ვინ დააკისრა მიცვალებულებს ელექტროენერგიის გადასახადი(?!) - კვირის პალიტრა

ვინ დააკისრა მიცვალებულებს ელექტროენერგიის გადასახადი(?!)

"დიდხანს ვიკავებდით თავს, მაგრამ რაჭული მოთმინებაც კი არ გვეყო, გწერთ უაზრო დაპირებებით გაწამებული ხალხი. ვინაიდან ვერსაიდან მივაწვდინეთ ხმა პრეზიდენტს, ნება მოგვეცით, თქვენი გაზეთის საშუალებით  ვკითხოთ:- ბატონო პრეზიდენტო, არის თუ არა ზემო რაჭა საქართველო და თუ არის - მაშინ მოგვხედეთ!" - ეს წერილი რედაქციას ზემო რაჭიდან, ონის რაიონის სოფელ შქმერიდან გამოუგზავნეს და მას ხელს  მთელი სოფელი აწერს.

თინიკო სულთანიშვილი: - დენის გადასახადს, 20-30 ლარს (ქვითრები არასოდეს მოაქვთ) ყოველთვე ვიხდით, მაგრამ ყოველი წლის შემოდგომაზე ონის ელმეურნეობა 2.000-3.000-ლარიან გადასახადს გვაწერს და დღემდე ვერ გავარკვიეთ, რატომ. იქნებ აგვიხსნას ვინმემ, რატომ უნდა ჰქონდეთ დენის დავალიანება გასული საუკუნის 50-60-70-იან წლებში გარდაცვლილთ. მაგალითად, გიგო ბაბუას, რომელიც 1985 წელს გარდაიცვალა და მისი სახლიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს, ანდა უშვილო ცოლ-ქმარს, უშანგისა და ოლღას, რომელთა სახლიც მიწისძვრამ ჯერ კიდევ 1991 წელს დაანგრია? სოფელში 1 ან 2-სულიანი დაახლოებით 25 ოჯახი ვცხოვრობთ, ელმეურნეობაში კი 200-მდე დავალიანების მქონე პირის სია აქვთ. ამბობენ, სოცუზრუნველყოფამ მოგვაწოდაო.

შარშან, შუა ოქტომბერში დენი გამორთეს, ისევ მიცვალებულთა დავალიანებას გვედავებოდნენ. ამას დაემატა 200-ლარიანი დავალიანების ფურცელი "ენერგო პრო ჯორჯიას" ადმინისტრაციისგან, სადაც გვაფრთხილებენ, რომ თუ დავალიანებას არ დავფარავდით, საქმეს სასამართლოს გადასცემდნენ. გაფრთხილება  2008 წელს გარდაცვლილმა ანასტასია სულთანიშვილმაც მიიღო.

შალვა გლოველი: - გვეუბნებიან, დენი გზაში იკარგებაო, როდემდე უნდა ვიხადოთ გზაში დაკარგული დენის საფასური ან როდის დავფარავთ მიცვალებულთა დავალიანებას? რამდენჯერ დავურეკეთ "ენერგო პრო ჯორჯიას", ვინ იცის. რა გიშველოთო. დარეკავენ ონში, გაასწორეთ ხაზებიო და ეგ არის.

ჩვენ დავუკავშირდით სოფელ შქმერის გამგებელს ავთანდილ დაუშვილს:

- ასეთი რამ იმიტომ ხდებოდა, რომ საერთო მრიცხველზე მითითებული დავალიანება ნაწილდებოდა ყველაზე.

- მოსახლეობა ამბობს, რომ გადახდილი თანხების ქვითრებიც არა აქვთ.

- მე რაც მიმქონდა, იმის ქვითრებს მაძლევდნენ.

ონის რაიონის უბნის მენეჯერი ზურა ბურდილაძე: - შქმერელებს სექტემბერში დავალიანება ჰქონდათ. მანდ წარმოებაა, მადანი გამოაქვთ და მუშები მოსახლეობაში ჰყავთ დაბინავებული. ფაქტობრივად, მაგათი დამწვარი იყო 1.500 ლარი და დაფარეს კიდეც.

- შქმერელებმა რედაქციას წარუდგინეს ორი წლის წინ გარდაცვლილი აბონენტისთვის გაგზავნილი შეტყობინება, რომ მას 67 ლარი და 64 თეთრი დავალიანება ერიცხება.

- სოფელში კომუნალური მრიცხველი აქვთ. თვითონ მოსახლეობამ უნდა გაანაწილოს გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადი, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ამიტომ პროგრამა ავტომატურად ანაწილებს. ვინ მკვდარია თუU ცოცხალი, რა იცის პროგრამამ?

- ადამიანი გარდაცვლილი რომ არის, თქვენს მონაცემთა ბაზაში არ უნდა იყოს შეტანილი? ან როცა სახლი აღარ არსებობს?

- თუ რწმუნებულმა ცნობა არ ჩამოიტანა, რომ აბონენტი გარდაცვლილია, ჩვენ არა გვაქვს უფლება, აბონენტი გავთიშოთ. ყველას ვეუბნებით, ჩამოდით, დაწერეთ მოხსენებითი ბარათები, რომ ესა და ეს პირი გარდაცვლილია.

- სოფელი იმასაც ჩივის, რომ გადახდილი დავალიანების საფასურის ქვითრებს არ აძლევენ.

- ქვითრები ყოველთვის არის. რწმუნებულს შეუძლია წაიღოს ქვითრები. ქვითარში მითითებულია, რომ გადასახადი ყოველი თვის 15-20 რიცხვში უნდა დაიფაროს. თუ სოფლის წარმომადგენელი (რომელსაც გადასახადები ჩამოაქვს) დაარღვევს ვადას, თითო ოჯახზე 50-თეთრიანი ჯარიმა იწერება. 30-40-აბონენტიან სოფელში  20 ლარი ჯარიმად კომუნალურ მრიცხველს დაეწერება. ამიტომ სოფლის წარმომადგენლები ამ გაწერას რამდენიმე ადამიანზე აკეთებენ(?!). ახლა შქმერში სულ განულებულია გადასახადი, დავალიანება აღარა აქვთ.

ამ კომენტარის შემდეგ დავრწმუნდი, რომ რაჭული გულუბრყვილობა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია! ამ აბდაუბდას შქმერელებმა კი არა, ჩვენც ვერაფერი გავუგეთ. ის კი ცხადია, რომ საქმე შესწავლას მოითხოვს.