"ვითომ მართლა მიგვატოვეს?" - კვირის პალიტრა

"ვითომ მართლა მიგვატოვეს?"

ადამიანი ბუნების შვილი კია, მაგრამ ბუნების შვილთა შორის ალბათ ყველაზე დაუდევარი, ამიტომაც ესეც ალბათ ყოველთვის ასე იყო, - ადამიანი ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, როგორ აცმევდა, ასმევდა, აჭმევდა და არჩენდა ბუნება, ის კი ამის წილ, არაფერს უბრუნებდა, - ზუსტად ისე, როგორც უმადური შვილები - დედას.

ახლა ამბობენ, ამ დამოკიდებულების შედეგმა თავი უკვე იჩინაო. ამაზეც ალბათ გული მოგვდის, - რაღა ჩვენს დროშიო! მაგრამ არ უნდა მოგვივიდეს, - ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი და შთამომავლობასაც ასწავლოს, როგორ დაუბრუნოს ბუნებას სიკეთე. და როცა ეს ასე იქნება, მაშინ ბუნებაც დამშვიდდება და ჩვენც.

კაი ხნის კაცი არ ვარ, მაგრამ თბილისში ისეთი გაზაფხული არ მახსოვს, როგორიც შარშან იყო. ის კი მახსოვს, რომ ყოველ გაზაფხულზე, როცა თბილისის ბაღებში, სკვერებსა და ბულვარების გასწვრივ ყვავილები გაიშლებოდა, ათასნაირი ჭრელ-ჭრელი პეპლებით, ჭიამაიებით, ფუტკრებით, კრაზანებით დაიხუნძლებოდა. მერე მოფრინდებოდნენ სხვა მწერები და გვიან შემოდგომამდე ტკბებოდნენ მათი სურნელოვანი სუნითა და ნექტრით.

ფუტკარზე კი ბევრს არაფერს ვიტყვი, ისედაც ყველამ იცის, რომ გუნდებად დაბზუოდნენ ჩვენი ქალაქის გარეუბნებში. ჩვენს ქალაქს რომ ვახსენებ, იმიტომ კი არა, სხვა გარემოს ამბავი არ მაღელვებს, უბრალოდ, ვიცი, რომ ის ერთი პატარა ნაწილია ბუნებისა და საერთო სურათს ასახავს. ამ სურათში კი ყველაზე მეტად მერცხლებზე მინდა ლაპარაკი, - ვის არ უყვარს მათი ჭიკჭიკი, გულს გვიხარებს მათი ბუდეების დანახვა. ის თავის ბარტყებს ადამიანებთან იმდენად ახლოს ზრდის, გეგონება, გვეუბნება, უთქვენოდ ყოფნა არ შემიძლიაო.

შარშან კი რა მოხდა, - იმ ბუდეებში, რომელიც შარშანწინ თბილისში თითქმის ყველა კორპუსის სადარბაზოში ჰქონდათ მერცხლებს, ნახევარი არ დაბრუნებულა; რომელიც დაბრუნდა, ბარტყები არ გამოუჩეკავს, ისე მიატოვეს იქაურობა. მერცხლებმა ხომ ასე არ იციან! ისინი დათბობისთანავე გვესტუმრებოდნენ ხოლმე. ადრეულ გაზაფხულზე, მარტის მიწურულშიც მინახავს, აპრილში ხომ ყოველთვის იყვნენ. შარშან კი თითქმის მაისის დამლევს გამოჩნდნენ და თანაც, ძალიან ცოტა. გაწყდნენ თუ მიგვატოვეს? თუ მიგვატოვეს, რატომ? და თუ გაწყდნენ, რა მიზეზით? ვფიქრობ, ეს ამბავი, თუ კარგად დავაკვირდებით, შემაშფოთებელიცაა და მეცნიერულ შესწავლას მოითხოვს.

პატივისცემით, ავთანდილ ქურხული

P.S. მერცხლები ჩვენც გვიყვარს და ველოდებით ხოლმე. ამ გაზაფხულზეც ზუსტად ისევე დაველოდებით, როგორც ყოველთვის. ისიც გვადარდებს, რაც ბატონ ავთანდილს აწუხებს, იგივე წელსაც არ განმეორდეს. თუმცა, ალბათ იმის იმედიც უნდა ვიქონიოთ, რომ ბუნება ისე არ მოგვექცევა, როგორც ჩვენ ვექცევით. მოვლენის ანალიზისთვის კი მკვლევარ-ორნიტოლოგს, ბატონ ალექსანდრე აბულაძეს დავუკავშირდით.

- რასაც თქვენი მკითხველი ბრძანებს, ეს, სამწუხაროდ, არა მხოლოდ თბილისს შეეხება. მიზეზი ორი გახლავთ: ცხელი გაზაფხული ან ეკოლოგიური დაბინძურება. სხვათა შორის, ამ პრობლემას მეცნიერული გამოკვლევები მიეძღვნა ავსტრიაში, ფინეთსა და ლიტვაში. დადასტურდა, რომ მსგავსი მოვლენა ყველაზე მეტად სამხრეთ ევროპის ქვეყნებს შეეხო - ამ ქვეყნებმა 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მოჭარბებულად დაიწყეს უხარისხო საწვავის გამოყენება, ამან კი იქ ეკოლოგიური მდგომარეობა გააუარესა. ეს აისახა არა მხოლოდ ფრინველების, არამედ მწერების, უხერხემლო ორგანიზმების რაოდენობაზე.

მოდი, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთან ეს პრობლემა არა ეკოლოგიური კატასტროფით, არამედ ცხელი გაზაფხულით იყო გამოწვეული და ასეთი რამ წელს აღარ იქნება. შევეცადოთ, რომ ბუნებას მოვუფრთხილდეთ. ისე კი, მერცხლების მოფრენამდე მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი. დაველოდოთ. კაცი იმედით უნდა ცოცხლობდეს...