"მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გვაქვს" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გვაქვს"

ბიზნესმენები ჩივიან, საგადასახადო კოდექსის გამარტივება მხოლოდ სიტყვის და ტელევიზიების მასალაა, რეალურად კი ეს კანონი ძალიან დამძიმდაო. მართალია, ჩვენს იმ მკითხველს, რომელიც თავისი მცირე ბიზნესით ოჯახს ვაი-ვაგლახით არჩენს, ამ კანონების შესწავლის არც თავი აქვს და არც დრო, მაგრამ მან მისი სიმძიმე საკუთარ მხრებზე იგრძნო და ჩვენ გვთხოვს, ხელისუფლებას ხმა მივაწვდინოთ.

"ჩემო "კვირის პალიტრავ",  ყოველ ნომერს სიამოვნებით ვყიდულობ იმის მიუხედავად, რომ ჩემი შემოსავალი ის არის, რასაც თურქეთსა და სარფის საბაჟოს შორის ჩანთების თრევით ვიღებ. ბევრი არ გეგონოთ: ეს 500-600 ლარი მთელ ჩემს ოჯახს უნდა გავუნაწილო და ისევ უნდა დავბრუნდე თურქეთში; მაგრამ ღმერთს ამისთვისაც მადლობას ვწირავდი - გზა ხომ გამომინახა, ოჯახი რომ არ დამმშეოდა.

ახლა კი ეტყობა, ჩემი ხელისუფლება ამ გზასაც მიკეტავს. ჩანთებაკიდებულმა სარფის საბაჟოზე გავიგე, რომ თურმე  ისეთი კანონის ამოქმედებას აპირებენ,áმე და ჩემისთანებს რომ მშიერს დატოვებს. გამოუცხადებიათ, ამიერიდან სარფის საბაჟოზე ჩანთებით ტვირთის გადატანა აიკრძალება, მხოლოდ სატვირთო მანქანები შემოვა, ოპერატიულად შევამოწმებთ და იმავე დღესვე შინ გავუშვებთო.

ახლა მე ვეკითხები ჩვენს პარლამენტსა და პრეზიდენტს, - ჩვენ რა ვქნათ ჩვენი 500-600 ლარით, როგორ დავიქირავოთ ეს სატვირთო მანქანები და რა მივუტანოთ ჩვენს დაუსაქმებელ შვილებს. არ იცით, რა მდგომარეობა გაქვთ ქვეყანაში?..

იქნებ მართლაც არ იცით და არც გინდათ გაიგოთ, რა დღეშია ქვეყანა და ილუზიებით ცხოვრება გირჩევნიათ? მაგრამ როდემდე? ერთ დღეს ხომ ეს ყველაფერი იფეთქებს? იმ ასობით ქალს რატომ არ აჩვენებთ თქვენი ტელევიზიებით, რომელთაც ამ საბაჟოზე, თავიანთი ორი ჩანთით, გისოსებში ცხრა საათით შეაგდებდნენ და ცხოველებივით ეპყრობოდნენ?

თუკი ამის ჩვენება არ გინდათ, მაშინ გამოგვაყოლეთ ვინმე, რომ  ჩვენთან ერთად ღამე ქუჩაში ან ზღვის ნაპირზე გაათიოს, მერე ასეთი წვალებით ჩამოტანილი ტანსაცმელი ჩვენთან ერთად ქუჩა-ქუჩა გასაყიდად ატაროს და ის გეტყვით, რა დღეში ვართ. საკითხავია, მაშინაც ასე დაუნდობლად მოგვექცევით? ახლა რა ვქნათ? დიდი მადლობა, მაგრამ როდემდე გაგვწვდება თქვენი ნაჩუქარი 20-ლარიანი ვაუჩერი, რომ დენის ფული გადავიხადოთ?! თქვენთვის დაიტოვეთ.

ჩვენ კიდევ ისევ საკუთარი თავის იმედი გვაქვს.  ჩვენს  იმედზეა უპოვარი, ავადმყოფი და გაჭირვებული... ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ჩემო ხალხო, რომ ამისთანა პირობებში ერთმანეთის გვერდით დგომა შეგიძლიათ."

ს. ქართლელი