"ასეთ ბიჭს ხელი არ მივაშველოთ?!" - კვირის პალიტრა

"ასეთ ბიჭს ხელი არ მივაშველოთ?!"

ამდენი წელიწადია, ერთი ისეთი ბიჭის დარდი მაწუხებს, აუცილებლად უნდა მოგწეროთ. მისნაირი ბევრი რომ გვყავდეს, ქვეყანას აღარაფერი გაუჭირდებოდა. დიდ დიღომში ჩემ თვალწინ გაიზარდა, ჩემს შვილთან ერთად დაამთავრა სკოლა.

ხშირად გამიგონია და მეც მითქვამს, - დღევანდელი ახალგაზრდების რა იმედი უნდა გვქონდესო, მაგრამ ამ ბიჭმა და მისმა მეგობრებმა უკვე სხვანაირად მაფიქრებინეს. გაოგნდებით, როცა გეტყვით, როგორ შეძლო მიხეილ სეხნიაშვილმა სკოლის ოქროს მედალზე დამთავრება, უნივერსიტეტში ჩაბარება - 21 წლის არის და 8 წლიდან, როგორც თვითონ იზრდებოდა, ისე ეზრდებოდა ხერხემალზე სიმსივნე, ის კი ჯიუტად სწავლობდა. ჯერ არ შემხვედრია ვინმე, ასე დაებიჯებინოს ფეხი ტკივილებისათვის და სიცოცხლისთვის ებრძოლოს.

მაგრამ ასე როდემდე გაძლებს? ამას წინათ შვილს ვკითხე, მიშა სად არის-მეთქი და ვეღარ დადისო. არ იფიქროთ, გატყდა, - სანამ ცოტა სიარული შემიძლია, გამოცდების ჩაბარება უნდა მოვასწროო, მეგობრებს წაუყვანიათ უნივერსიტეტში და სამი გამოცდა ერთად ჩაუბარებია.

როგორ შეიძლება ასეთი ბიჭისთვის რაიმე არ იღონო? პირადად მე და მისი მეგობრებიც შეძლებისამებრ თავს არ დავზოგავთ. ამ ცამეტი წლის განმავლობაში მის ოპერაციაზე ყველა უარს ამბობდა და ახლა, როგორც ჩანს, ისე წინ წავიდა მედიცინა, ოჯახს თურქეთიდან და ისრაელიდან მოსწერეს, ოპერაციას გავაკეთებთ და კარგადაც ჩაივლისო.

ასეთ ოპერაციას რაც სჭირდება, ვიცით, მაგრამ ჩემი ხალხის კეთილი გულის ამბავიც ხომ ყველამ ვიცით.

პატივისცემით, ო. ბ.

გვინდოდა, ასეთი ძლიერი სულის ბიჭი თავად გაგვეცნო, მაგრამ დედამისმა, - ავადმყოფობაზე არასოდეს ლაპარაკობსო. რაც დედა, ის შვილი, - ჩვენ წინ უძლიერესი ადამიანი იჯდა.

- ქალბატონო ნინო, თქვენი შვილის დაავადებას რა ჰქვია?

- ზურგის ტვინის ფიბროგენული ასტროციტომა. 8 წლისას შევნიშნე - სიარული არ მომეწონა, ისე არაფერი ეტყობოდა. ტომოგრამა გადაუღეს და... - სიმსივნე იმდენად არის ჩაზრდილი ხერხემალში, ვერ შევეხებით, შეიძლება მაგიდაზე დარჩესო. 1992 წელს თბილისში გერმანელი ნეიროქირურგი ჩამოვიდა. ხელი მოგვაწერინა, - პრეტენზია არ გვექნებოდა, ოპერაციისას რაც უნდა მომხდარიყო. ბარძაყის კუნთები ხერხემალზე გადაუნერგა, რათა ხერხემლის მორჩი ძალიან არ დასწოლოდა სიმსივნეს. ამით დღემდე შეძლო სიარული... ძლიერი და ჭკვიანი შვილი მყავს. სულ ასეთი იყო.

პატარა დღეში თითო წიგნს ისე წაიკითხავდა, ხელიდან ვერ გამოვაცლიდი. უმცროს ძმას, თორნიკეს, სულ ედავებოდა, შენც უნდა იკითხოო. მეგობრებიც თავისნაირი ჰყავს. მის კლასში სამი ოქროსმედალოსანი იყო.

დღემდე რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ბინაც გავყიდეთ. საშველი მაინც არაა. ოპერაცია შედარებით იაფი, თუ ამას ასე ჰქვია, თურქეთში ჯდება, - 25 ათასი ევრო. ცოტა მაკლია ამ თანხის შესაგროვებლად.

- მერე რას იზამთ, სად იცხოვრებთ, რეაბილიტაციის ფული ხომ გინდათ...

- მაგის საფიქრალად არ მცალია. მთავარია, ჩემმა შვილმა იცოცხლოს!

P.S. ღმერთმა ყველა დედას უცოცხლოს შვილი, ჩვენ კი - იმედი, რომ თუ გაგვიჭირდა, ვინმე დაგვიდგება გვერდით. მათთვის, ვინც გვერდით დგომის ნიჭით დააჯილდოვა უფალმა, მიშა სეხნიაშვილის ანგარიშს ვბეჭდავთ:

ბანკი რესპუბლიკა GE31BR0000010503780370, ბანკის ბიც. კოდი: რეპლეგე 22. მიმღები მიხეილ სეხნიაშვილი.

(ზარი ერთ ლარად) მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი: 700-393. საკონტაქტო ტელეფონი: 35-45-23.