ნუთუ მართლა ასეთი ვიწროა ჩვენი ქვეყნის ცა? - კვირის პალიტრა

ნუთუ მართლა ასეთი ვიწროა ჩვენი ქვეყნის ცა?

იმდენად ხშირად დაგვიწერია უცხოეთში გადასახლებულ ქართველებზე, შესაძლოა, ზოგს პროტესტი გასჩენია, - ეს ხალხი ოჯახების სარჩენად წავიდა და ეს მისია კარგად შეასრულა, თქვენ რა გინდათო.

ჩვენ, არაფერი, - ეს ხალხი მხოლოდ ოჯახებს კი არა, ქვეყანასაც არჩენს და მადლობის მეტი რა გვეთქმის. თუმცა ქვეყანას - თითო ქართველის დაკლებით თითო გაუმართლებელი ძარღვი აკლდება, მშობლიურ მიწაზე, ვინ იცის, ყოველი მათგანი რა ბოძად შეუდგებოდა დედასამშობლოს. ესეც სამშობლოს გამოცლილი ერთი ძლიერი ბოძის ამბავია, - უცნობი ამბავი.

ადგილის დედის მიტოვება არახალია, ძველისძველი ხერხია უკეთესისა და სასურველის ძიების გზაზე, მაგრამ ვაი, რომ საბოლოოდ მწუხარების ძიება გამოდის, - მრავალ ქართველს მიუმართავს ამ ხერხისთვის, სახელიც უპოვია და სახელოც, ქონებაც შეუძენია, მაგრამ მათ შორის ძნელად მოიპოვება ის, ვინც ბედნიერი გამხდარა ნაპოვნით. უბედურთა შორის იყო ერთი დიდი ქართველის, აკაკი შანიძის  ძმაც, - მეორე დიდი ქართველი, მოსე შანიძე, რომელიც გიორგი უილტონად იქცა და თავის ძმას, აკაკის, გულისტკივილით სწერდა სამშობლოში:

"რაიმე სახეირო მუშაობის თავი არა მაქვს, ერთმანეთსა სცვლის იმედი და უიმედობა, რას უფრო ვერწმუნო?.." ამ კაცმა ოქროს მედალზე დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ბრწყინვალედ იცოდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და რუსული ენები. ივანე ჯავახიშვილის თხოვნით, ის ახალდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, საიდანაც როგორც კათედრის მომავალი გამგე, 1920 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში მიავლინეს. იქ ეუფლებოდა იურიდიულ მეცნიერებასა და სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის მეთოდებს. იქვე გაასრულა ფრაიბურგის ქიმიის ინსტიტუტი.

როცა საქართველოს რუსულმა უბედურებამ გადაუარა, მოსემ სახელი და გვარი გამოიცვალა და ამერიკას მიაშურა. მაგრამ მოსე შანიძისთვის არც ამერიკაში ანათებდა თავისუფლების მზე, - საქართველოს ტკივილები არ ასვენებდა. როცა გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველა, მოსე აკაკის სწერდა: რას იტყვი, ჩემო აკაკი, ბედი არა გვქონია. უბედურ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო, ვაჟაც გამოგვეცალაო და იქვე ევედრებოდა, -“ორიოდე ფრაზით მომწერე, შესაძლებელია თუ არა ფშავ-ხევსურეთის წინსვლა ან რა არის საჭირო ამისთვის, მთას კახეთის რკინიგზა რაიმეს არგებსო?

მოსე შანიძესავით დიდი მეცნიერი და მამულიშვილი სხვაც მრავალი დააკლდა საქართველოს. დღესაც აკლდება. მაგრამ თუ მოსე მტარვალსა და მტერს გაექცა, დღეს ვისღა გავურბივართ? ნუთუ მართლა ასეთი ვიწროა ჩვენი ქვეყნის ცა?

დავით ასკურავა