რა განძს უტოვებს დანიელ ბაბუა შთამომავლობას... - კვირის პალიტრა

რა განძს უტოვებს დანიელ ბაბუა შთამომავლობას...

ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია და ახლაც სიამოვნებით დავიწყებთ იმით, რომ შეიძლება ძნელად, მაგრამ წიგნს ისევ უბრუნდება მკითხველი. იმის მოწმენი ვართ, როგორ ეუბნება ხალხი გამომცემლობა "პალიტრა ლ-ს" მადლობას იმ მშვენიერი წიგნების გამო, რომელთაც ის შეღავათიანი ფასით გამოსცემს.ამას წინათ კი ისეთი რამ მოხდა, გული არ მოგვითმენს, არ გიამბოთ:

რედაქციაში ფოიედან ოპერატორმა დაგვირეკა, - თქვენი დახმარება გვჭირდება, ღრმად მოხუცია მოსული, რაღაცას ითხოვს, მაგრამ ვერაფრით გავიგეთ, რა უნდაო. თხოვნისთვის მოსულ ადამიანს, აბა, უპასუხოდ როგორ გავისტუმრებდით, ვინ იცის, რა გაჭირვება ადგას. ჰოდა, ჩავაკითხეთ. იჯდა შემოსასვლელში, ცალ ხელში ჯოხი ეჭირა, მეორეში - "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად გამოცემული "დავით აღმაშენებლის" გარეკანის ფოტო და გაჯავრებული გველოდებოდა. ბაბუ, რა იყო, რა გაგჭირვებია-მეთქი, - ფრთხილად ვკითხე, მაგრამ რომ ვერ გაიგონა, ხმამაღლაც გავუმეორე.

ხელით მანიშნა, - უფრო ხმამაღლა, არაფერი მესმისო! მეც ავყვირდი. იმანაც, - რა გაყვირებს, ჩემი შვილთაშვილებისთვის ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად რომ გამოდის "დავით აღმაშენებელი", ყველა იმ წიგნის გამოწერა მინდა, სამნი არიან, საშვილიშვილოდ უნდა დავუტოვოო. კარგი, ბაბუ, მაგრამ მაგ გამოცემის პირველი წიგნი უკვე გამოვიდა და გაიყიდა. დანარჩენი ტომების გამოწერაში კი დაგეხმარები-მეთქი. მიყურა, მიყურა და რაო, რაოო?! მეც ჯერ ხმამაღლა გავუმეორე, მერე, - კიდევ უფრო ხმამაღლა.

რაო, რაოო? იმანაც ხმამაღლა მომაძახა, - ხომ გითხარი, საშვილიშვილოდ მინდა, მე ვლაპარაკობ ასე გაუგებრად, თუ შენ ვერ გაიგეო?! კი ბატონო, მაგრამ პირველი ტომი უკვე რომ გაიყიდა-მეთქი? მოკლედ, - რას ჰქვია, პირველი გაიყიდა, ეგ რაღა საშვილიშვილოა, ზუსტად ოცდაოთხივე წიგნის გამოწერა მინდა, თანაც, ერთადო! მერე, ფული გაქვთ-მეთქი (რა ვქნა, ვიცი, 95 წლის კაცს ჩვენს ქვეყანაში წამლისთვისაც რომ არ ჰყოფნის პენსია)?! - აბა, აქ ტყუილად ხომ არ მოვიდოდიო და გაცრეცილი პალტოს ჯიბიდან ასლარიანი ამოიღო.

ვერ აგიწერთ, რა დამემართა, - სითბო და ცრემლი ერთად მომაწვა ყელში, - ას წელს მიტანებულმა ბერიკაცმა რამდენი უნდა მოიკლოს, რომ ასი ლარი დააგროვოს და თანაც - შვილთაშვილებისთვის წიგნების დასატოვებლად.

მოკლედ, ხელმოწერების განყოფილებაში შევედით და ახლა ისინი შეაჩერდნენ ასი წლის ბაბუას გაკვირვებით. გვარი ჰკითხეს და, - ეს ჩვენი ხელმომწერი დანიელ ყიფიანი ყოფილაო, - თურმე დანიელ ბაბუა წელიწადს არ აგდებს, "კვირის პალიტრა" და "ყველა სიახლე" არ გამოიწეროს!

მოკლედ, აქეთ იკითხეს, იქით იკითხეს და "დავით აღმაშენებლის" პირველი ტომის მოძიებაც მოახერხეს, - ნუ გეშინია, ბაბუ, ახლა წაბრძანდით და ყველა წიგნს ერთად მოგართმევთ შინო! რაო, რა მითხრესო? - მკითხა დანიელ ბაბუამ. მეც ვუთხარი, მერე კიდევ ვუთხარი და მერე, - კიდევ. მერე გავაცილე. ისიც კმაყოფილი წავიდა, ცალ ხელში - ჯოხით და მეორეში - "ისტორიანთან" ერთად გამოცემული "დავით აღმაშენებლის" წიგნით.

ახლა თქვენ გეკითხებით, დანიელ ბაბუას შვილთაშვილებო, - თუ იცით, რა კარგი ბაბუა გყავთ და რა სიმდიდრეს გიტოვებთ?!

P.S. ალბათ, რაც ბაბუაა, შთამომავლებიც ისეთივე უნდა ჰყავდეს. ჩვენ კი, ძალიან გვინდა  დანიელ ბაბუას შინ ვეწვიოთ და გავიცნოთ მისი ოჯახი. ასეც მოვიქცევით!..

შენიშვნა:

ჟურნალ "ისტორიანის" მარტის ნომერთან ერთად გამოცემული "დავით აღმაშენებლის" პირველი წიგნი უკვე ორი კვირაა, რაც გაყიდვაშია. თუმცა, ზოგიერთ პუნქტში დეფიციტი შეიქმნა.

ჩვენს მკითხველს ვაცნობებთ, რომ "დავით აღმაშენებლის" შეძენა მომავალშიც შეეძლება წიგნის მაღაზიებში. ხოლო ისინი, ვინც ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად "დავით აღმაშენებელს" გამოიწერენ, პირველ ტომს, დანარჩენ 7 ტომთან ერთად შეუფერხებლად მიიღებენ.