ვისია "მთიები"? - კვირის პალიტრა

ვისია "მთიები"?

მოგესალმებით, "კვირის პალიტრავ"! საქართველოში, უმეტესად კი თბილისში, ბოლო ხანებში შევხვდი რამდენიმე ანსამბლსა და სტუდიას, "მთიების" სახელწოდებით.

მაინტერესებს, უკავშირდებიან თუ არა ისინი ედიშერ გარაყანიძის ცნობილ ეთნოთეატრ "მთიებს" და ეს სახელწოდება განსაზღვრავს თუ არა იმ სტილს, რომლითაც ედიშერ გარაყანიძის ეთნოთეატრი გამოირჩევა? ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ გარკვევაში.

პატივისცემით, თქვენი მკითხველი ელეონორა გაბელაია

ჩვენ დავუკავშირდით ეთნოთეატრის ხელმძღვანელსა და ედიშერ გარაყანიძის მემკვიდრეს, ბატონ გიორგი გარაყანიძეს:

- მართალია, ხშირად იქმნება უხერხულობა. მე, როგორც "მთიების" ხელმძღვანელს, მეკითხებიან სხვა ანსამბლებისა თუ სტუდიების შესახებ, რომელთაც რატომღაც "მთიები" ჰქვიათ. "მთიები" 1980 წელს ეწოდა ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც დააარსა გამოჩენილმა ეთნომუსიკოლოგმა ედიშერ გარაყანიძემ და  გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. ედიშერ გარაყანიძემ ამ ანსამბლში განახორციელა თავისი სამეცნიერო და შემოქმედებითი კონცეფცია ავთენტური ფოლკლორის შესახებ, რაც ნაშრომების სახით ქვეყნდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაში.

ედიშერ გარაყანიძისა და "მთიების" შემოქმედებითმა საქმიანობამ, რაც, სასცენო ხელოვნების გარდა, ითვალისწინებს საექსპედიციო მუშაობასაც, ქართულ სასცენო ფოლკლორსა თუ შემოქმედებით ცნობიერებაში საფუძველი დაუდო ახალ მიმართულებას.

2001 წლიდან "მთიებს" მე ვხელმძღვანელობ. 2003 წელს ანსამბლის შემადგენლობა განახლდა - შეემატა ახალი თაობა, რომელიც აღიზარდა ედიშერ გარაყანიძის მიერვე დაარსებულ ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ სტუდია "ამერ-იმერში".”2004 წლიდან ფოლკლორულ ანსამბლ "მთიებს" ეთნომუსიკის თეატრი "მთიები" ეწოდა და ის მისი დამაარსებლის, ედიშერ გარაყანიძის სახელს ატარებს.

რაც შეეხება სხვა ჯგუფების მიერ ამ სახელის გამეორებას, ვიმედოვნებთ, რომ  გაუგებრობის შედეგია. კარგი იქნებოდა, გაგვეხსენებინა ნოდარ დუმბაძის ნათქვამი: "რომ არა კავკასიონის ცივი მყინვარები, ქართველთა ცხელი ბუნება მთელ სამყაროს გადაწვავდაო".

ამ მხატვრულ სახეში, ვფიქრობთ, ქართველთა ნიჭიც უნდა ვიგულისხმოთ. ნიჭი, რომელიც ჩვენს ერს შემოქმედებით ასპარეზზე განსაკუთრებით გამოარჩევს. ეს კი იმედს გვაძლევს, რომ ფანტაზიის თვალსაზრისით, ქართველი საზოგადოების შემოქმედებითი ნაწილი, მომავალშიც ღირსეულ სიმაღლეზე იდგება და შეეცდება, უზუსტობათა აღმოფხვრას.