, - ამ აღმოჩენის შეუსწავლელად დატოვება არ შეიძლება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გარშემო მდებარე გამოქვაბულებშიც უამრავი საინტერესო რამ აღმოჩნდება. ეს გამოქვაბულები ფანტასტიკური სილამაზის არის. მათ შორის, სამჭიმკიას გამოქვაბული. შიგ წყალი დგას, სადღაც მიჩუხჩუხებს და კაცმა არ იცის, სად გადის.

-  გისმენთ და ვფიქრობ, მართლა რა საინტერესო იქნება, ოდესმე მეც ვნახავ-მეთქი.

-  ტურისტებიც ასე იფიქრებენ, თუ ჩვენს სოფლში კვლევები ჩატარდა და მეცნიერულად საბოლოოდ დადგინდა მათი სიძველის თარიღი, ჩვენი სოფელი ტურიზმის ცენტრი გახდება. საზანო ულამაზესი სოფელია, მაგრამ ფეხზე დაყენება სჭირდება. და კიდევ ერთი: ახლა რომ ვფიქრობ, შიში მიპყრობს - კიდევ კარგი, ჩვენი ბავშვური სიცელქით ნიანგის ნაკვალევი არ დავაზიანეთ. როგორც სპეციალისტებმა ამიხსნეს, ასეთი ნაკვალევი, მართალია, ქანების სიღრმეში მილიონობით წლები ინახება, მაგრამ როცა ქანები გადაირეცხება, მაშინ მოფრთხილება უნდა, რომ არ დაზიანდეს. დაბოლოს, მინდა ბატონ ლეო გაბუნიას დასკვნის ამონარიდი მოვიყვანო:

"სავარაუდოდ, საზანოში აღმოჩენილი ნატერფალები ეკუთვნის ეუზუხიების ჯგუფის გვიან ცარცულ წარმომადგენელს და მას ევრაზიაში ანალოგი არ მოეძებნება".

P.S. იმედი გვაქვს, ამ უმნიშვნელოვანეს თემას აუცილებლად მოჰყვება გამოხმაურება. თანაც, - შედეგიანი. საქართველოს უახლესი ისტორია საშუალებას გვაძლევს, მისი უძველესი ისტორია შევისწავლოთ. რაც უფრო სწრაფად - მით უკეთესი.