"მადლობა ღმერთს, რომ ჩემსავით მებრძოლი ბევრია" - კვირის პალიტრა

"მადლობა ღმერთს, რომ ჩემსავით მებრძოლი ბევრია"

"თავგამოდებით ვებრძვი იმ მშობლებს, რომელთაც პატარები საათობით ჰყავთ კომპიუტერის ეკრანებთან მიტოვებული"

ხშირად გაიგონებთ, დრომ საფრთხეში წიგნიც ჩააგდოო. ეს სათქმელად ადვილია, საფიქრელად - ძნელი. კაცობრიობას წიგნზე ღირებული არაფერი შეუქმნია და ალბათ იმიტომაც არ გადაშენდა, რომ დედაბოძად წიგნი ჩაიშენა. ერთი კია, არის ხალხი, რომელიც დედაბოძსაც შეუჩნდება და არყევს, მაგრამ მისი შემჩერებელიც იქვე გამოჩნდება ხოლმე. ასეთია ბუნების კანონი. ამის დასტურად ერთი წერილი შევარჩიეთ...

ძვირფასო რედაქცია, მე იმათ რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც ქაღალდზე დაწერილი სიბრძნე  ადამიანის ადამიანად ყოფნის საფუძვლად მიაჩნია. რაც გნებავთ დაარქვით, თავგამოდებით ვეკამათები თუ ვებრძვი იმ მშობლებს, რომელთაც პატარები საათობით ჰყავთ კომპიუტერის ეკრანებთან მიტოვებული. ერთია, რომ შვილებს ამით ჯანმრთელობას უზიანებენ, მეორე კი ის, რომ ნამდვილ განათლებასა და ადამიანად ყოფნის მშვენიერებას აცლიან.

ამას რომ ვამბობ, კარგად ვიცი, არაერთი შემდავებელი გამომიჩნდება, ალბათ ჩამორჩენილსაც დამიძახებენ, მაგრამ არა უშავს, მართლა მტკიცედ მწამს, რომ ახლა წიგნის გადასარჩენად ბრძოლაა საჭირო Oდა, მადლობა ღმერთს, რომ ჩემსავით მებრძოლი ბევრია.

ისიც ვიცი, რომ ამ ბრძოლას შედეგი აქვს - ახლა ბევრი დედა გამოჩნდა - თავად ლუკმას მოიკლებს და შვილს წიგნს უყიდის. უწიგნურობას ყველაფერი ხელს უწყობს, მათ შორის ჩვენი ტელევიზიებიც (თითქოს საგანგებოდ არის დაგეგმილი). არაფრისმომცემ სერიალს სერიალზე აჩვენებენ, წიგნზე კი კრინტსაც არ სძრავენ. არც ჩვენი ხელისუფლება გამოდგა წიგნიერების დიდად ხელშემწყობი.

ქალაქში ხომ გააუქმეს ბიბლიოთეკების უმეტესობა, სოფლის ბიბლიოთეკებიც ზედმეტად მიიჩნიეს და დახურეს. კიდევ კარგი, სოფლად ბევრს, მათ შორის მეც, ბავშვობიდან ნაგროვები ბიბლიოთეკები გვაქვს. რა გროშებიც გამაჩნია, ჩემს ბიბლიოთეკას იმით ვავსებ. ჩემი შემოსავლისთვის არც ისე იაფია, მაგრამ თუ შევძელი, აუცილებლად თქვენს ყველა ახალ გამოცემასაც შევიძენ. ჩემი ოჯახის გარდა, ამ წიგნებით მეგობრები, მეზობლები, მოსწავლეები და მასწავლებლებიც სარგებლობენ - ეგებ ასე მაინც გამოვადგე ჩემს ქვეყანას. ამიტომაც გმადლობთ, "კვირის პალიტრავ", კარგი წიგნებისათვის.

შეეცადეთ გამოუცემელი არ დაგრჩეთ სიბრძნე, რაც კაცობრიობას შეუქმნია. ერთსაც გთხოვთ, "კვირის პალიტრას" - საქართველოს რუკა ხომ გამოეცით, იქნებ ახლა დასაკეცი და გასაბერი ფორმის გლობუსიც გამოსცეთ, - თავისებურად ესეც წიგნია, - ზედ დედამიწის გეოგრაფია წერია. იცოდეთ, რომ ჩემს სოფელში უამრავი "კვირის პალიტრის" მოყვარულია და ამისთვის მადლობას გეტყვიან. გაზეთსაც დროულად გვაწვდის დამტარებელი - მასაც დიდი მადლობა.

პატივისცემითა და სიყვარულით, თამილა ბოლქვაძე.

ოზურგეთი, ნაგომარი