"ქვეშის ხიდი ჩვენი სოფლის იმედი იყო" - კვირის პალიტრა

"ქვეშის ხიდი ჩვენი სოფლის იმედი იყო"

ამ წერილს კონვერტზე "სასიცოცხლოდ საჭირო" ეწერა. სიმართლე გითხრათ, გახსნამდე კი ვიფიქრეთ, ასეთი რა უნდა იყოს, ალბათ რაიმე გაზვიადებულიო, მაგრამ სამწუხაროდ, შევცდით.

ქვეშელები თავიანთ დიდ ტკივილზე გვწერდნენ. "საზღვრისპირა" სოფელში სასიცოცხლოდ აუცილებელი ხიდი დანგრეულა, მაგრამ გამკითხავი არავინ არის.

ძვირფასო რედაქციავ, ალბათ იცით - შიდა ქართლის სოფელ ქვეშიდან აგვისტოს ომის დროს აწიოკებული მოსახლეობა გამოიქცა. საბედნიეროდ, მტერს დაუწვავი გადაურჩა სახლები და ხალხმაც თავის კერას მიაშურა. სხვათა შორის, ბევრი ჩვენგანი იმ დღეების კოშმარიდან ჯერაც ვერ გამოსულა, მაგრამ მაინც მადლიერია ღვთისა, რომ სადღაც, თავშესაფარში ძაღლუმადურ ცხოვრებას ისევ საკუთარ ჭერქვეშ დანის წვერზე ყოფნა ურჩევნია.

დანის წვერზე კი რატომაც ვართ, ალბათ ესეც ძალიან კარგად იცით, - უფლის გარდა ყველასგან მივიწყებული და მიტოვებული სოფელი ოკუპანტების ხახაშია მოქცეული და როდის რა უბედურებას დაატრიალებენ ამ სოფლის თავზე, არავინ იცის. ჩვენი პოლიცია კი პატრულირებს სოფელში, მაგრამ ოკუპირებული ზემო არცევის მხრიდან არანაირი დაცვის იმედი არ არის. ტირიფონის ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სრულიად დაუცველია. ახლა ერთი ქვაც აღმართში დაგვეწია, - თვეზე მეტია, ქვეში-ფლავისმანის გზაზე ხიდი ჩაინგრა. ამ ხიდზე გავლით დადიოდნენ ეუთოს დამკვირვებლები, პოლიცია, სასწრაფო დახმარების მანქანა.

ეს ხიდი ჩვენთვის მხოლოდ ხიდი კი არა, სოფლის იმედიც არის. ხიდის დანგრევამ უკვე მსხვერპლი მოიტანა, - ხიდი რომ დროულად აღედგინათ და სასწრაფო დახმარების მანქანა დაგვიანებით არ მოსულიყო, ეგებ, ახლა სოფლისთვის ძალიან საჭირო აგრონომი ოთარ ქონიაშვილი ცოცხალი ყოფილიყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, შიდა ქართლის გუბერნატორმა და მთავრობამ რომ მოინდომოს, ერთ დღეში აღადგენს ქვეშის ხიდს, მაგრამ...

საარჩევნოდ კი - ოღონდ ხმა მოგვეცით, რასაც გინდათ, იმას გაგიკეთებთო. სოფლიდან ხმათა 90%-ზე მეტი წაიღეს, მაგრამ არც გზა გვაღირსეს და არც კვალი. დაპირებული შეშის მოლოდინში კი ზამთარიც გაილია.

თუ ამ წერილს გამოაქვეყნებთ, მადლობას გეტყვით. გორის მთავრობაზე დიდი მთავრობაც ხომ არსებობს, - ეგება მათ წაიკითხონ. სოფელი ამბობს, - შევიკრიბოთ, გორში ჩავიდეთ და ქალაქის მთავრობა გამოვაფხიზლოთო.

ქვეშელები