ყოჩაღ, პაპა! - კვირის პალიტრა

ყოჩაღ, პაპა!

თელაველი სიმონ გიგიტელაშვილი "კვირის პალიტრის" მკითხველია - ყოველ ორშაბათს სოფელ გულგულადან თელავში "კვირის პალიტრის" საყიდლად ჩადის "სპეციალურადა".

თქვენი გაზეთი ისეა ჩემთვინ, როგორცა კაცისთვინა პურიო, - გვითხრა ერთხელ. ეს მაშინ იყო, როცა გულგულაში დაგვპატიჟა, - ოთხმოცს მიღწეულ კაცს საკუთარი ხელით დარგული თექვსმეტი ათასი ძირი ვაზის ზვარში სირბილითაც ვერ დავეწიეთ. ამისთანა ხალხი თითო სოფელს თითო მაინც რომ ჰყავდეს, ჩვენს ქვეყანას არაფერი გაუჭირდებოდა. სიმონა პაპასთანა ხალხისთვის მიუღწეველი არაფერია.

ედემის ბაღად ნაქცევ მამულში იმასღა ნატრობდა, იმდენი მაქვს ნაშრომი, წესით, გინესის რეკორდების წიგნში უნდა ვიყო შესული და შევალ კიდეცო! ვუყურეთ, ვუყურეთ და, - შენზე გინესიც ალალიაო, ვუთხარით და თბილისიდან მსოფლიო მიღწევათა ხელშემწყობ კომისიას შევატყობინეთ. იმათაც უყურეს სიმონა პაპას და, - ეს თუ არა, სხვა ვინღაა ღირსი გინესის წიგნში შევიდესო და რეკორდის დამყარების გზები გამოუჩინეს. გამოუჩინესო, იმიტომ ვამბობთ, რომ სიმონა პაპას გზის გამკვალავი სჭირდებოდა, ისე კი თავისი დაძარღვული ხელებით შექმნილი სამივე სარეკორდო მონაცემი, რომ იტყვიან, "ცხვირწინ ედო".

აი, კომისიის წერილიც სიმონ პაპას სარეკორდო მონაცემებზე.

ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი, ქართული (კახური) ჩურჩხელის მსოფლიო სარეკორდო მონაცემების დამდგენი კომისია ვადგენთ წინამდებარე ოქმს:

2011 წლის 31 იანვარს, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა სოფელ გულგულას მკვიდრი მევენახისა და მეღვინის, სიმონ გიგიტელაშვილისა (დაბ. 1935) და ქალბატონ მერი ჩაველაშვილის ოჯახის მიერ დამზადებული ქართული (კახური) ჩურჩხელის დემონსტრირება, დაგემოვნება და საგინესო-სარეკორდო მონაცემების შეფასება.

სარეკორდოდ წარმოდგენილი იყო სამი ბამბუკის გრძელი ღეროთი შეკრული და სიმაღლეში დამდგარი, 2010 წლის რთველში დაკრეფილი რქაწითელის ყურძნის წვენის, ხორბლის ფქვილისა და ნიგვზისაგან ქართული ტრადიციული წესით დამზადებული 3 ჩურჩხელა, სამივე ერთნაირი ზომის, თითოეულის სიგრძე 2 მ და 11 მმ, სისქე 35-40 მმ, წონა -  2 კგ-მდე. სიგრძის ამოსავალ ზომად ოჯახმა ჩაიფიქრა და შემოგვთავაზა მაცხოვრის დაბადებიდან გასული წლების შესაბამისი რიცხვი-სიმბოლო - 2011 მმ. ამ მონაცემებით, სარეკორდოდ განსახილველი ჩურჩხელა, მიღებულ სტანდარტულს, სიმაღლეში 9-ჯერ, ხოლო წონაში - 19-ჯერ აღემატება.

სარეკორდო ღონისძიებას დაესწრნენ მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

სარეკორდო ჩურჩხელის წარმოდგენით, კახურ ოჯახს სურდა უნიკალური ეროვნული ბრენდისადმი სრულიად საქართველოსა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო. გიგიტელაშვილების ეზოში არსებული 3.5-ტონიანი ქვევრიც ასევე შეიძლება სარეკორდო ზომისა იყოს.

რეკორდსმენი ჩურჩხელისა და ქვევრის მეპატრონეთა მთავარი მიზანია, საქართველო უკეთ გააცნონ მსოფლიოს. ამავე მიზნით, საკუთარი ხელით მათ 16 000 ძირი ვაზიც დარგეს, გაახარეს და დიდი სურვილი აქვთ, მსოფლიოში გახმაურდეს ეს სარეკორდო განაცხადები.

ოქმში წარმოდგენილ მონაცემებს ვადასტურებთ:

ლევან ფრუიძე, ამპელოგრაფი და ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;

დალი აბესაძე, ჟურნალისტი;

უმბერ ლეჟავა, მეცნიერი, მსოფლიო რეკორდსმენი და მოგზაური, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;

შალვა ლობჟანიძე, ინჟინერ-ტექნოლოგი, ქართული კვების კულტურის ენციკლოპედიის ავტორ-შემდგენელი;

გიორგი სარაჯიშვილი, მათემატიკოსი, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი;

არია ხოსროშვილი, ბიზნესმენი, ფერეიდნელი ქართველი, ფერეიდნიდან თბილისამდე ქვეითად მოგზაური;

სიმონ ჯაფარიძე, ფილოლოგი, მხატვარ-ფერმწერი, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი;

ოქმის ხელმომწერთა ავტოგრაფების ჭეშმარიტებას ვადასტურებ საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურთა ხელშემწყობი კავშირის, "გიორგი" თავმჯდომარე გვანჯი მანია.