ციხიდან დანახული ცხოვრება - კვირის პალიტრა

ციხიდან დანახული ცხოვრება

არ ვიცი, დაგვიჯერებს თუ არა მკითხველი, მაგრამ გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა ვწერთ, მკითხველზე ვფიქრობთ, ვინც უნდა იყოს და სადაც უნდა იყოს იგი.

თუმცა ალბათ დაგვიჯერებთ, რადგან ჩვენი შრომის პასუხი მათ წერილებში ჩანს. გვახარებს ისიც, თუ მათ შორის არიან ადამიანები, ვისთვისაც ნუგეში მიგვაქვს. ამიტომაც გულისყურით გადავიკითხეთ ციხიდან გამოგზავნილი წერილები, - ქალი პატიმრები გვწერენ. მათ ნააზრევსა და შემოქმედებაში სევდაა, მაგრამ იმედიც არის - ბედნიერების დღე ნამდვილად მოვა, ის ყოველთვის მოდის. მაგრამ მანამდე ამ წერილებიდან ერთს შემოგთავაზებთ პატარა ნოველასთან ერთად, იმის ნიშნად, როგორია ციხიდან დანახული ცხოვრება და იმიტომაც, რომ ის სავსეა მონატრებით და სიყვარულით. დაე, ეს გრძნობები გაჰყვეს მათ ცხოვრებაში საგზლად, როცა მსჯავრი დაუმთავრდებათ, მათ შორის ჩვენს კოლეგა მაკა მოსიაშვილს.

შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ჩვენ, პატიმრები, "კვირის პალიტრის" აქტიური მკითხველები ვართ. ძალიან კარგად მახსოვს, დაქცეულ ქვეყანაში როგორ იდგამდით ფეხს... ჩვილივით გაიზარდა თქვენი გაზეთი, დღეს ბევრნი ხართ და კარგები. ისიც კარგად მახსოვს, როგორ მკითხა ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა თელავში, - თუ იცი, რატომ არის "კვირის პალიტრა" ასეთი ძლიერიო. სიმართლეს წერს-მეთქი. არა მარტო ეგ... ის ყველა მკითხველზეა გათვლილიო, - მიპასუხა. მოგვიანებით მას გულწრფელად დავეთანხმე. თქვენ ჩვენც გვგულისხმობთ, ამიტომაც გიგზავნით ჩვენს შემოქმედებას, ეს "ციხის პალიტრაა".

სარკმელი, რომელიც არასდროს იღება

"რეშკა, რეშკა, რეშკა... ნეტავ თუ იცის დედაჩემმა, რას ნიშნავს საკნის "რეშკა". ალბათ არა. ან რატომ უნდა იცოდეს, მთელი სიცოცხლე დიასახლისია, ცხოვრების საუკეთესო წლები შვილებს შეალია, ქურასთან გაატარა. მე? მე ხომ დედის სირცხვილი ვარ... ღმერთო, როგორ მენატრება დედა.

...რეშკის მიღმა ფიფქებს ვხედავ, დახტიან, მებუზღუნებიან და დამცინიან. ამ დროს ჩემი სახლიდან თელავი მოჩანს, ამაყი ისტორიის მქონე, ამაყი მეფით. მაგრამ როცა თოვს, ერეკლე აღარ მეფობს, თოვლის პაპას ჰგავს, ხელში უზარმაზარი ჯადოსნური ჯოხი უჭირავს და პატარა კახელებს ამხიარულებს. რა კარგია თელავი... ჩემი უბერებელი ქალაქი, იისფერი ცა, იისფერი ღრუბელი, ბებერი ჭადარი, მარტოსული კახელი ღვინის დოქით ხელში, ღუმელთან მოფუსფუსე დედა, სადღაც, სოროში ბედნიერი, თავისუფალი თაგვი, რომელიც თხილს აკნატუნებს...

- გოგოებო, აიღებთ ბალანდას? - ოცნებას მაწყვეტინებს ბალანდიორი.

- არა! - საკნის რეშკასთან ფეხის წვერებზე ვდგები, ფიფქები რომ დავინახო...

...რეშკა საკნის სარკმელია, რომელიც არასოდეს იღება."