"ჩვენსას სხვები რატომ იჩემებენ?!" - კვირის პალიტრა

"ჩვენსას სხვები რატომ იჩემებენ?!"

ერი ცოცხალი ორგანიზმია, ის ადამიანებისაგან შედგება. მაგრამ ერს, ადამიანებისაგან გასხვავებით, განგებისგან საკვირველი უნარი აქვს მინიჭებული - კაცი კვდება, ერი ცოცხლობს და ინახავს ყოველივე ფასეულს, რაც მის შვილებს შეუქმნიათ. ამიტომაც ძალიან კარგად გვესმის ახალგაზრდა კალაურელებისა. კალაური - გურჯაანის უძველესი სოფელი გახლავთ.

ძვირფასო "კვირის პალიტრა", თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველი გაწუხებთ. უამრავ საჭირბოროტო საკითხს აშუქებთ და კომპეტენტურ რჩევასაც გვაწვდით. ახლაც გთხოვთ, გულნატკენ კალაურელებს დაგვეხმაროთ და ისტორიული სამართალი აღგვადგენინოთ. ჩვენთვის იმაზე დიდი საქმე არ არსებობს ნაფუძარს ვუფრთხილდებოდეთ და მგონი, ყველა ქართული სოფელი ასე უნდა იყოს.

კალაურელებს, ჩვენს ძირად, სახელად და მფარველად მიგვაჩნია სოფელ კალაურის ტყეში მდებარე IX საუკუნის უნიკალური ყველაწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია, მის ახლოს მდებარე ასევე უნიკალური VI საუკუნის ბაზილიკა, VIII საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარი და  IX საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი. ყველა ამ ტაძართან სწორედ ჩვენი სოფლიდან მიდის ისტორიული გზა. იტყვით, მაშ, ამდენი სიწმინდის პატრონს რა გაგჭირვებიათო. ჩვენ ის გვაწუხებს, რომ რამდენიმე ათეული წელიწადია, ამ ოთხი ეკლესიიდან ორი - ყველაწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი და ბაზილიკა სოფელ კალაურის ძეგლად კი არ არის მიჩნეული, არამედ სოფელ ვაჩნაძიანისა. ბოლო დროს ტურიზმის დეპარტამენტმა სოფელ ვაჩნაძიანში ყველაწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის ბანერიც კი დააყენა.

ღმერთმა ამ სალოცავების მფარველობა მთელ საქართველოს ნუ მოაკლოს, მაგრამ ისტორიული სამართლიანობის დარღვევა ვერ არის კარგი საქმე. თურმე 1983 წელს აკადემიკოსი ირაკლი ციციშვილი მოითხოვდა სამართლიანობის აღდგენას. ჩვენც ვის არ მივმართეთ, მაგრამ ყველა თავიდან გვიშორებს - ეგ საკითხი ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო. აბა, რისთვის არის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო?  დიდი მეცნიერი გიორგი ჩუბინაშვილიც შეუყვანია შეცდომაში არაკომპეტენტურ ხალხს, როცა ზემოაღნიშნული ეკლესიები ვაჩნაძიანის საკუთრებად დააფიქსირებინეს.

ისტორიული სიმართლე კი არა მხოლოდ აეროგადაღებებით არის ადვილი დასადგენი, არამედ ისტორიული წყაროებითაც - ჩვენი სოფელი კალაური ჯერ კიდევ 1392 წლის "ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში" მოიხსენიება, ვაჩნაძიანი კი თავად ვაჩნაძეთა ადგილ-მამულების სახელია და როგორც სოფელი, მხოლოდ XIX საუკუნეში ჩნდება სოფელ აკურასა და კალაურს შორის.

პატივისცემით, კალაურელები