"გავერანებულს მიხედვა რომ სჭირდება, ამას თქმა უნდა?!" - კვირის პალიტრა

"გავერანებულს მიხედვა რომ სჭირდება, ამას თქმა უნდა?!"

ვინც ჩვენს გადახრიოკებულ მთა-ბარს შეხედავს, რას იფიქრებს, რომ ამ ქვეყანაში ვინმეს მომავალი უნდა. იქ მომავალი რანაირად უნდა იყოს, სადაც ადამიანს ჟანგბადი არ ექნება და სუნთქვა არ შეეძლება! - ქალაქებში ყოველდღე საუკუნოვან ხეებს კაფავენ, ნერგებს კი არავინ რგავს.

ასე არ გამოვა, - ყოველდღე თუ არ შევუძახეთ ხელისუფლებას რას სჩადიო, საქმე ცუდად არის. მოხუც მეტყევეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლის თავისი გზა აქვს...

გამარჯობა "კვირის პალიტრავ". მრავალჯერ მომიმართავს თქვენთვის. ჩემი წუხილი ახლაც  მთავრობამდე უნდა მიგატანინოთ. არ იფიქროთ, ჩასაფრებული კაცი ვიყო. პირიქით, ბევრი რამ მომწონს  მთავრობისა - რაღაც 10-15 წლის წინ წარმოუდგენლად რომ გვეჩვენებოდა დანგრეული გზების აღდგენაც კი, სწორედ მათი დამსახურებაა.  მაგრამ თუ ამას ის მოჰყვა, რომ ხალხმა ვეღარ ისუნთქა, გზები ვის რად უნდა, - დღეს ხომ უკლებლივ ყველა გზის გაყვანა მისი მწვანე ზოლის განადგურებით მთავრდება! ეს იმ დროს, როცა ტრანსპორტი ყოველწლიურად მატულობს და დაბინძურებული ჰაერის გაწმენდა მხოლოდ მცენარეს შეუძლია.

მე კი, როგორც მეტყევეს, ამ გზების გამწვანებაში მონაწილეობა მიმიღია და გული მიკვდება, როცა ხეებს გამხმარსა და გაჩეხილს ვხედავ. 1956 წლის შემოდგომაზე, როგორც საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის უფროსს, სოფ. ტინისხიდიდან ცენტრალური გზის გამწვანება დამევალა, ხოლო 1968 წელს დასავლეთის ტრასის ნაპირებზე 10 ჰა შავი ფიჭვი გავახარეთ, - ეს ადგილები რუსმა ოკუპანტებმა 2008 წელს გადაწვეს და მერე არ გამოჩნდა კაცი, მის აღდგენაზე ეზრუნა.

ნუთუ იმ სახელმწიფოს, რომელიც ამხელა გზებს აშენებს, არ შეუძლია ამ გზების ნაპირზე ხეები დარგოს, თუ ვინმე საგანგებოდ ამბობს უარს ამაზე, რომ საქართველო გავერანდეს?! თუ ასე არ არის და ვცდები, მაშინ თავადაც შემიძლია მივუთითო ჩვენს მთავრობას გზები, საიდანაც ამ მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება.

მართალია, მათ არ იციან, სამაგიეროდ, მეტყევეებმა ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე კერძო მენერგე, რომლებიც თავიანთ საქმეს ვერ ელევიან და კაცმა არ იცის, ვისთვის, ნერგები ისევ გამოჰყავთ. მაგალითად, ნაფარეულში, არსებობს კერძო სანერგე მეურნეობა, სადაც 50 სახეობაზე მეტი სხვადასხვა სიმაღლისა და ფორმის ასეულათასობით სარგავი მასალა იზრდება: ჭალისა და მაღალი მთის ქართული მუხები, ვერხვი, ალვის ხე, კვიპაროსი, კედარი, უთხოვარი, ძელქვა და სხვა მრავალი.

ასეთი მენერგეები სხვანიც არიან და თუ ქვეყნის სიკეთე უნდა ვინმეს, ყველას მოძებნა შეიძლება. თუ სიკეთე უნდა-მეთქი, ვამბობ და უფალმა ინებოს, ქვეყნის სიკეთის მნდომი ვინმე გამოჩნდეს. დღეს კი მხოლოდ საზღვარგარეთიდან ნერგების შემომტანები ჩანან, რომელთა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებთან შეგუება თითქმის შეუძლებელია და, ფაქტობრივად, 100%-იანი გახმობისთვის არიან განწირულები.

პატივისცემით, ტრისტან ჩერქეზიშვილი,რესპუბლიკის დამსახურებული მეტყევე