"ფერეიდნელებმა მითხრეს: ჩონ, ქართველები, მეჩეთში ნამაზს ქართულად ვუბნობთო" - კვირის პალიტრა

"ფერეიდნელებმა მითხრეს: ჩონ, ქართველები, მეჩეთში ნამაზს ქართულად ვუბნობთო"

ქართველები ერთად რომ ვმდგარიყავით, დედამიწას გადავატრიალებდით. თუმცა ცუდიც ბევრი გვაქვს, მათ შორის ისიც, რომ უცხოეთში წასულები ადვილად ვითქვიფებით სხვა ტომებში. რას ვიზამთ - ყველაფერი უცხო ჩვენთვის საუცხოოა.

მაგრამ დედამიწაზე მაინც არსებობს ქართველთა მოდგმა, რომელსაც ეს არ შეხებია. ესენი ფერეიდნელი ქართველები არიან. ოთხი საუკუნე თავანკარად შეინახეს ყველაფერი ქართული. ახლახან კი მათზე გამაოგნებელი ამბავიც მოგვწერეს.

მოგესალმებით, "კვირის პალიტრავ". ამ წერილს თქვენი მოყვარული კაცი გწერთ - ნოდარ კოჭლაშვილი. თქვენთან ფერეიდნელებზე ბევრჯერ მისაუბრია  - წარსულში არაერთგზის ვიყავი მივლინებული ირანში და ქართული ანბანიც სიხარულით შევასწავლე. სულ ორიოდ სიტყვით შეგახსენებთ, რომ მამაცი და ამაყი ქართველები ცბიერმა შაჰ-აბას პირველმა სწორედ იმ მიზნისთვის გამოიყენა, რაშიც ყველაზე მეტად გამოვირჩეოდით - ბრძოლაში.

ქართველებით დასახლებული ირანის განაპირა რაიონები ამ ქვეყანაზე გამოლაშქრებულ ქვეყნებს წინ ჯებირად აღუდგებოდნენ  ხოლმე. ერთადერთი, რასაც ფერეიდნელი ქართველობა წინ ვერ აღუდგა, გამუსლიმანება იყო. თუმცა მაჰმადიანობის საფარველქვეშ თითქმის უცვლელად შეინახეს ქართული გენი.

ახლა კი ჩემმა ფერეიდნელებმა ისეთი რამ მიამბეს, ყველაფერს ვიფიქრებდი, ამის გარდა, - მითხრეს: ჩონ, ქართველები,  მეჩეთში, ნამაზს (ლოცვას) ქართულად ვუბნობთო. ვიცი, რომ ფერეიდნელი ქართველები სიცრუის ხელოვნებას არ ფლობენ, მაგრამ იმდენად კარგად ვიცნობ ისლამის აღმსარებლობას და ვიცი, რომ შარიათის კანონებით ყველა ისლამური რიტუალი მხოლოდ და მხოლოდ არაბულ ენაზე სრულდება, ვიფიქრე, მომესმა-მეთქი და თავიდან ჩავეკითხე, - როდიდან ლოცულობენ მეჩეთში ქართულად-მეთქი. ახლა ხდებაო, - მიპასუხეს. აშურასაც ქართულად ვატარებთო.

აშურა მუსლიმანთა უდიდესი სამგლოვიარო რიტუალია, რომელსაც შაჰსეი-ვაჰსეის უწოდებენ. მისი წარმმართველი აუცილებლად ძლიერი ხმის პატრონი უნდა იყოს და თავის სანანულს გულში ჩამწვდომად მხოლოდ არაბულ ენაზე უნდა გამოხატავდეს. აქამდე ეს ასე იყო, ახლა კი ფერეიდანში ქართველებს ქართულად დაუწყიათ ლოცვა.

და ერთიც: ფერეიდნელი ქართველები წინაპრების საფლავებს ქართულად აწერენ "ცხონებულს" და - "შენი საფლავი ჩემი გულია".

გასაკვირველი აზრია ამ სიტყვებში ჩაქსოვილი ისე, როგორც ქართული ჯიშისა და ჯილაგის გაძლებაა გასაკვირი.