ბეჭდურ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება - კვირის პალიტრა

ბეჭდურ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება

"საქართველოს უპირველეს წიგნსაცავში -  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში -  ქართულ პერიოდულ გამოცემათა უნიკალური ფონდია დაცული. მათ შორის ბევრი ერთადერთი ეგზემპლარის სახითა  არის შემორჩენილი, მაგრამ თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, 10-15 წლის შემდეგ შესაძლოა, ბეჭდური მემკვიდრეობის არაერთი თვალსაჩინო ნიმუში თვალსა და ხელს შუა გაგვიქრეს. ეს განსაკუთრებით გასაბჭოებამდელ პერიოდიკას ეხება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ სამეცნიერო პროექტთან დაკავშირებით ინტენსიურად ვიმუშავე 1900-1921 წლებში გამოცემულ ქართულ ჟურნალ-გაზეთებზე. მათი მდგომარეობა კატასტროფულია. თავი დავანებოთ იმას, რომ დაბალი შინაგანი კულტურის მკითხველი (არ გაგიკვირდეთ, აკადემიურ წრეებშიც ბევრია ასეთი) ფანქრით ან ავტოკალმით აკეთებს შენიშვნებს მარგინებზე. მთავარი საფრთხე მაინც ისაა, რომ ხშირად გაზეთის გვერდი საკუთარ სიმძიმესაც ვერ უძლებს და რაც უნდა ფრთხილად სცადო გადაფურცვლა, მაინც იხევა.

ყოველდღიურად მხოლოდ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რამდენიმე ათეული სპეციალისტი (არა მხოლოდ) მუშაობს უნიკალურ ბეჭდურ გამოცემებზე. ამას დაუმატეთ ასეულობით სტუდენტი... ეს ნიშნავს, რომ შესაბამისად იზრდება რარიტეტების დაზიანების ალბათობა. საუბარია ისეთ უნიკალურ გამოცემებზე, როგორებიცაა: "ივერია", "ცნობის ფურცელი" და მისი სურათებიანი დამატება, "კვალი" და სხვ. ცხადია, გამოსავალი არსებობს.

ვფიქრობ, ჯერ კიდევ გადარჩენილ პერიოდულ გამოცემათა ფოტოგრაფირება და ხელახლა გამოცემა რთული არ არის. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში არა მხოლოდ აკადემიურ წრეებს, არამედ რიგით, დაინტერესებულ მკითხველებსაც შესაძლებლობა ექნებათ, უპრობლემოდ გაეცნონ ქართული ჟურნალისტიკის ბეჭდურ მემკვიდრეობას და, რაც მთავარია, ორიგინალები დაცული იქნება დაზიანებისგან.

ვიმედოვნებ, თუ ეს პრობლემა მისწვდება ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ყურს, უამრავ საქველმოქმედო საქმესთან ერთად კიდევ ერთ სიკეთესაც გააკეთებს.

პატივისცემით, ერემო გოდებანიძე"

"კვირის პალიტრა" ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს დაუკავშირდა: - "სწორედ ციფრული ვერსიების შექმნაა გამოსავალი. გაზეთები დაიდება ინტერნეტში და დაინტერესებულ პირს მისი გამოყენება შეეძლება. ამჯერად კეთდება იმ გაზეთების ციფრული ვერსიები, რომლებიც გადაუშლელადაც ფუჭდება. ეს ეხება  საქართველოს ოკუპაციამდელ - 1900-21 წლების პრესას.

რაც შეეხება "ცნობის ფურცელს", "ივერიას" და სხვებს,  მიმდინარეობს მუშაობა მათი ინტერნეტკატალოგის შესაქმნელად. კატალოგში მონახავ სასურველ თემას და შესაბამის ნომერს გადაშლი სასურველ გვერდზე.  მზად ვართ, "კვირის პალიტრის" ციფრული ვერსიაც შევინახოთ. საერთოდ, ახლანდელ გაზეთებსაც დაუდგებათ განახლების პრობლემა, ამიტომ ხელახლა გასაკეთებელი რომ არ გახდეს, კარგი იქნება, თუ ყველა რედაქცია დროულად მოგვაწვდის ციფრულ ვერსიებს.

ჩვენ შესაბამისად გავაკეთებთ  ელექტრონულ ვერსიებსა და საძიებლებს. მაგრამ ამას, ცხადია, ფული სჭირდება. იმედია, ახლო მომავალში  ამ პრობლემასაც მოევლება".