აბა, ნიორი და ნაქურჩელააო?.. - კვირის პალიტრა

აბა, ნიორი და ნაქურჩელააო?..

რამდენიმე ათეული წლის წინ კაცი რომ იტყოდა, ესა და ეს ნივთი ნივრად და ნაქურჩლად ფასობსო, ცხადი იყო, გროშიც არ ღირდა. ახლა რაიმეზე რომ თქვა, ნივრის ფასი აქვსო, მავანი არც გაეკარება - კილოგრამი ნიორი 12 ლარია და ალბათ კიდევ გაძვირდება. ჭკუათამყოფელმა კაცმა აქედან რა დასკვნაც უნდა გააკეთოს, ძნელი მოსაფიქრებელი არ არის. ჩვენ კი ამის თაობაზე გამოცდილი მეურნის წერილს გთავაზობთ.

ახლა არა მხოლოდ ბაზარში, ოჯახებშიც ხშირად გაიგონებთ შეწუხებული დიასახლისების წუწუნს, - ყველა კერძს ნიორი სჭირდება, არადა, ოქროს ფასი აქვსო.  იყო დრო, როცა გლეხის ბეღელში ნივრის გალები კედლებს ფარავდა, თანაც გემოთი და სარგებლიანობით განთქმული ქართული ჯიშისა. ახლა ჩვენში ნივრის მოსაყვანად არავის სცალია და იმიტომაც დაედო ოქროს ფასი. თუმცა, ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო, - ნივრის (ასევე, სხვა პროდუქტების) დეფიციტმა იმის იმედიც გააჩინა, რომ ბოლოს და ბოლოს, ქართველ კაცს ისევ თავისი მარჩენალი მიწისკენ გაუწევს გული, მერე ნიორსაც მოიყვანს და სხვა სარჩოსაც, -  ყველაფერი საჭიროა. კერძოდ ნიორი კი ისეთი ძვირფასი კულტურაა, რომ ევროპის ქვეყნებმა:

საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა მის იმპორტზე კვოტებიც კი დააწესეს, - წელიწადში არა უმეტეს 1200 ტონაზე მეტის შემოტანა აკრძალეს, რადგან მათი, ადგილობრივი კულტურა ჩინეთიდან შემოტანილ მდარე და იაფ ნიორს კონკურენციას ვეღარ უწევდა. ჩვენთან კი თურქულმა ნიორმა დახლები ლამის გადაათეთრა. ეს იმ დროს, როცა ქართული ნიორი გაცილებით ძვირფასია,  უხვადაც მოდის და მოყვანაც იოლია, - წლის განმავლობაში ორი მოსავლის მიღებაც კი  შეიძლება.

და მიუხედავად იმისა, რომ ამ კულტურის მოყვანასაც აქვს ხელის შემშლელი პირობები, მერწმუნეთ, მის მოსაწევად შრომა ნამდვილად ღირს ოჯახის ფეხზე დასაყენებლად. ამ პირობებიდან შემიძლია ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მეც შეგიმსუბუქოთ. ეს გახლავთ ნივრის სარგავი მასალის ფასის შემცირება, - საქმე ის არის, რომ ჰექტარზე 500-800 და ხშირად 1000 კგ ნივრის დათესვაა საჭირო, ეს კი, თავად განსაჯეთ, რა ძვირი დაჯდება! მაგრამ მერწმუნეთ, ნივრის იაფფასიანი სარგავი მასალის შოვნა არც ისე ძნელია და ფასითაც ხელი ყველას მიგვიწვდება. მერე, სად არის და რა არისო, იკითხავთ ალბათ. აქვეა, ჩვენ გვერდით და რამდენიც მოგვინდება, იმდენს ვიყიდით ბაზარში. ეს მოყვავილე ნივრის იაფი თესლი გახლავთ.

საქმე ის არის, რომ არსებობს ნივრის მოყვავილე და ჩვეულებრივი (არამოყვავილე) ფორმები. ჩვეულებრივი ნიორი კბილებით მრავლდება, - დარგავ და ამოვა. ყვავილოვანი ნიორი კი ყვავილებს ისხამს, რომლებშიც 100-დან 450 ცალამდე ბოლქუნაა. აი, სწორედ ამ ბოლქუნებს  დარგავ და ნივრად იქცევა.

როგორ ფიქრობთ, არ არის განსხვავება?! მიუხედავად იმისა, რომ თუ ბოლქუნებს დავთესავთ,  ნამდვილი ნივრის მოსვლამდე ერთი წელიწადი მოგვიწევს დაცდა, ნივრის ასე დათესვა მაინც ღირს, - მერე რა, ერთი წლის შემდეგ ხომ მაინც გვექნება კარგი მოსავალი! პირველ წელიწადს ასეთი თესლისაგან მხოლოდ ერთკბილა ბოლქვები მიიღება, რომელიც მიწაში უნდა დავტოვოთ ან ამოვიღოთ და მომდევნო წელს სხვა ადგილზე გადავრგათ. სამაგიეროდ, მეორე წელიწადს ისეთ ნიორს მივიღებთ, ავ თვალს არ ენახვება, თანაც, სათესლე ბოლქუნებსაც მოისხამს!

მჯერა, რომ ჭკვიანი ხალხი ასეც მოიქცევა - ყვავილოვანი ნივრის თესლი ბაზარში უამრავია, თანაც, ხელმისაწვდომ ფასად და ერთიც: თუ მექანიზაციაც გვაქვს, რომელსაც ნივრის დარგვაში დავიხმართ, მოსავალი შეიძლება გავაორმაგოთ კიდეც - ასეთ შემთხვევაში ჰექტარზე ხომ უფრო მეტი მცენარის დარგვა შეიძლება.

თბილისის საგარეუბნო ზონასა და სხვა, მასთან გათანაბრებულ პირობებში მოყვავილე ნივრის დარგვის საუკეთესო ვადა შემოდგომა გახლავთ. გაზაფხულზე, მით უფრო გვიან გაზაფხულზე, ნივრის დარგვა ნაკლებად შედეგიანია. ასე რომ, შემოდგომამდე დიდი დროა და მოვემზადოთ, მივხედოთ ჩვენს მიწას, თორემ სხვის ხელში ყურება მხოლოდ სამარცხვინო კი არა, საშიშიც არის - სხვაზე დამოკიდებული ერი, გინდა კაცი, გინდ ყოფილა, გინდ - არა.

ვაჟა ჯაფარიძე