"მინდა, ჩემს ხალხს დადებითი ემოციები ხშირად ჰქონდეს" - კვირის პალიტრა

"მინდა, ჩემს ხალხს დადებითი ემოციები ხშირად ჰქონდეს"

ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს უჩუმრად აკეთებენ. თუ კაცი დაფიქრდება, მიხვდება, რომ ქვეყანას ეს ხალხი ასულდგმულებს და ინახავს.

და ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და სადაც არ უნდა შრომობდნენ, მადლობა გვაქვს სათქმელი. ამ წერილის ადრესატებიც ასეთნი არიან - უბრალო მუსიკოსები, არსებობისთვის ფული ძლივს რომ ჰყოფნით და მაინც იღვწიან, რომ ცხოვრებით დაღლილ ადამიანებს ზოგჯერ მაინც აჩუქონ ბედნიერი წუთები.

განა არ ვიცი, რომ ჩემს ქვეყანაში იმდენი პრობლემაა, ხელოვნებაზე სალაპარაკოდ აღარ რჩება დრო, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებთ ჩვენი უნიჭიერესი მუსიკოსების კონცერტებს დაესწროთ, არასოდეს ამოგივათ თვალებიდან იმ ხალხის გაბრწყინებული სახეები, ვინც მათ კონცერტებს უსმენს. ჩვენს ქვეყანაში მუსიკოსს რა გააჩნია, მაგრამ საქმეში ჩახედულმა კაცმა ხომ მაინც იცის, ამის მიუხედავად რა თავდაუზოგავად შრომობენ, რათა კონცერტებზე მისულთ სიამოვნება მოჰგვარონ.

მით უფრო გულსატკენია, რომ ჩვენში შოუბიზნესის "ვარსკვლავები" ქებით ცაში აჰყავთ, კლასიკური მუსიკის შემსრულებლები კი მივიწყებული არიან. ესეც არაფერი... ნამდვილი ხელოვანები როგორმე აიტანენ უყურადღებობას. ამას რომ ვამბობ, გული არ მომითმენს ხელოვნებისთვის თავგანწირულთა მაგალითები არ გავიხსენო. პირველად ბეთჰოვენზე ვიტყვი: კაცი დაყრუვდა, მაგრამ მაინც ქმნიდა დიდებულ ნაწარმოებებს და უკრავდა.

მოდილიანი ორიოდე გროშისთვის (რომელიც არ ჰქონდა) ავაზაკებმა ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს, ის კი დამტვრეულ თითებზე დარდობდა - ვეღარ დავხატავო. სიკვდილის შემდეგ, ერთ საათში, მისმა შედევრმა, "ჟანამ", იგი მდიდარ კაცად აქცია(?!)...

არ ვიცი, ოდესმე გამდიდრდებიან თუ არა ჩვენი ორკესტრების მუსიკოსები, მაგრამ გარწმუნებთ, მათ კონცერტებზე ადამიანი სულით ისე მდიდრდება, კარგა ხანს საზრდოდ ჰყოფნის. მეც ერთ-ერთი მათგანი გახლავართ, ვისაც დიდი მაესტროს, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა ბედნიერება აჩუქეს. იმ დღეს დარბაზში იმდენი გაბრწყინებული თვალი იყო, გული მწყდება და მენანება, რომ მთელმა საქართველომ არ ნახა.

ვიცი, ეს შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მინდა, ჩემს ხალხს დადებითი ემოციები ხშირად ჰქონდეს. აღფრთოვანებულმა აღარ ვიცი, რომელ ერთზე მოგიყვეთ, - ბგერების ჯადოსნურობაზე თუ მუსიკოსების ვირტუოზობაზე, რაც ერთად ქმნის დიდ ზეიმს.

იმ საღამოს არა მარტო მოვისმინე, ვიხილე კიდეც ტრიუმფი, რისი მოწმეც კაცი ყოველთვის არ არის.

ფეხზე ამდგარი დარბაზი განუწყვეტელი ტაშით დაუსრულებლად იწვევდა სცენაზე ვირტუოზული კონცერტის არანაკლებ ვირტუოზ შემსრულებლებს.

ბრავო, მაესტრო! იხაროს თქვენმა ოქროს ხელებმა და ბევრი სიხარული, სიყვარული და მხნეობა მოუტანოს ჩვენს არც მთლად დალხენილ ქვეყანასა და ხალხს.

პატივისცემით, აკადემიკოსი ნიკო მუმლაძე